ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბელარუსის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი იური კოვალიოვი სოლიგორსკის "შახტიორიდან" ტულის "არსენალში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც ქართველი მცველი გია გრიგალავა იცავს. myslo.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში მას "ჯვაროსნებთან" მომავალ მატჩზე დაუსვეს კითხვა.
- სოლიგორსკიდან ეროვნულ ნაკრებში გიხმეს...
- ამას ნებისმიერი ფეხბურთელი ელის. განუმეორებელი ემოციებია. როდესაც საფრანგეთის ნაკრებთან თამაშობ, სტადიონზე 80 000 მაყურებელია და შენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს. შენი ქვეყნისთვის გინდა ბოლომდე დაიხარჯო.
- თქვენ ხომ კიდევ გაქვთ ევრო 2020-ზე გასვლისთვის ბრძოლის შანსი, ამისათვის თავიდან საქართველო უნდა დაამარცხოთ...
- მე ვთვლი, რომ შანსები 50/50-ზეა.
მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, საქართველო მაინც არც ჰოლანდიაა და არც გერმანია, რომლებიც ჩვენთან ჯგუფში იყვნენ. შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით.