საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
მინდა ვცდებოდე მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ცუდი არჩევანია.
1. სამწვრთნელო გამოცდილება ძალიან მწირი აქვს;
2. რაც აქვს ისიც საკლუბო. სანაკრებო არ აქვს საერთოდ;
3. არანაირი წარმატება არსად;
4. ოთხი წელი უმუშევარია, ვინაიდან არამოთხოვნადია, ასისტენტადაც კი.
ამდენ ხანს არჩევდნენ და უკეთესი ვერაფერი იპოვეს, დავიჯერო? არ არის ლაპარაკი უმაღლესი დონის მწვრთნელზე, უბრალოდ ელემენტარული გამოცდილების მქონე საშუალო დონის მწვრთნელის პოვნა შეუძლებელი რატომ იყო? ეტყობა ამ ნიშნით არ ეძებდნენ. ისეთ ადამიანს ეძებდნენ ვინც მათ გამოადგებათ და არა ნაკრებს. გამგები გაიგებს. სანამ ფედერაციაში არ მოვა პატიოსანი, საქმიანი და მცოდნე ხალხი, საშველი არ იქნება.


არტ
15 თებერვალი 2021 22:03
23
ყველა კითხვა ლოგიკურია და ეჭვიც. და ეს ამდენი ანლაიქი ვინც მიეცით ნეტა რა არ მოგეწონათ.
გიორგი
16 თებერვალი 2021 18:59
1
კარგია თუ ცუდი ამას დრო გვიჩვენებს. სივი კარგი აქვს, ბაიერნის ლეგენდა, საფრანგეთის ნაკრები, ბორდოს მთავარი მწვრთნელი, ანჩელოტის ასისტენტი და ცოტახნით ბაიერნის მთავარი მწვრთნელიც. 4 წელი რატო იყო უმუშევარი ალბათ ბევრმა არიცით, შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამიტომ არმუშაობდა მწვრთნელად. ჯერ გაერკვიეთ და მერე აკრიტიკეთ. ქართველ მწვრთნელებს რა თქმა უნდა ჯობია ყოველ მიზეზ გარეშე ამაზე დავაც არ ღირს. ღმერთმა ქნას რომ ამ კაცის მწვრთნელობის დროს მაინც ვეღირსოთ რამეს
ქართველი
16 თებერვალი 2021 01:59
0
სანიოლი კი არა ჩვენს ნაკრებს ამ ეტაპზე მამაზეციელი ვერ უშველის, მომავალში სწორი მიდგომის შემთხვევაში კი შესაძლებელია ჩვენს ქუჩაზეც დადგეს გაზაფხული....ამჟამად კი მგონია სინამდვილეში ფედერაცია იქნება მთავარი სტაფი ნაკრების.....სანიოლი ფასადი. შედეგი დადონ და თუ უნდათ ფედერაციის დამლაგებელი დააყენონ....უკაცრავად და 12 ნოემბრის შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემი პათოსი...
გუსანი
16 თებერვალი 2021 00:27
7
შენ როგორც -მამაზეციელი- სწორი ფორმა გგონია ისე თუ უხელმძღვანელა ნაკრებს კი, შანსი არ გვაქვს
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
16 თებერვალი 2021 08:21
0
მოლაპარაკების დროს მაგიდაზე დაუდეს კომპრომატები და თვალცრემლიანმა ვილიმ აკანკალებული ხელით მოაწერა ხელი და თან ფიქრობდა: მორჩა, დასრულდა ჩემი ცხოვრება!

ისე ამაზე ცუდს რას იზამს - ჯგუფს მოგების გარეშე დაასრულებს?
ზორბეგი
15 თებერვალი 2021 20:48
22
გვარდიოლა ყოფილა თანახმა მაგრამ ასისტენტად ცხადაძეს ითხოდაო და ფედერაციას უთქვამს უარი.კომენტარების კითხვისას მრჩება აზრი რომ ეს ხალხი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს,სახელგანთქმული და მოქმედი კონტრაქტის მქონე მწვრთნელი რატომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში ამაზე თუ გიფიქრიათ რომელიმეს.ქართველი ფეხბურთელები არცერთი არ თამაშობს ნორმალურ გუნდში,იქაც არა აქვთ სათამაშო დრო და თუ ზოგჯერ 5წუთით შეუშვეს მინდორზე მაშინაც ოფლის გამოდენას ერიდებიან გაციების ეშინიათ.სანიოლი ნაკრების ყველა წევრზე უკეთ იქნება ფიზიკურად მომზადებული და იქნებ საქმისადმი პროფესიონალი მიდგომა მაინც ასწავლოს ამათ თორემ შედეგი რომ არ იქნება სანამ ეს თაობა არშეიცვლება ცხადია.
nnn
16 თებერვალი 2021 09:26
0
კარგი სივი აქვს და რომარა შვილის ჯანმრთელობის პრობლემა ალბათ კიდევ უკეთესი ექნებოდა. წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის
გვეშველება რამე?
16 თებერვალი 2021 02:08
0
ნუ ავჩქარდებით, დაიწყებს მუშაობას და ვნახავთ, როგორ მოერგება ჩვენს დოღს. თუ გამოიყენებს კვარას, ჩაკვეს და ჩვენს მენტალიტეტს გაუგებს ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. მაგრამ ყველაფერს მაინც დრო გვაჩვენებს. არ მინდა ისევ პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩეთ.
თემო
15 თებერვალი 2021 21:05
2
ფრანგულ-გერმანული ჰიბრიდია ცოტა ანჩელოტის იტალიური ელემენტებით. კარგია რომ მასთან აქვს ნამუშევარი.
გივიკო
16 თებერვალი 2021 02:18
0
არაა ცუდი ვარიანტი, გამოცდილმა ვერაფერი მოგვიხერხა და იქნებ დამწყებმა გაამართლოს. ჭკვიანი და მშრომელი ფეხბურთელი იყო, გამარჯვებულის მენტალიტეტით. ვნახოთ რას იზავს. სხვათაშორის ცუდი სეზონი არ ქონდა რამოდენიმე წლის წინ ბორდოში.
გიონატ
16 თებერვალი 2021 01:01
0
მინახავს და მახსოვს ამ კაცის ფეხბურთი. არ ქონდა ცუდი კარიერა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია შედეგი დადოს. დამთავრდება ამ ციკლის (ჯგუფის)თამაშები და დააბრალებენ კენჭისყრას, უიღბლობას.... და ა.შ. კიდევ ცხადაძე იყო უჯეთესი კანდიდატი. მაგრამ ჩვენთან ასეა - შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსოოო ps.წარმატებები ჩვენს ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს.
ტარიელი
15 თებერვალი 2021 22:08
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული