სანიოლი: საქართველო ქვეყანაა საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით - ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში დღეს ჩავიდა და ილიე ოანას სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო. გურამ გიორბელიძემ კი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს საკლუბო შეხვედრების შემდეგ შეუერთდა, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ოფიციალური ვარჯიშის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როცა საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას
გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.

საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბერში განახლდება. რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ფეხბურთელს დავაკვირდეთ, სხვადასხვა ტაქტიკა მოვსინჯოთ, რათა კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ.

საქართველო არის ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით. მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან, ბოლომდე იხარჯებიან. შესაძლოა, ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებსა და კლუბებში არ თამაშობენ, მაგრამ მე შემიძლია მათ ვენდო და ჩემთვის ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა".

რუმინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 ივნისს ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

​ამხანაგურ შეხვედრას ბერძენი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი არბიტრი - ტასოს სიდიროპულოსი, პირველი ასისტენტი - პოლიხრონის კოსტარასი, მეორე ასისტენტი - ლაზაროს დიმიტრიადისი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სანიოლის უნარები ამ ორ თამაშში გამოჩნდება.ნაკრები 90 წუთს პრესინგს ვერცერთ გუნდთან ვერ ითამაშებს,არ ზის ქართულ ხასიათში და ამიტომ.ტოტალური ფეხბურთი რომ შემოვიდა იმ დროს გაიბრწყინა დინამომ,მაგრამ დაღლილი და სახეზე გაოფლიანებული დინამოელი არ მახსოვს.ქართველებს თავისუფალი თამაში უყვართ და არც სხვის მოხრჩობას ცდილობენ.საკმარისი იქნება სქემები,რომლებიც დაცვის საიმედეობას და შეტევაზე სწრაფად გადასვლას უზრუნველყოფენ.4-4-2 სქემა არ გვაწყენდა.ბურთის შენარჩუნება დაცვას კი არ უნდა დაევალოს,არამედ ნახევარდაცვას და პრესინგის შემთხვევაში წინ უნდა გააკეთონ პასი და არა უკან,იმ მცველებისკენ რომლებიც დაბნეულები არიან და ბურთს ძლივს იგერიებენ.მწვრთნელი რომ ვიყო იმ ფეხბურთელს არ ვათამაშებდი,რომელიც ბურთს მუდმივად უკან აგორებს მჩვევია ან მეკარისკენ.რაც შეეხება ლორიას,მაგის ნდობა არ შეიძლება.არასტაბილურია.აუცილებლად გაუტანენ გოლს მაშინ როცა ამას არავინ ელოდება.მას ბევრი თამაში გაუფუჭების.დროა სხვამ ითამაშოს.
გიგა
17:38 02-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული