პრობლემები, კონკურენცია, შესაძლებლობები - რა მდგომარეობა გვაქვს ერთი თვით ადრე?

AutoSharing Option
დღეს 26 თებერვალია და მარტის 26-მდე ერთი თვე გვაშორებს. როგორი მდგომარეობაა დღევანდელი გადმოსახედიდან და როგორ შეიკვრება სამარტოდ ნაკრები, შევეცდებით, ამ სტატიაში შემოგთავაზოთ.

მწვანე ფერი აღნიშნავს პოზიციის მთავარ კანდიდატურას, ნარინჯისფერი აღნიშნავს შესაძლო კანდიდატურას და წითელი ფერი - გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში გამოყენებულ ფეხბურთელს.

ვლადიმირ ვაისი, ძირითადად, 4-2-3-1 ტაქტიკას იყენებს, სქემაც შესაბამისად არის შედგენილი. სიაში მოცემულია ის ფეხბურთელები, ვისაც ვაისი ძირითადად ეყრდნობა.


მეკარეები - 1

  • გიორგი ლორია - ვლადიმირ ვაისის რჩეული მეკარეა. აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა "ანორთოსისში". თუ გიორგი ფორმაში იქნება, სლოვაკი მას არ ჩაანაცვლებს.
  • გიორგი მაკარიძე - აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა "სეტუბალში", თუმცა ვლადიმირ ვაისი მას პირველ მეკარედ არ განიხილავს.
  • როინ კვასხვაძე / ლაზარე კუპატაძე -
    29 თებერვლიდან იწყება ეროვნული ლიგა და მას შემდეგ მიეცემათ სათამაშო პრაქტიკა. ეს ის მეკარეები არიან, რომლებსაც ნაკრების თავკაცი კარგად იცნობს.

დაცვის მარჯვენა ფლანგი - 1

  • ოთარ კაკაბაძე - ოთარმა ახლახან განაახლა ვარჯიში. მისი სამარტო ფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი სრულფასოვანი შემცვლელი ნაკრებს ამ ეტაპზე არ ჰყავს. მიეცემა თუ არა მას კლუბში სათამაშო დრო სანაკრებო პაუზამდე, ეს რთული სათქმელია.
  • გურამ კაშია -"სან ხოსეს" მცველს აქვს მარჯვენა მცველობის გამოცდილება, თუმცა ამ პოზიციაზე  იდეალური არ არის.
  • ლევან გეგეჭკორი - ლევანს ვაისის ფორმაციის ნაკრებში ამ პოზიციაზე უთამაშია, თუმცა ბოლო პერიოდში პროგრესი არ ჰქონდა. თუ როგორ შეხვდება ახალ სეზონს, ამას მომავალ თვეში ეროვნულ ლიგაში მისი ასპარეზობა გვიჩვენებს.
  • ჯაბა ჯიღაური - ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ვარიანტი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჯიღაურის დაყენებაა, რომელიც სლოვაკმა რამდენჯერმე გამოსცადა და ამ გადაწყვეტილებას სასიკეთო ჩვენი გუნდისთვის არაფერი მოუტანია.

ცენტრალური დაცვა - 2

  • საბა კვირკველია - მოსკოვის "ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლობაში ნელ-ნელა დაიბრუნა ადგილი. ერთ თვეში, წესით, სრულფასოვნად მზად უნდა იყოს.
  • გია გრიგალავა - ბოლო სანაკრებო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. გიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს ტულის "არსენალში".
  • გურამ კაშია - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნისა და ვაკო ყაზაიშვილის მთავარი პრობლემა "სან ხოსეს" შემადგენლობაში 22 მარტს გასამართი მატჩია, რის შემდეგაც ისინი საქართველოში უნდა გამოფრინდნენ. მოგეხსენებათ, ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ არის, ვაკოსა და გურამს ძალიან დამღლელი გზა ელით.
  • დავით ხოჭოლავა - ბოლო ორი შეხვედრა "ბენფიკასთან" და "დესნასთან" არ გამოჩენილა. ფეხბურთელის "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშაა.
  • ჯიმი ტაბიძე - ახალგაზრდა ფეხბურთელი "უფას" შეუცვლელი წევრია, თუმცა, დიდი ალბათობით, დაცვის ცენტრში ვერ ვიხილავთ, რადგან სხვა პოზიციაზე იქნება.

დაცვის მარცხენა ფლანგი - 1

  • ჯიმი ტაბიძე - პოზიციით ცენტრალური მცველი მთავარი კანდიდატურაა ფლანგზე თამაშის, რადგან ამ პოზიციაზე კონკურენცია თითქმის არ გვაქვს. ჯიმი დაცვაში კარგია, თუმცა ფლანგიდან შეტევის გამწვავება უჭირს.
  • გიორგი ნავალოვსკი - 33 წლის მცველმა ბოლო წლებია მოუკლო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არცთუ ისე მაღალი იყო. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ვაისი მას უხმობს.
  • ლევან ხარაბაძე - საზარდულის ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უცნობია, თუ რამდენად შეძლებს სანაკრებო პაუზისთვის მზადყოფნას.
  • დავით ხოჭოლავა/გია გრიგალავა - ითამაშებენ გამოუვალი მდგომარეობის დროს.
ცენტრალური/საყრდენი ნახევარდაცვა - 2

  • ჯაბა კანკავა - "ტობოლი" 3 მარტს განაახლებს ასპარეზობას. ნაკრების კაპიტანი საუკეთესო ჩამშლელია "ჯვაროსნებში".
  • ოთარ კიტეიშვილი - ბოლო სანაკრებო მატჩების დროს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დიდი ალბათობით, ვლადიმირ ვაისი კვლავ იმავე პოზიციაზე დააყენებს.
  • ვაკო გვილია - "ლეგიას" ნახევარმცველი კარგ ფორმაშია, ვაკომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა.
  • ნიკა კვეკვესკირი - ჯაბა კანკავას მსგავსად, ისიც 3 მარტს დაიწყებს სეზონს.
  • გიორგი აბურჯანია - ბოლო პერიოდი 25 წლის ფეხბურთელი "ტვენტეში" პროგრესირებს და სულ ძირითად შემადგენლობაშია, ეს კი მის თამაშზე დადებითად აისახება.
  • მურთაზ დაუშვილი - "ანორთოსისის" შეუცვლელი წერია, კვიპროსული გუნდისთვის ის საიმედო საყრდენი ნახევარმცველია და საჭიროების შემთხვევაში ნაკრების დახმარებაც შეუძლია.
  • ლაშა პარუნაშვილი - მძიმე მდგომარეობა აქვს "ესბიერგს", კლუბი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. მიმდინარე სეზონი არც გუნდისთვის და არც ლაშასთვის არ არის წარმატებული.
შემტევი ნახევარდაცვა - 3

  • გიორგი ჩაკვეტაძე - "გენტის" ბოლო დაპირისპირებაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ჯერ კიდევ ვერ არის სასურველ ფორმაში, თუმცა, თუ იეს ტორუპის ნდობას დაიმსახურებს, ნაკრებში კვლავ მთავარი კოზირი იქნება.
  • ვაკო ყაზაიშვილი - ნაკრების შეუცვლელი წევრია, სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, ყველაზე სტაბილური. კაშიას მსგავსად, მისი მთავარი პრობლემა ხანგრძლივი მოგზაურობა იქნება.
  • ზურიკო დავითაშვილი - დღევანდელი მდგომარეობიდან რთულია განსაზღვრო, ვინ იქნება შეტევაში მესამე. სლოვაკს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ენდოს ახალგაზრდა დავითაშვილს თუ არჩევანი ძველ და გამოცდილ გვარდიაზე გააკეთოს. ზურიკო დავითაშვილმა ამხანაგურ შეხვედრებში "რუბინის" შემადგენლობაში თავი კარგად წარმოაჩინა.
  • ჯანო ანანიძე - "ანორთოსისში" გადასვლის მიუხედავად, ანანიძე ჯერ კიდევ ფორმაში ვერ არის. თემურ ქეცბაია აძლევს მას სათამაშო დროს, თუმცა ჯანო თავის წარმოჩენას ჯერ ვერ ახერხებს.
  • თორნიკე ოქრიაშვილი - ჯერჯერობით ისიც ვერ ბრწყინავს კვიპროსულ კლუბში. თუმცა თორნიკე კლუბსა და ნაკრებში ყოველთვის სრულიად განსხვავებული ფეხბურთელი იყო. უთამაშებლობის პერიოდშიც კი მნიშვნელოვნად გაუძლიერებია ნაკრები.
  • ოთარ კიტეიშვილი / ვაკო გვილია - ამ ფეხბურთელებს შეტევით ფაზაშიც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
  • გიორგი ხარაიშვილი - ხარაიშვილი "გეტებორგის" ლიდერი და გუნდში ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მას ნაკლებად ენდობა.
  • საბა ლობჟანიძე - დანიის საფეხბურთო ჩემპიონატს თურქეთის უმაღლესი ლიგა ჯობია. "ანკარაგუჯუში" გადასვლის შემდეგაც საბა ახალ გუნდშიც გამორჩეული ფეხბურთელია. განსაკუთრებულად ეფექტიანი შეხვედრა "ფენერბახჩესთან" დაპირისპირების დროს გამოუვიდა.
  • ლევან შენგელია - "ქონიასპორში" აქვს სათამაშო დრო, ბოლო 4 შეხვედრაა ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა ჯერჯერობით, სტატისტიკურად ვერც ის და ვერც კლუბი ვერ ბრწყინავს.
  • ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინში" სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის და ამხანაგურ შეხვედრებშიც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
  • გიორგი მერებაშვილი - 33 წლის ფეხბურთელმა "პლოცკის" შემადგენლობაში ბოლო სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. საჭიროების შემთხვევაში გიორგი ნაკრების დახმარებას შეძლებს.
  • გიორგი პაპუნაშვილი - ჯერჯერობით ვერც "რასინგში" გადაბარგების შემდეგ ახერხებს თავის რეალიზებასა და სტაბილურად თამაშს.
  • ვახტანგ ჭანტურიშვილი - ჩეხეთში სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის, თუმცა "ზლინის" შემადგენლობაში ჩემპიონატში 16 მატჩში 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
  • ჯაბა ჯიღაური - მისი მიმდინარე შესაძლებლობები ეროვნული ლიგის დაწყების შემდეგ გამოჩნდება.
ფორვარდი - 1

  • გიორგი ქვილითაია - თუ გიორგი ფორმაში იქნება, ის ამ დროისთვის ამ პოზიციაზე უკონკურენტოა. "გენტის" ბოლო შეხვედრაში "სენტ ტრიუდენთან" პირველი ორი გოლის მთავარი შემოქმედი იყო. პირველ შემთხვევაში პენალტი მოიპოვა და მეორე შემთხვევაში თვითონ გაიტანა.
  • ვაკო ყაზაიშვილი - იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ფორმაში არ იქნება, ვაისი ნაცნობ სქემას მიმართავს და ვაკოს ყველაზე წინ ათამაშებს. ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული შედეგი არასდროს მოუტანია, თუმცა, სხვებთან შედარებით, გამოცდილია.
  • ბუდუ ზივზივაძე / ნიკა კაჭარავა / ელგუჯა ლობჯანიძე / ბაჩანა არაბული - ეს ფეხბურთელები, ძირითადად, ერთი შესაძლებლობის მქონე მოთამაშეები არიან და ვინ იქნება მათ შორის უკეთესი, მომავალ თვეში შედეგიანობით გამოჩნდება.
  • თორნიკე ოქრიაშვილი / ხვიჩა კვარაცხელია - ეს ის შემთხვევა იქნება, როცა ნაკრები განსაკუთრებით გამოუვალ მდგომარეობაშია. ორივე ფეხბურთელს აქვს ამ პოზიციაზე თამაშის მცირე გამოცდილება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ყველა რატომღაც ჩვენი ნაკრების თავდასხმას ახსენებს და ამ დროს დაცვაში გვაქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, ფაქტიურად ოპტიმალურ ფორმაში არც ერთი მცველი არ იმყოფება. იმედია მოედანზე თამაშს ისე მაღლა ავწევთ, რომ მოვაცილებთ საკუთარ საჯარიმოს და ამით დაცვის ხაზს დატვირთვას ავარიდებთ. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ბევრია დამოკიდებული ლატერალებზე, რაც დღესდღეისობით ჩვენს ნაკრებს ფაქტიურად არ გააჩნია, ამიტომ ძირითადი ტვირთი საყრდენებზე წამოვა, როგორც ჩაშლაში ასევე შეტევის წამოწყებაში, ერთგვარი ჭურვების მიმწოდებლები იქნებიან ქვემეხამდე.
ირაკლი
14:54 26-02-2020
0
ძალიან კარგი ფეხბურთელები წამოვიდნენ ახალგაზრდები რომლებსაც შეუძლიათ კარგ დონეზე თამაში 5 6 წლის წინ ძაან მძიმე მდგომარეობა იყო არ გვყავდა ფეხბურთელები მახსოვს ერთი ოქრიაშვილისიმედზრ ვიყავით რომ იმას რამე გაეკეთებინა და დღეს უკვე ასე აღარ არის საბედბიეროდ
გიო
17:07 26-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული