ვაისისა და ნაკრების ტრაგედია, ანუ წარუმატებელი უვერტიურა

AutoSharing Option
ასე ახლოს იყო საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლასა და ერთა ლიგაზე B დივიზიონში გადასვლასთან და 3 დღეში ყველაფერი დასამარდა. მეხის გავარდნას ჰგავდა ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსით დაინფიცირებაზე გავრცელებული ცნობა, რადგან გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში მთელი იმედები მასზე იყო დამყარებული. ამ გუნდში ახლა ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი გახლდათ ლევან შენგელიას გამოკლებაც. ვიღაცამ სცენაზე როიალი უნდა აიტანოს, ვიღაცამ ამ როიალზე ნაწარმოები შეასრულოს. ორივე საჭიროა, ამტანიცა
და შემსრულებელიც. თუ უხეშად ვიტყვით, ჩვენ პიანისტის გარეშე დავრჩით და რა გასაკვირია, რომ კონცერტი ჩავარდა. თუმცა, არსებულ სიტუაციაშიც კი შეიძლებოდა არ ჩავარდნილიყო.

საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია ვლადიმირ ვაისი, ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ - შეცვლებს აგვიანებს და მიხვდა, კვარაცხელიას გამოკლება რას ნიშნავდა. 5 წელი ამ ფეხბურთელებთან მუშაობდა და მშვენივრად უწყის, ვინ ვინ არის, ვის რისი შნო და მარიფათი აქვს, გაქცევა როგორ უჭირთ და კარში ზუსტად დარტყმა. ბოლო 7 მატჩში "ჯვაროსნებმა" (5 ერთა ლიგაზე და ევროპირველობის ნახევარფინალსა და ფინალში) 7 გოლი გაიტანა, აქედან 3 პენალტით და 1 კვარაცხელიამ. მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს 7 მატჩში კვარაცხელიას გარდა ფეხბურთელებმა თამაშიდან და იმ 3-დან 1 ხვიჩას პასით გაიტანა კაჭარავამ. 2 თერთმეტმეტრიანი ხვიჩამ მოიპოვა. გუნდს არ ჰყავს სწრაფი შემტევი, შემქმნელი ფეხბურთელი. ამიტომ არ უხსნიდა დანა პირს ვაისს მაკედონიასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

არც მაკედონიისა და სომხეთის გუნდები არიან ვარსკვლავებით დაკომპლექტებულნი - საქართველოსთან ერთად ეს სამეული საშუალოზე დაბალი კლასისაა. მარტივად ავხსნათ: არის A, B, C და D ლიგები. საქართველოს ნაკრები D ლიგიდან C ლიგაში გადავიდა. მოდით, საგნებს თავისი სახელები დავარქვათ - ეს დიდწილად ჩაკვეტაძის დამსახურება იყო, რადგან ჩვენს მეტოქეებს არ ჰყავდათ მისი დარი მოთამაშე. გამოგვაკლდა გიორგი, თუმცა გამოჩნდა კვარაცხელია და მაინცდამაინც გადამწყვეტ მომენტში დაინფიცირდა. თითქოს განგებამ სპეციალურად ასე ინება და ჩვენს გუნდს მთელი ნაშრომი ერთბაშად წყალში ჩაეყარა.

შეიძლებოდა თუ არა არსებულ ვითარებაში ბოლო 2 შეხვედრის მოგება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. პირველ 2 თამაშში ვაისის კრებულმა პირწმინდად დაჯაბნა მაკედონია და მესამეშიც შეეძლო გამარჯვება, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ისე არია, რომ თამაშის დალაგება ვერ მოახერხა. მყისებრ მოიშალა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად მიღწეული სათამაშო დისციპლინა. მოწინააღმდეგემ გამოცდილების ხარჯზე მოიგო, რადგან რაც უნდა იყოს, მისი რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენსაზე უკეთეს გუნდებში თამაშობს, თორემ როგორც გუნდი, არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს - სადაც 37 წლის გორან პანდევი მეგავარსკვლავია. რაც შეეხება სომხეთთან წაგებას, ჩვენი ნაკრები უკვე დემორალიზებული გავიდა მოედანზე და გამოჩნდა, რომ ვაისს სულ ტყუილად უკიჟინებდნენ ზოგიერთი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას. ბევრს მიეცა ბოლო მატჩში თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ნათლად დავინახეთ, როგორ ფორმაშიც იმყოფებიან. ჩვენ კი სულ უცხოური კლუბების ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს ვადანაშაულებთ, რომ ქართველ ლეგიონერებს შანსს არ აძლევენ, ზოგიერთი ქვეყანა მათი საფეხბურთო სასაფლაოა და ა.შ. რომელი კლუბის ხელმძღვანელი და გუნდის მწვრთნელი არ მისცემს გასაქანს კარგ ფეხბურთელს? ვინაა საკუთარი თავისა და ჯიბის მტერი? თემას გადავუხვევ და ერთ ფაქტს აღვნიშნავ - რამდენიმე ლამის ორმეტრიანი ცენტრალური მცველი გვყავს. თქვენ გახსოვთ სტანდარტულებისას მათ მიერ გატანილი გოლი? გოლს თავი დავანებოთ, კარში დარტყმული თუ გახსენდებათ?

სომხეთთან მატჩის წინ კამერამ ახლო პლანიდან ვაისი რამდენჯერმე დააფიქსირა. სახე ჰქონდა წაშლილი. ის ასეთი არასოდეს მინახავს, განწირულს ჰგავდა. მან იცოდა, რაც ელოდა.

და დავრჩით ევროპირველობის გარეშე, ჩავრჩით C ლიგაში. ამ ლიგაში დარჩენა კი შესაძლოა, პრაქტიკული თვალსაზრისით უარესი სულაც არ იყოს. ახლა მთავარია, რა იქნება მომავალში, ვის დანიშნავენ მწვრთნელად, რა დღეში ჩავაგდებთ მას პირველივე წარუმატებლობისას და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, ის უცხოელი იქნება თუ ქართველი. აგრესია უცბად წამოვა (მით უმეტეს, საქმეში პოლიტიკაც ჩაერია), რამეთუ ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც. ეს ცხადზე ცხადია. სამწუხაროდ, უახლოეს რეზერვშიც არ ჩანან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებს რეალურად გააძლიერებენ. არავინ იცის, ჩაკვეტაძე როდის ჩადგება ფორმაში, იმედისმომცემი გიორგი არაბიძეც გაქრა საფეხბურთო რადარებიდან. იქნებ გიორგი მიქაუტაძის ჩვენს გუნდში თამაშზე დაყოლიება მოახერხოს ფედერაციამ და ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყოს. თუმცა, რაც უნდა მაღალი დონის სპეციალისტი ჩავუყენოთ ნაკრებს სათავეში, შემოქმედი ფეხბურთელების გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ქართული ფეხბურთი კი შემსრულებლების, “თამაშის გამკეთებლების“ მწვავე დეფიციტს განიცდის. ერთი-ორის გარდა, ამჟამად მხოლოდ როიალის სცენაზე ამტანები გვყავს...

მკითხველის კომენტარები / 35 /
ხალხო, შეცვლებს კი არ აგვიანებს, არ ყავს წესიერი სათადარიგო სკამი, ვინც მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს თამაშში. ზუსტად სომხეთთან გამოჩნდა ვის რა შეუძლია.

გავა დრო და ვიტყვით რომ ვაისი კარგი მწვრთნელი იყო და მის დროს ნაკრები გამართულ ფეხბურთს თამაშობდა. წარმოგიდგენიათ რაზე ვედავებით ადამიანს? თურმე ცვლილებას დროულად რატომ არ აკეთებს.

ვინმეს გიფიქრიათ იმაზე, სერია ა-ს, პრემიერლიგის, ლა ლიგის, ხორვატიის და პორტუგალიის ლიგის ძირითადის მოთამაშეებს რატომ ,,უნდა მოუგოს'' ტულამ, როტორმა, კოშტანაიმ და ა.შ?

რომელუ
13:30 17-11-2020
7
ნამუსზე აგდებთ ამ ჟორჟი მიქაუტაძეს? თუ საქართველოს ნაკრებში თამაში არ უნდა ? ან საერთოდ ყველაფერზე მეტად არ უნდა ? იმას როგორ ეხვეწებით ან რატომ? ჩამოვა მერე მოვალეობის მოსახდელად და ისეირნებს მოედანზე და ჩვენ ნერვები უნდა დაგვაწყვიტოს და გვაგინებინოს თავი,არა არა და არა! ვისაც მთელი გულით უნდა და ვისთვისაც თვითმიზანია ნაკრები და საქართველო ,მხოლოდ იმან უნდა ითამაშოს!
დევკალიონი
13:32 17-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული