დღეს, 31 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და სანაკრებო კურატორს, ალექსანდრე იაშვილს, ჩვენი უახლოესი მეტოქის წინააღმდეგ არა მხოლოდ უთამაშია, თავი გოლითაც გამოუჩენია. მასთან აქტუალურ და საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ...
- საწყის ორ ტურს როგორ შეაფასებდით? ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, თითქოს უქულოდ არ უნდა დავრჩენილიყავით, თუმცა ასე მოხდა...
- რა თქმა უნდა, ფეხბურთში შედეგი უმნიშვნელოვანესია! საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მეტი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, რაც სამწუხაროდ, ვერ შევძელით. აღსანიშნავია ის, რომ მოთამაშეების მხრიდან
საოცარი ენერგია და მოტივირება იგრძნობოდა. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორიც - ფეხბურთელებმა უმოკლეს დროში მწვრთნელის ყველა დავალება გაითავისეს, ასევე, დებიუტანტებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. როგორც ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, აღნიშნა, საბერძნეთში მოსაგებად ჩამოვედით, რაც იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ!
- ვსაუბრობთ კარგ ასპარეზობაზე, მაგრამ სპორტში ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. თუკი ესპანეთთან ფრე ვერ შევინარჩუნეთ, შვედეთში გათანაბრებასთან ვიყავით ახლოს, თუმცა იქაც უქულოდ დავრჩით. მაინც რამ განაპირობა ეს ყოველივე?
- მთავარი ისაა, რომ ორივე შეხვედრაში გუნდი მოედანზე მოსაგებად იყო გასული. სამწვრთნელო შტაბმა, ფეხბურთელებთან ერთად, გაარჩია განვლილი მატჩები და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა, რაც დღეს წარმატებაში დაგვეხმარება. ასეთი შეხვედრების შემდეგ საბერძნეთში წარმატების მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- მჭიდრო გრაფიკში ძალების აღდგენა პრობლემური არამხოლოდ საქართველოს ნაკრებისთვისაა. თქვენ საკმაოდ დიდ დროს ატარებთ გუნდთან ერთად, რამდენად არიან მზად ისინი ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, ამ დონის კიდევ ერთ შეხვედრაში იასპარეზონ?
- ყველაფერი გაკეთდა, რათა გუნდს ძალები უმოკლეს დროში აღედგინა. სასიამოვნოა, რომ არსებობს რესურსი, ნაკრებში სათანადო კონკურენციაა, რაც როტაციის საშუალებას იძლევა. შვედეთთან მატჩის შემდეგაც იყო რამდენიმე ცვლილება და მთავარმა მწვრთნელმა ახლაც განაცხადა, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ის ფეხბურთელები იასპარეზებენ, რომელთაც აქამდე შედარებით ცოტა დრო მიეცათ. რამდენიმე მოთამაშის ტრავმას დისკვალიფიკაციაც დაერთო და ეროვნული ლიგიდან ახალგაზრდა ფეხბურთელები დავიმატეთ - ირაკლი აზაროვი და დავით კობოური.
- თქვენ გითამაშიათ საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ და გოლიც გაგიტანიათ. როგორ გაიხსენებდით იმ შეხვედრას და როგორია მაშინდელ და დღევანდელ ნაკრებთა ძალთა განაწილება?
- მე არ მიყვარს შედარება, მაშინ ის თაობა იყო, ახლა სხვა გუნდი გვყავს. ჩვენს გუნდში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, ისევე, როგორც მეტოქისაში. რა თქმა უნდა, ნაკრების მაისურით გატანილი ყველა გოლი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ჩემთვის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმ გოლისა, შესარჩევი ეტაპის საწყის ტურში ანგარიშის შენარჩუნება ვერ შევძელით.
დღევანდელ მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ ბიჭებმა დაიმსახურეს განვლილი მატჩების შემდეგ წარმატება. იმ დისციპლინითა და ენერგიით, რომელიც ფეხბურთელებმა ამ ორ თამაშში ჩადეს, ვფიქრობ, რომ გამარჯვება შესაძლებელია!
- განვლილ მატჩებში წაგება რამდენად იმოქმედებს გუნდის სატურნირო მოტივაციაზე, რეალურია თუ არა ისევ ჩვენ მიერ დასახული სატურნირო მიზნების განხორციელება?
- ფეხბურთელებში ვხედავ მოტივაციას, დაიცვან სამშობლოს სახელი. გათავისებული აქვთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც. მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულებაც ასეთია, ფეხბურთელებს ყველა შეხვედრაში მოსაგებად განაწყობს.
- მალე სანაკრებო შეხვედრები დასრულდება, წინ კი ივნისის ამხანაგურების ფანჯარაა. რუმინეთის ნაკრების გარდა, გაირკვა თუ არა მეტოქე და სავარაუდოდ, რამდენი ფეხბურთელის საქმეში ნახვას მოისურვებს მთავარი მწვრთნელი?
- მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ დადგენილი არაა. რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, მაღალი დონის მეტოქეებთან მაქსიმალურად ბევრი შეხვედრის გამართვა აუცილებელია. იმას, თუ რამდენი მოთამაშე იქნება შეკრებაზე, ამას მთავარი მწვრთნელი თავად განსაზღვრავს. შეგახსენებთ, დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.