ქართული ოპტიმიზმი, წარუმატებლობა და ყველაზე დიდი საფრთხე - შვედი ბლოგერის ჩანახატი

AutoSharing Option
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრის წინ დიდი მითქმა-მოთქმაა. ჩვენი ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-8 შეხვედრას გამართავს... 7 ტურის თავზე ქართველებს 4 ქულა აქვთ და ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებენ, სკანდინავიელები კი 15 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, თუმცა დასკვნით მატჩს 14 ნოემბერს, ესპანეთში გამართავენ. ამიტომ სტუმრები საქართველოში აუცილებელი 3 ქულისთვის ჩამოფრინდნენ... შვედი ჟურნალისტი ოლოფ ლუნდჰი fotbollskanalen-ის გვერდზე მატჩისწინა ჩანახატს გვთავაზობს:

"ბათუმი. საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საკუთარ კედლებში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ
გამართავს. მასპინძლებისთვის ამ შეხვედრას ისეთივე დატვირთვა არ აქვს, როგორიც ეს შვედეთისთვისაა. საინტერესოა, თუ რა არის მათი მოტივაცია? ალბათ, ბოლო ადგილის თავიდან არიდება, ფეხბურთელების ახალ გუნდებში გაშვება და ნაკრებში თითოეული პოზიციის გაძლიერება...

ზაფხულის დასრულების შემდეგ ცივ, წვიმიან სანაპიროზე რთულია გადაადგილება. ქარი რესტორნის ვერანდიდან წამოსულ დიდი ოდენობის დენთის სურნელს ატრიალებს. მიუხედავად ტრაბახისა და ცათამბჯენებისა, ზღვისპირა ქალაქი, სახელად ბათუმი, ნოემბერში განსხვავებულია, უფრო მონაცრისფრო, რაც სიმართლე გითხრათ, ლამაზი სულაც არ არის.

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია, განსაკუთრებით ეს ყველაფერი დედაქალაქ თბილისში შეინიშნება... მოგეხსენებათ, ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, გასულ ოქტომბრის თვეში ჩატარებული არჩევნების შემდეგ კი არეულობაა...

ბათუმის სანაპიროზე მაღალი ტალღებია, თუმცა აეროპორტიდან სასტუმროსა და ახალაშენებულ არენამდე ყველაფერი მშვიდია. როდესაც ქვეყანას მოკლე ვიზიტით სტუმრობ, ცდილობ, პეიზაჟებით დატკბე... ქვეყნის მე-2 ქალაქში მასიური მშენებლობები მიმდინარეობს. დიდი პორტის გარდა, აქ კაზინოებსა და სადღესასწაულო ადგილებს შეხვდებით. ხალხიც სტუმართმოყვარე და თბილია.

რეალობა საქართველოსთვის უფრო ბრუტალურია, ვიდრე ვილები, ცათამბჯენები და შესანიშნავი საცხოვრებელი ადგილები. ყოფილი საბჭოური დერეგულაცია და პრივატიზაცია დასრულებულია, ქვეყანა კი თითქმის 30 წელია ვითარდება... ნელა თუ სწრაფად, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ნაბიჯებს წინ დგამენ, თუმცა მასიური პროტესტი, საჯარო გამოსვლები და მიტინგები ყველაფერს თავისებურ დაღს ასვამს.

გასაკვირი სულაც არაა, რომ ფეხბურთი ყურადღების გადასატანი აქტივობაა. ეს ქვეყანა რუმინეთთან ერთად 2023 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, უცნობია, სად გაიმართება მატჩი, თბილისში თუ ბათუმის ახალ, მოდერნისტულ მოედანზე, სადაც 11 ნოემბერს, შვედეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

გუნდის ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ სკანდინავიელებს ზუსტად ისეთივე წინააღმდეგობას გაუწევენ, როგორსაც მარტში, სოლნაში გამართულ შეხვედრაში მოახერხეს, თუმცა მეორე მხარეც არსებობს, რადგან ქართველებს ჯგუფის ბარიერის დაძლევა აღარ შეუძლიათ, მაშინ შვედების მიერ გატანილი სწრაფი გოლი მათ "დაშლას" გამოიწვევს. ამიტომ სტუმრები ამას აუცილებლად შეეცდებიან, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდეთ, ქართველების მდგომარეობა საშიშია. რთულია ეთამაშო გუნდს, რომელსაც დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვს, მით უმეტეს, აღსანიშნავი ფაქტორია, რომ ისინი ბათუმში საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ პირველად ითამაშებენ და შეეცდებიან გაიმარჯვონ.

სიმართლე ვთქვათ, სტუმრებმა საქართველოში უნდა მოიგონ, რადგან ჯგუფში ჩარჩენილ ნაკრებთან 3 ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ, რა თქმა უნდა, რთული იქნება, თუმცა არა დაუძლეველი. "ფურია როხასთან" შეხვედრის წინ კვლავ 1-ელ ადგილზე უნდა ვიდგეთ.

თუ დღევანდელ მატჩში სკანდინავიელები მოიგებენ, ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებენ, ჩვენი დონის ნაკრებს კი ეს ყველაფერი შეუძლია. ქულების დაკარგვის შემთხვევაში ესპანეთთან თამაში ძალიან გართულდება. ამრიგად, ხუთშაბათს საღამოს შვედებისთვის ბევრ ასპექტში მნიშვნელოვანი დღეა. გთავაზობთ ჩამონათვალს:

  • 8 შვედ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უკვე აქვს. თუ დღევანდელ მატჩში შეხვედრის მთავარი არბიტრი მათ გააფრთხილებს, მაშინ ისინი "ფურია როხასთან" ვეღარ დაგვეხმარებიან - ლუდვიგ აუგუსტინსონი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრისტოფერ ოლსონი, ალექსანდრ ისაკი, ემილ კრაფტი, ვიკროტ კლაესონი, ვიქტორ ლინტელოფი და მატიას სვანბერგი. კაპიტანი ჯანე ანდერსონიც იმავე რისკშია.

  • შვედების მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებისას ბათუმში გაწვიმდა. უცნობია, იწვიმებს თუ არა ხვალ, თუმცა, თუ ასე იქნება, არ ვიცით, ჩვენს გეგმას რამდენად გამოადგება ეს ფაქტორი.
ემირ ტორვინენი ლუნდიდან, საკუთარი "ტვიტერის" გვერდით 2010 წლის შემდეგ თვალყურს ქართულ ფეხბურთს ადევნებს. აკვირდება ეროვნულ ჩემპიონატსაც. მისი თქმით კი, ბათუმის ახალ მოედანზე პირველად, ეროვნული ნაკრების მატჩს 6000-7000 გულშემატკივარი დაესწრება.

მან ასევე ქვეყნის განვლილი სიტუაცია მიმოიხილა:

"ნაკრების ხელმძღვანელი ვილი სანიოლი დიდი წნეხის ქვეშაა. როდესაც გუნდს სათავეში ჩაუდგა, მაშინ ამბიცია ჰქონდათ, რომ მე-3 ადგილს დაიკავებდნენ, თუმცა ეს გეგმა წყალში ჩაიყარა... მოგეხსენებათ, გასულ წელს ქართველებმა ევროპის დასკვნით ეტაპზე შანსი ხელიდან გაუშვეს. შეგახსენებთ, მაშინ მაკედონიელებმა თბილისში მასპინძლები 1:0 დაამარცხეს და უდიდესი გამარჯვება იზეიმეს... ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი ძალიან უყვარს, რის გამოც კრიტიკას არც ერიდებიან. იმავეს სჩადიან ჟურნალისტებიც, ამავდროულად, ამ უკანასკნელი პროფესიის წარმომადეგენელ ადამიანებს ფრანგი სპეციალისტის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ და ფიქრობენ, რომ ვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ნაკრების ისტორიას შეცვლის, თუმცა ლეგენდარული ფეხბურთელი ამაში მათ არ ეთანხმება და ყველაფერს გახშირებულ ტრავმიანობას და ევროპის დონეზე საშუალო გუნდში მყოფ ფეხბურთელებს აბრალებს. ეს მართლაც ასეა, წამყვანი 5 ლიგიდან ქართველებს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავთ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია") და ისიც არ იქნება დღეს.

ერთი შეხედვით, ქართველებს სუსტი ნაკრები უნდა ჰყავდეთ, თუმცა ასე სულაც არ არის. კარგად გემახსოვრებათ, "ფრენდს არენაზე" როგორ ითამაშეს. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ახალი მწვრთნელის ეფექტმაც გამოიწვია, თუმცა ასეც არ იყოს, საწყის სამ ტურში საქართველომ მართლაც რომ კარგად ითამაშა. დამარცხდნენ ჩვენთან და ესპანელებთან. იქ საერთოდ იგებდნენ და ბოლოს მეკარის შეცდომამ მნიშვნელოვანი ქულა წაართვა, საბერძნეთთან კი ფრედ, 1:1 ითამაშეს. მატჩის მიწურულს თანაგუნდელის ავტოგოლის შემდეგ გაბრაზებულმა კვარაცხელიამ მეტოქეს თავბრუ დაახვია და დიდებული გოლი გაიტანა. აქ იმედი გაჩნდა, თუმცა ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა... შემოდგომაზე კოსოვოსთან მარცხი... დამატებული, ბერძნებთან 0:2 წაგება... ვილის კომპეტენციაშიც ეჭვი შეიტანეს, ნაკრებმა კი უსახური თამაში აჩვენა. ქართველი ხალხი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ელოდა, თუმცა იმედგაცრუება დახვდათ წინ... მეორე მხრიდან რომ შეხედო, მათ მართლაც რომ მშვენიერი თაობა მოსდით, რამდენიმე უკვე ნაკრებშიც თამაშობს. ამიტომ საფრთხე რეალურია. მოგეხსენებათ, როგორ თამაშობს პატარა, თითქოსდა სუსტი ფეხბურთელების მქონე საქართველო გრანდებთან (არაერთ გრანდს მოედანზე ბრძოლა მოუწყვეს).

ქართული ოპტიმიზმი

გათამაშებით ჭრილში მთავარი ფიგურა ბელგიური "გენტის" 22 წლის ნახევარმცელი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ... ჩემ მიერ ზემოხსენებული ტალანტებიდან ერთ-ერთი ის არის, თუმცა გახშირებულმა ტრავმიანობამ ქართველი ფორმიდან ამოაგდო... წარმოიდგინეთ, ორი წელი ფეხბურთისგან მოშორებული იყო, ფორმას კი ნელ-ნელა იდგენს და კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურა დგება.
ნაკრებში მოიყვანეს 20 წლის გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც უკრაინის ნაკრებს საქართველო არჩია, არადა, უკრაინასთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებში კი თავს მართლაც რომ მშვენიერი თამაშით წარმოაჩენს... დიდებული ტექნიკა, ბურთის კარგი ფლობა და რაც მთავარია, სისწრაფე. კოსოვოსთან ხსენებულ მატჩში თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლება, გიორგია, თანაც დღეს უკვე მათ გულშემატკივარიც დაეხმარება...

ქართული წარუმატებლობა

ნაკრებისთვის უდიდესი დანაკლისია ოთარ კიტეიშვილი, რომელიც "შტურმში" ასპარეზობს... ნახევარმცველმა ევროპის ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო... ასევე ვერ ითამაშებს გიორგი მიქაუტაძეც. ჩემი აზრით, დასკვნით ფაზაში ქართველების საუკეთესო ფეხბურთელია. ბელგიური "სერენის" ფეხბურთელს უკვე 5 გოლი აქვს. მათდა სამწუხაროდ, მსგავსი კალიბრის ფორვარდი გუნდში არ ჰყავთ, რაც ჩვენ გვახარებს.

კითხვის ნიშანი

საინტერესოა, თუ როგორი მოტივირებულია საქართველო დღევანდელი მატჩისთვის? ჩვენ ისტორიიდან კარგად გვახსოვს, თუ როგორ შეუძლიათ გაურთულონ საქმე სხვადასხვა ნაკრებს... ქართველი გულშემატკივრის ნაწილი კვლავინდებურად იმედით ელის ხსენებულ შეხვედრას, ზოგს კი პესიმიზმმა სძლია, ამის მიზეზი კი, როგორც ამბობენ, ტრავმის გამო მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დანაკლისია ისეთ შეხვედრებში, სადაც ფავორიტად მათი ნაკრები ითვლებოდა.

დაბოლოს, ყველაზე დიდი საფრთხე

ხვიჩა კვარაცხელია, 20 წლის ქართველი ტალანტი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი სახელგანთქმული დრიბლიორია... სტატისტიკა მეტყველებს, რომ ის სწრაფი და ტექნიკურია, მის წინააღმდეგ კი ემილ კრაფტი ითამაშებს. შვედს აუცილებელი ვალდებულება აქვს, რომ ის გააჩეროს, რადგან თამაშის მიმდინარეობას მხოლოდ სანიოლი არ წყვეტს, კვარაცხელიას ჩვენთვის ყველაფრის თავდაყირა დატრიალება შეუძლია (ზუსტად ისე, როგორც ბერძნებთან 1:1-ის შეხვედრაში). ყაზანის "რუბინის" შემტევის ფასი 20-25 მილიონ ევრომდე მერყეობს. გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის მაყურებელს არაერთ ლამაზ პერფორმანსს სთავაზობდა. ახლა ისეთ ფორმაში ვერ არის, თუმცა სათამაშო კლასიდან და ოსტატობიდან გამომდინარე, ხვიჩა ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენი ნაკრების მცველებისთვის" - წერს შვედი ბლოგერი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვედეთის დაპირისპირება დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალი ყოფილა ეს ბლოგერი 100% განსაკუთრებით ხვიჩას შესახებ
სოსო
10:55 12-11-2021
0
როგორ არ შემცდარა შვედი ბლოგერი ხვიჩას შეფასებაში? აი დღეს გენაცვალეთ ყველას ბიჭებო და განსაკუთრებით გენაცვალე ხვიჩა.
სოხუმელი ვეტერანი
23:14 11-11-2021
0

სიახლეები პოპულარული