შანსი ირლანდიასთან, სიტუაცია "თარაზში" და მომავალი - ინტერვიუ ელგუჯა ლობჯანიძესთან

AutoSharing Option
"თარაზის" ქართველმა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ საქართველოს ნაკრებში უკვე 4 მატჩი გამართა.

193 სანტიმეტრის ცენტრალური თავდამსხმელი გიბრალტართან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო.

მანამდე კი ლობჯანიძემ ირლანდიასთან და დანიასთან შეცვლაზე ითამაშა.

ლობჯანიძეს ყაზახეთში დავუკავშირდით და სხვადასხვა თემაზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, დავიწყოთ ნაკრებით. ოქტომბრის სანაკრებო შეკრებაზე საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მოგეცათ. როგორ შეაფასებდით საკუთარ თამაშს?
- გეთანხმებით, საკმაო დრო მომეცა. ირლანდიასთან უფრო დადებითად შევაფასებდი ჩემ შემოსვლას. ალბათ, ერთ მომენტში თამაში კიდევ უფრო უკეთესადაც შეიძლებოდა. ხოლო გიბრალტართან, ვფიქრობ, არ იყო ის
თამაში, რასაც ჩემი თავისგან ველოდი და ვფიქრობ, გულშემატკივარიც.

მალევე ვიგებდით 2-ბურთიანი სხვაობით, რამაც ვფიქრობ, ცოტა მოგვადუნა. ისინი კი ისე იბრძოდნენ, როგორც არასდროს, თუმცა მოგება მოგებაა - 3 ქულა ჩაიწერა.

- ირლანდიასთან 84-ე წუთზე ძალიან კარგი მომენტი შექმენით, თუმცა გოლით ვერ დაასრულეთ. როგორი განცდა იყო და რამ შეგიშალათ ხელი?
- უკეთ შეიძლებოდა ამ მომენტში თამაში და დარტყმა, რაზეც ვიყავი მომართული, როგორც კი ეს მომენტი შეიქმნა. თუმცა ბოლო წამზე მოტყუება ვცადე და ვინანე.

- რა მოხდა გიბრალტართან, რატომ დაკარგა ნაკრებმა კონცენტრაცია?
- დიდი როლი ითამაშა თავიდანვე გატანილმა ბურთებმა და იმან, რომ გიბრალტარს ვეთამაშებოდით. ყველა მინიმუმ 3 ბურთით მოგებას, კარგ და მშრალზე თამაშს ელოდა.  დამეთანხმებით, უფრო რთულია ასეთ დროს თამაში. ამას დამატებული, ისინი ფეხბურთს არ თამაშობდნენ, არამედ ჩხუბობდნენ მოედანზე.

- რას ფიქრობთ, ამ ფორმაციის ნაკრებს შეუძლია ერთა ლიგის მოგება?
- ძალიან კარგი შემადგენლობაა ნაკრებში და რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ნაკრებთან ღირსეულად თამაში. თუმცა ვისურვებდი, რომ ყველა ფეხბურთელს მაქსიმუმი სათამაშო დრო ჰქონდეს - ტრავმების გარეშე, რაც ჩვენი დიდი პრობლემაა.

- საქართველოშიც გითამაშია - რუსეთშიც, მაგრამ ყაზახეთში შედეგის მხრივ საუკეთესო პერიოდი გაქვს. რამ განაპირობა ეს - ლიგის დონემ თუ პირადმა პროგრესმა?
- გეთანხმებით, კარგი სეზონი მაქვს. ყაზახეთში თამაში ადვილი არ არის. დონეს განსაზღვრავს ფეხბურთელი და თუ გადახედავთ კლუბების ლეგიონერებს, საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ასევე ბევრი კლუბი არის, რომლებსაც მაღალი დონის პირობები აქვთ.

ბევრი, ალბათ, იტყვის, ვინც უცოდინარია ფეხბურთში - "თარაზში" გაიტანს, რა დონე მანდ არისო, თუმცა "თარაზი" თავისზე მაღალი დონის გუნდებს ეთამაშება და ასეთ გუნდში უფრო რთულია თამაში და გატანა.

- როგორი კლუბია "თარაზი", უკეთესი სიტუაციაა ქართულ კლუბებთან შედარებით?
- რა თქმა უნდა, უკეთესი კლუბია. პირობები შეიძლება არ არის ისეთი, როგორიც სხვა ყაზახურ გუნდებში, თუმცა თავის დონეზე ყველაფერი არის, რაც ფეხბურთელს სჭირდება. ამიტომაც ვარ აქ და არა საქართველოში.

თუმცა იმდენი კეთდება და ისე სწრაფად იწევს დონე საქართველოშიც, რომ ბევრი დაიწყებს ფიქრს დაბრუნებაზე, რაც ძალიან სასიამოვნოა. ყველამ უნდა მიბაძოს "დინამო ბათუმს" და "დინამო თბილისს". აუცილებელია, ყველა კლუბს თავისი ბაზა ჰქონდეს.

- "თარაზი" გასავარდნ ზონაშია. როგორი იქნება თქვენი მომავალი? არის თუ არა დაინტერესება უფრო ძლიერი კლუბებისგან?
- პირველ რიგში, ვიბრძვით, რომ დავრჩეთ უმაღლეს ლიგაში. რაც შეეხება შემოთავაზებას, არის საკმაოდ კარგი ვარიანტები, თუმცა ჩემი მხრიდან არავისთან ჯერ არ ყოფილა სერიოზული მოლაპარაკება. დროც არის ჯერ და ვნახოთ. უფლის წყალობით, იმედიანად ვარ, რომ უკეთეს დონეზე ვითამაშებ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები ელგუჯას!
თამაზი
10:24 22-10-2019
1
2019 წელია. ფეხბურთელის ასაკის გაგება გინდა და ნეტავი რამდენი წლისააო...
გუგლის შესახებ მაინც არ გსმენიათ? 27 წლისაა ეგ ფეხბურთელი და ყაზახურ თარაზში თამაშობს. რა საქართველოს მომავალი თავდამსხმელი?
Wimbledon
01:08 23-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული