თურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები პრიშტინაში არც რამდენიმე დღის წინანდელ გუნდს ჰგავდა და მით უმეტეს, არც იმას, როცა წვიმიან ბათუმში კოსოვოელების დასამარცხებლად ვერაფერი გააკეთა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ცვლილება და ამ უიღბლო სერიის დასრულება იყო! როგორც იქნა, გაგვიმართლა კიდეც და გავიმარჯვეთ მატჩში, სადაც თითქოს, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა.

ბოლოდან რომ დავიწყოთ - უკანასკნელი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მეტოქეზე აქტიურები ვიყავით და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურად ვჯობნიდით. ამაში თავისი წვლილი დროულმა ცვლილებებმაც შეიტანა, რომლებმაც აშკარად გაამართლა.

Sportall.Ge

საბერძნეთთან დაპირისპირებაში სანიოლმა ახალი მოთამაშეების შემოყვანა დააგვიანა - ფრანგმა
მაშინ ვერ გარისკა, თუნდაც ლიდერი კვარაცხელიას ნაცვლად ზურიკო დავითაშვილს დაყრდნობოდა. ტულის "არსენალის" შემტევი ხომ სექტემბერში გამორჩეული იყო. ახლა ამ ცვლილებამ გაამართლა. ისევე, როგორც შეხვედრაში ირაკლი აზაროვის ჩართვამ.

კოსოვოსთან მატჩამდეც ვწერდით, სანიოლის ნაკრები შეტევაში ერთფეროვანი რომ იყო და თურმე, მეტი შეგვძლებია. მიუხედავად იმისა, რომ გრანდს არ ვხვდებოდით, ეს ფაქტი მაინც სასიამოვნოა.

წიტაიშვილი-ოქრიაშვილის წყვილით შეტევა რაღაც განსხვავებული ფორმაცია იყო, რომლის მსგავსიც ჩვენს ნაკრებში იშვიათად გვინახავს. ქართველი ფეხბურთელები პოზიციებსაც ეფექტურად ცვლიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქვილითაია აქტიურად შემოვიდა - მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების შემდეგ ბურთი გვრჩებოდა და იერიშებს ვაგრძელებდით.

თუკი პირველ ტაიმში მეტოქე მარცხენა ფლანგიდან აქტიურად გვიტევდა, მეორე 45 წუთში სიტუაცია შეიცვალა -  ოთარ კაკაბაძე გაცილებით დამაჯერებელი იყო. თანაც, ადგილი აქაც ტაქტიკურ სიახლეს ჰქონდა. გიორგი წიტაიშვილოს ნაცვლად გრიგოლ ჩაბრაძის შემოყვანის შემდეგ დასვენებული მოთამაშით მარჯვენა ფლანგი დაცვით ფაზაში გაცილებით საიმედო გახდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქ საბა ლობჟანიძემ დიდი სამუშაო გასწია.

ასე რომ, განსწავლულობის თვალსაზრისით, ეს სანიოლის საუკეთესო შეხვედრა გამოდგა, რითაც ამდენი ნეგატივის შემდეგ შვებით ამოისუნთქავდა. შვედეთთან შესარჩევის უკანასკნელმა დაპირისპირებამ ბევრი რამ უნდა თქვას...

Sportall.Ge

რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ პოზიციას, მინდვრის ცენტრს, ერთხელაც დავრწმუნდით, რომ ნიკა კვეკვესკირი პასების სიზუსტით (85% ჰქონდა) გამორჩეულია. ყოველივე ეს მეორე გოლის ეპიზოდშიც იოლად შესამჩნევი იყო - შეტევა გენიალურად გააგრძელა! ვაკო გვილია კი, ტრადიციულად, მოტივირებული ჩანდა. რა თქმა უნდა, მეტი სისწრაფე და მწვავე გადაცემაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც პირველ ტაიმში საკმაოდ იყო, თუმცა საყრდენი ზონა გაცილებით პროდუქტიულად გამოიყურებოდა, ვიდრე უკანასკნელ შეხვედრებში გვინახავს.

კიდევ რა მოგვცა ამ დაპირისპირებამ? - საქართველოს ნაკრების თავკაცმა გამოკვეთა ბირთვი, რაც მუდმივ ექსპერიმენტებს უნდა გამორიცხავდეს. წინა შეხვედრიდან გამომდინარე, თითქოს გიორბელიძეს სასტარტოში არ უნდა ეთამაშა, თუმცა სანიოლი მას მაინც ენდო და გურამმა სრულად გაამართლა. ის, რაც კოსოვოსთან მარცხის შემდეგ, ესპანელთა წინააღმდეგ მოხდა (ერთბაშად ამდენი ცვლილება), მაინც აუხსნელი იყო. გუნდისთვის ოქრიაშვილის მნიშვნელობაც გამოიკვეთა, რაც მაშინაც აღვნიშნეთ, როცა თორნიკე განაცხადს მიღმა დარჩა. 

Sportall.Ge

ახლა მთავარია, ისევ "კარის გაჯახუნების" ეფექტი არ შეგვრჩეს, თორემ შესარჩევი ეტაპის ბოლოსკენ კოსოვოზე დიდი ნაკრებებიც (იტალია, შოტლანდია) შეგვიჩერებია. თამაშის ხარისხი თვითკმაყოფილების უფლებას არ გვაძლევს. მთავარია, ეს მუხტი შევინარჩუნოთ და მთავარ მწვრთნელს ყველა პრესკონფერენციაზე მონდომებაზე საუბარი არ სჭირდებოდეს. რესურსი კიდევ უფრო მეტია. მხოლოდ ის რად ღირს, გუშინდელ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელია ოპტიმალური ფორმისგან ბევრად შორს რომ იყო.

altრევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

alt"დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ..." - სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია




მკითხველის კომენტარები / 28 /
მივმართავ ყველა იმ ვაი გულშემატკივარს რომელიც ილანძღება არ გინდათ სხვა არხზე გადართეთ არ გაქვთ იმედი არაფრის მეცოდებით უიმედობი გაგვატარეთ ვისაც იმედი გვაქვს და გვჯერა აბა რომ რეალი და ბარსა იყოს მაშინ რას იზავდით ესაა ჩვენი თამაში გინდათ უყურეთ გინდათ არა მაგრამ ამ უაზრო კომენტარებს შეეშვით.
ქართველი
14:47 13-10-2021
7
ეხლა წავა საუბრები რომ არ გვქონდა ეს მატჩი მოსაგებიო, გაგვიმართლაო, მეტოქე უკეთ თამაშობდაო, და ასეო და ისეო. ვინ მოთვლის რამდენჯერ, მეტოქეზე უკეთესები ვყოფილვართ და მატჩი რაღაც ფატალური უიღბლობის გამო წაგვიგია.ხომ შეილება ზოგჯერ ჩვენც გაგვიმართლოს? ამიტომ მოვიგეთ და შევირგოთ.
თომა
14:41 13-10-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული