რა დაგვანახა შვედეთთან გამართულმა მატჩმა?! - სანიოლის დებიუტის შეფასება

AutoSharing Option
გუშინ, 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხდა.

სანიოლის შედეგი და უშედეგობა...

Sportall.Ge

ვილი სანიოლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მატჩებამდე თუ ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას ის იყო, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც კარგი სათამაშო პრაქტიკითა და ფორმით არ გამოირჩევიან, მხოლოდ წარსული გამოცდილებით, ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრების ნაკლები შანსი აქვთ. ვერც იმას ვიტყვით, რომ გამონაკლისები არ დაშვებულა, მაგრამ ესეც ნორმალური პროცესია. ფრანგმა სპეციალისტმა სასტარტო დაპირისპირების წინ განაცხადა და შემადგენლობით დაადასტურა, რომ ახალი ეპოქა
იწყებოდა. შესაბამისად, ფეხბურთელებს მიეცემოდათ შანსი, ისტორიაში საკუთარი ფურცელი დაეწერათ. ასეთ დროს გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება იოლი როდია და ზუსტად იმ რისკის შემცველია, რაზედაც სანიოლი საუბრობდა...

ქაოსის გარეშე

იმ ფონზე, როცა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთგვარად დაიწუწუნა, იბრაჰიმოვიჩისა და ისაკის სათანადო შეთამაშება ვერ მოხერხდაო, რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებშიც შეიმჩნეოდა, რომ ვილი სანიოლს სათქმელის ბოლომდე გადმოცემა ჯერ ვერ მოეხერხებინა. სანაკრებო სპეციფიკა დებიუტანტ მწვრთნელს კიდევ უფრო მეტ სირთულეებთან აჯახებს. ასეა თუ ისეა, ჩვენი თამაში გააზრებულს ჰგავდა, არ ყოფილა ქაოსი, შეტევაცა და თავის დაცვაც გარკვეულ სქემას ექვემდებარებოდა. ერთია ფურცელზე დაწერა და მეორეა მისი ხორცშესხმა, თუმცა რაც კარგია, ისაა, რომ ჩვენი მხრიდან უაზროდ და უმისამართოდ მოგერიებულ ბურთს რთულად ვიხსენებ...

შესრულდა თუ არა დანაპირები?!

Sportall.Ge

როცა მინიმალური ანგარიშით აგებ, მაინც რთულია უკანასკნელ ათწუთეულამდე მოიშიშვლო ზურგი. ბოლოს გვქონდა კიდეც მომენტი, როცა გათანაბრება შეიძლებოდა. ამიტომაა, გარისკვაზე სანიოლის ბოლომდე დამუნათება რომ შეიძლება გაგიჭირდეს. ფრანგი ჯერჯერობით გემის ის კაპიტანია, რომელსაც კიდევ ბევრი რამ აქვს დასალაგებელი. უიმედობა ნამდვილად არ მაქვს, მათ შორის, არც უახლოეს შეხვედრებში...

დამაინც, გამოცდილება...

კიდევ ერთხელ გამოჩნდა,რომ დგება მომენტები, როცა გამოცდილების მქონე მოთამაშეებს დიდი ფასი ადევთ. აქ საუბარი შეცდომის დაშვება-არდაშვებაზე არაა. გურამ კაშია მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა, ნაკრებს თავისი მაღალი სათამაშო კლასი მაქსიმალურად გამოსდგომოდა.

შემადგენლობის გაცნობის შემდეგ კარგად წავიკითხავდით სანიოლის, როგორც ფეხბურთელის ამპლუას. ვვარაუდობდი კიდეც, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით, როლშეცვლილ ფეხბურთელებს დაცვის ფლანგზე არ დააყენებდა. ვერ ვიტყვით, რომ სანიოლს დებიუტანტმა მცველებმა თამაში ჩაუგდეს, უფრო პირიქით. ეგაა, სასტარტო მღელვარების შემდეგღა წარმოაჩინეს უკეთ თავი...

სად მოგვეთხოვებოდა მეტი?!

Sportall.Ge

თუკი სადმე ველოდით უფრო მეტს ჩვენი გუნდისგან, ეს მინდვრის ცენტრი იყო. სამწუხაროდ, პრაქტიკის ნაკლებობამ თუ ტრავმით გამოწვეულმა იძულებითმა პაუზამ ფეხბურთელებს დაღი დაასვა. ნახსენები პრობლემები ნაკლებად აწუხებს, მაგალითად, გიორგი აბურჯანიას. მან მშვენივრად უპასა ლევან შენგელიას, რომელსაც გატანა მართებდა. "აბუს" არც მონდომება აკლდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ასაკობრივი ნაკრებებიდან მისგან სხვა ტიპის სამუშაოებს ვართ ჩვეულნი და მისი პოზიცია "10 ნომერი" ნამდვილად არ არის.

სადაც პროგრესი აშკარაა...

არ მინდა შევადარო, მაგრამ ყველას გვახსოვს ვლადიმირ ვაისის მიერ გაკეთებული შეცვლების ნაკლებეფექტიანობის შესახებ, გუშინ კი  აბსოლუტურად განსხვავებული რამ ვნახეთ. მოსაწონი იყო გიორგი ბერიძის მუხტი და და სწრაფვა. შენგელიასაც სულ ცოტა დააკლდა შეხვედრის გადარჩენამდე. ახალი მოთამაშეების შემოყვანის ერთ-ერთი მთავარი არსი ხომ თამაშის გამწვავება, მისი სცენარის შეცვლის მცდელობაა და ეს ვნახეთ.

გოლით და მის გარეშე...

Sportall.Ge

როცა გარკვეულ გადაწყვეტილებას იღებ, თუკი არ გაამართლებს, კრიტიკას ვერ გაექცევი. თამაშის დაწყებიდან მალევე იყო მომენტი, როცა გიორგი ქვილითაიამ კარგი პოზიციიდან დაარტყა. საჯარიმოში მყოფმა ფორვარდმა კარისკენ რომ გაიხედა, ეს ცუდი ვერაფრით იქნება, მაგრამ მშვენიერ პოზიციაში მყოფი პარტნიორი შეუმჩნეველი რომ დარჩა, ესაა ხარვეზი. ქვილითაიას პასი რომ გაეკეთებინა და მომენტი საჩვენოდ ვერ დასრულებულიყო, ალბათ, ვიტყოდით, რომ ასეთი დისტანციიდან სხვანაირი მოქმედება იყო საჭირო. ფორვარდი გოლით ფასდებაო, თუმცა მხოლოდ ამ მომენტით გიორგის თამაშს ვერ შევაფასებთ, ის მოედანზე თავის მაქსიმუმს აკეთებდა და სანიოლმაც ბრძოლაში დიდხანს დატოვა, იმის მიუხედავად, რომ სათადარიგო სკამზე შემტევები საკმაოდ ჰყავდა.

ტაბლოს მნიშვნელობა...

ვილი სანიოლმა დაგვანახა, რომ მისი სურვილია ნაკრებმა თანამედროვე, შემტევი და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშოს. კონკურენციაც იგრძნობა, თანაც ისეთ პოზიციებზეც, მანამდე რომ ნაკლებად წარმოგვედგინა, მაგალითად, დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ამ ყველაფერს რაც აკლდა, ეს შედეგით (მინიმუმ ფრე) დაწყება იყო. ეს რწმენასა და სულისკვეეთებას, რა თქმა უნდა, გააძლიერებდა. ფრანგი მთავარი მწვრთნელის დებიუტის დადებით შინაარსს შედეგი აკლდა, რომლის შეცვლა უახლოეს დღეებშია შესაძლებელი...


მკითხველის კომენტარები / 41 /
რა დაგვანახა და პირველ რიგში მწვრთნელი რომელიც შიშისაგან დღეში სამჯერ არ კვდება.შეცვლები,უზომოდ გამიხარდა რო შეცვლები ვნახე როგორც იქნა.
Დაგვანახა რო ქვილითაია არ არი სასტარტოს ფეხბურთელი.ბერიძე კარგი ბიჭი გვყოლია.ჩაბრაძე და გიორგბელიძე დაგვანახა.კვეკვესკირმა რო უნდა მოუმატოს და აბურჯანიამ-თუ არა და დავაი იდი გულიაი დასვიდანია.გვილია დავაი დასვიდანია.
Და ჩემი აზრით გუნდს სჭირდება კ ა პ ი ტ ა ნ ი!!! Კაპიტანი მაჩაიძეს ნაირი ან ჩივაძეს ნაირი. Და არა უემოციო,ჩუმი,ნე რიბა ნე მიასო კაცი. Კაცი რომელიც გუნდ შემოუძახებს და ცოტას მსაჯსაც(ზოგადად,ამ მატჩში მსაჯთან არაფერი იყო საპრეტენზიო).
Და კიდევ ნინუამ უნდა მონახოს გუნდი სადაც ექნება სათამაშო პრაქტიკა,ნინუა აუცილებლად სჭირდება გუნდს! Მე მგონია სანიოლი უფრო მეტს გარისკავს და გვათამაშებს ქართულ(შემტევ)ფეხბურთს! Ვნახოთ,იქნებ სანიოლი ზუროსივით ზედ გამოჭრილი მწვრთნელი გამოდგეს. Მე დიდი იმედი მაქ.ყოველ შემთხვევაში ვაისის შეშინებულ სახეს რო ვეღავ ვხედავ უკვე რამეა.
P.S. Იყო ლაპარაკი რო პანდემიის გამო ფეხბურთელებს გადანერწყვება აეკრძალებოდათ. Რა უბედურებაა? ახლოდან ფეხბურთელი ვერ უჩვენებიათ რო არ გადანერწყვოს,რა საყურებელია? Გვილია რო გვაჩვენე პირველად იმხელა გადაანერწყვა რო რავიცი რა...თუ კალათბურთში იკავებენ თავს,ჭიდაობაში აქ რა არი ამისთანა მოუთმენელი?
jordan beli
17:02 26-03-2021
4
გადაახვიეთ და ნახეთ ქვილითაიას გარბენა საჯარიმომდე, მერე ისე უაზროდ დარტყმული, არ ვამტყუნებ ამ დარტყმაზე ყველას შეიძლება მოუვიდეს მაგრამ მაგის სახე ნახეთ ქანცი ჰქონდა გაწყვეტილი, მასტი იმენა დაღლილი იყო სანამ ჩაირბინა
jani
18:53 26-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული