10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ხორვატიასთან მატჩში

AutoSharing Option
19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ეს საქართველოს ნაკრებისთვის წლის ბოლო მატჩი იყო.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებას.

გიორგი მაკარიძე 6.5 (7) - გაშვებულ გოლებში მაკარიძეს ბრალი არ მიუძღვის, მან ზუსტად ხუთჯერ გადაარჩინა ნაკრები და კარებში მაქსიმალურად სტაბილურად იდგა.

ოთარ კაკაბაძე 5.0 - ალბათ, ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი გუშინ იმაზე ლოცულობდა, რომ კაკაბაძის ტრავმა სერიოზული არ ყოფილიყო. ქართველმა მცველმა კოჭის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით, რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. ზუსტი პასუხი მალე გახდება
ცნობილი. კაკაბაძემ ხორვატებთან დაპირისპირებაში ერთი ძალიან კარგი მომენტი შექმნა, როდესაც ჯიღაურს გოლის გატანის შანსი შეუქმნა. იმ დროში, მან რაც მინდორზე გაატარა, რამდენიმე დუელი წააგო ივან პერიშიჩთან; ერთხელაც მაკარიძემ გამოასწორა კაკაბაძის შეცდომა.

გურამ კაშია 3.5 - ორივე გოლის მომენტში კაშიას ბრალეულობა დიდია. პირველ შემთხვევაში ავტოგოლი გაიტანა და მეორე შემთხვევაში ივან პერიშიჩს ვერ შეუშალა ხელი.

დავით ხოჭოლავა 4.5 - ხოჭოლავას ძალიან მოკლებული აქვს. ეს ხანგრძლივი უთამაშებლობის ბრალია. აკლდა რიგ შემთხვევაში სიხისტე, იყო პერიოდულად ინერტული და არადამაჯერებელი.

გიორგი ნავალოვსკი 4.5 - ის, რომ ნავალოვსკის ნაცვლად ბევრი ცენტრალური მცველი გამოიცადა მის პოზიციაზე, ეს გიორგის რეგრესის ბრალია. ის არც ზღუდე იყო დაცვაში და არც შეტევების წამომწყები.

გიორგი აბურჯანია 4.5 - კვლავ და კვლავ გვიწევს უთამაშებლობის პრობლემებზე საუბარი. აბურჯანიას თამაში ვეღარ პროგრესირებს. თუ მის და ჯაბა კანკავას თამაშს შევადარებთ, ძალიან დიდ სხვაობას დავინახავთ. აბურჯანია ნაკლებად ქმედითი იყო და შედეგიანობაც ძალიან მცირე ჰქონდა.

ვაკო გვილია 5 - არც გვილია იყო მოწოდების სიმაღლეზე, ქართველი ნახევარმცველისგან ბევრად ეფექტური თამაშები გვახსოვს. ერთადერთი, რითიც ამ შეხვედრაში დაგვამახსოვრა თავი, 35-ე წუთზე მან კარგად ჩაუწოდა ელგუჯა ლობჯანიძეს, თუმცა ფორვარდმა არაზუსტად დაარტყა.

ჯაბა ჯიღაური 4.5 - ბათუმელთა შემტევმა ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. პირველ ტაიმში ოთარ კაკაბაძის, ფაქტობრივად,  ნაჩუქარი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. შემდეგ კი, როდესაც კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაააყენეს. რატომ აკეთებს სლოვაკი ამას, როცა ეს მისი ამპლუა არ არის, გაუგებარია.

გიორგი პაპუნაშვილი 7.0 - პაპუნაშვილის ინდივიდუალიზმის ხარჯზე შევძელით გოლის გატანა. ქართველ ფეხბურთელს სასურველ ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური იყო. აღსანიშნავია მისი თამაში დაცვაშიც, ის ხშირად იხევდა უკან და ცდილობდა, თანაგუნდელებს დახმარებოდა.

ვაკო ყაზაიშვილი 5.0 - მეტი შეუძლია და მეტი გვინდა მისგან, მაგრამ პრაქტიკა თავისას აკეთებს, "დინამოს" ბაზაზე ვარჯიში იდეალურ ფორმაში ვერ გამყოფებს. პირველ ტაიმში თუ გარკვეული აქტიურობა შეინიშნებოდა მისგან, მეორე ტაიმში თითქმის აღარ ჩანდა. სასურველი იყო, უფრო ადრე შეეცვალათ.

ელგუჯა ლობჯანიძე 5.0 - თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოუგო ხორვატ მცველებს მაღალ ბურთზე, რაც ამ კომპონენტში მის შედეგიან ქმედებებზე მეტყველებს. თუმცა პოზიციის შერჩევა უჭირდა, თამაშგარეშიც რამდენჯერმე მოხვდა. ელგუჯას თუ უკეთესი სათამაშო ასპარეზი მიეცა, ვიდრე "თარაზია", შეიძლება უფრო დაიხვეწოს რაც მის და სანაკრებო ინტერესშიცაა.

ცვლილებები

ლევან შენგელია 4 - იმდენ დროს, რაც ლევან შენგელიას ნაკრებში მიეცა, ბევრი ფეხბურთელი ინატრებდა. გიბრალტართან თამაშის გარდა, ფაქტობრივად, მას სხვა მატჩებში არაფერი გაუკეთებია. ხშირად თანაგუნდელების ნაშრომსაც აფუჭებდა. ხორვატიასთან მატჩშიც შემოქმედებითობა არ ჰქონდა. იმდენი აქო ქართველმა გულშემატკივარმა მისი ძლიერი დარტყმა, ბოლოს ისე დაარტყა, ხორვატ სტიუარდებს ბურთი საძებნელი გაუხდათ.

ბაჩანა არაბული - იმ დროს შემოვიდა მოედანზე, როცა ხორვატებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და ბურთი თითქმის მასთან არ მიდიოდა. განსაკუთრებული არც არაფერი გაუკეთებია და არც გაუფუჭებია.

ოთარ კიტეიშვილი - მეორე ტაიმში განსაკუთრებული პრობლემები საყრდენ ზონაში შეგვექმნა, ხორვატები შეტევას-შეტევაზე ქმნიდნენ და შეიქნა ისეთი ფეხბურთელის საჭიროება, რომელიც მათ შეტევებს ხისტად ჩაშლიდა. რომ ვთქვათ, ეს "კიტეს" გამოუვიდაო, ტყუილი იქნება, მაგრამ შედარებით უფრო შეუზღუდა სივრცეები და ჩვენი თამაშიც მეტ-ნაკლებად კალაპოტში ჩადგა. ასევე, რამდენჯერმე შეტევაც გაამწვავა და ბოლოს გოლის გატანაც შეეძლო, რომ არა ბადელის მკერდი.

გია გრიგალავა - უფრო ადრე იყო შემოსაყვანი, ვიდრე მე-80 წუთზე, რადგან ცენტრალურ დაცვაში ბევრი პრობლემა გვქონდა და გაძლიერება გვჭირდებოდა.

გიორგი ქვილითაია - თამაშის გადასარჩენად შემოვიდა, თუმცა მინიმალური დრო ჰქონდა ამისთვის.

გიორგი ხარაიშვილი - 87-ე წუთზე ხარაიშვილის მინდორზე შემოყვანა არის დანაშაული. განა რა დააშავა ამ ბიჭმა ასეთი, რომ ვაისმა ის მხოლოდ სტატისტად გამოიყენა?

ვლადიმირ ვაისი 5.5 - ასეთი თამაშების მოგებას სლოვაკს ვერ მოსთხოვ, თანაც სტუმრად - თანაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტთან. მერე რა, რომ თითქმის მეორე შემადგენლობით ითამაშეს? თერთმეტივე ფეხბურთელი, რომელიც მინდორზე იყო, ბევრად უკეთეს გუნდებში თამაშობს, ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები. შედეგიც ლოგიკური იყო...

მთავარი კითხვაა, თუ რა მოგვცა ამ თამაშმა? დაცვის ფლანგებზე ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს, ოთარ კაკაბაძეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სათადარიგო ფეხბურთელი, გიორგი ნავალოვსკი კი შემცვლელ ფეხბურთელად უნდა მოვიაზროთ. სასურველია, ვაისის ქართველმა ასისტენტებმა მიაწვდინონ სლოვაკს ხმა, რომ დააკვირდეს ამირან სანაიას თამაშს, ეგება ის უფრო უკეთესი გამოდგეს დაცვის მარცხენა ფლანგზე.

ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არ აქვთ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ძირითადში არ უნდა თამაშობდნენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში იგულისხმება პრობლემური პოზიციები.

სლოვაკმა ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ ყველა ფეხბურთელის ყველა თამაშს უნდა უყუროს, რათა ნახოს, სანაკრებო დონეს რომელი ფეხბურთელი აკმაყოფილებს. ცნობადობით მოწვეული ფეხბურთელები შედეგს არ დებენ. ეს ხორვატიასთან მატჩშიც ვნახეთ. ოცდასამივე ფეხბურთელი მზად უნდა იყოს მატჩში ჩართვისთვის, ტურისტები ნაკრებში საჭირო არ არის...

მკითხველის კომენტარები / 10 /
სანამ ეს ხალხი იქნება ფედერაციაში არც ვაისი იქნება გაშვებული და არც შედეგი გვექნება... ყველას გვიხაროდა ყოფილი წარმატებული ფეხბურთელები მოვიდნენ ფედერაციაში და ეხლა გვეშველებათქო მაგრამ რად გინდა, ყველაფერი წავიდა უარესობისაკენ... ჩემპიონატი რას გავს კი ხედავთ, ნაკრები ხო საერთოდ რას თამაშობს არავინ იცის, ან ეს ვაისი ვისი პროტეჟეა კაცმა ყველაფერი წააგო ყველასთან და მაინც ზის კარგად. ახლა არ დაიწყოთ ზოგიერთებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ხომ გაგვიყვანაო, ხო მეტოქეები გერმანია და ინგლისი გვყავდა... ყველა იმ ბავშვის იმედადაა ჩაკვეტაძეს ვგულისხმობ რათქმა უნდა და რომ ვერ მოასწროს ფორმის აღდგენა , მერე რა ან ვინ გვიშველის ეს მშიშარა ვაისი თუ კობი და მისი კომპანია??? მაინც ვერ გავიგე ცხადაძეს რას ერჩოდენ , თუ ეს ძველი წყენა იყო ალბათ...
Maximus
14:46 20-11-2019
12
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მოგებას არავინ ავალდებულებდა ჩვენ ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ნაკრებიდან ხორვატიაში 2-3 კაცი თუ თამაშობდა, მაგრამ იმას რასაც გუშინ და საერთოდ ბოლო პერიოდია ჩვენი ნაკრები აკეთებს, თამაში ნაღდად არ ქვია. ამ საცოდაობით, უბედურებით და მარაზმით !!!! რასაც ნაკრები?! აჩვენებს თითქმის ყველა ნაკრებთან (მათ შორის ანდორასთან და გიბრალტართან გასვლაზე), ერთა ლიგის ფინალი მოვიგოთ კი არა, დიდი ალბათობით ფინალში შეიძლება ვერც გავიდეთ სამწუხაროდ. ვისაც ეს ეხება იმას მემგონი პრინციპულობა სიჯიუტეში ეშლება მაგრად და არანაირად არ უნდა იმის დანახვა, რომ ერთა ლიგაზე თუ საბოლოვი წარმატების მიღწევა გვინდოდა (ეხლა უკვე გვიანია, ახალი გუნდის შესაქმნელად არც დრო და არც თამაშები აღარ დარჩა) მწვრთნელი უნდა შეცვლილიყო. მორიგი იმედგაცრუების შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ ერთა ლიგაზე გველის, ურემი კიდევ ერთხელ რომ გადაბრუნდება, მერე დაიწყებენ თავიდან, არაფრისმომცემ და ყალბ სჯა-ბაასს ვაი ეს რა დაგვემართა და როგორ დაგვემართაო !!!!! მართლა ვინ დაგვწყევლა რა, ეს რა ჭირი გვჭირს!!! ვისაც ოდნავ მაინც არ ეზარება ყველა გვიგებს. და ბოლოს ერთი რამ არის საინტერესო: როდემდე ?!
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული