შვედეთის დამარცხების შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა და პირველი მომენტი მისმა გუნდმა შექმნა, როდესაც სოლო-რეიდის დაგვირგვინება ყაზაიშვილმა ვერ შეძლო. კონტრიერიშისას შომორუდოვმა გაანიავა შანსი. ამის შემდეგ ინიციატივას საქართველოს ნაკრები დაეუფლა. საჯარიმოში კაშიასთან ბრძოლაში ბურთი ხელზე ჰამრობეკოვს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, დავითაშვილს კი გოლის გატანა მეკარე იუსუპოვმა არ დაანება. სადღაც 30-ე წუთისთვის უზბეკებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს, თუმცა ვერ იხეირეს და სწრაფი შეტევისას ანგარიში დავითაშვილის პასით ვოლკოვმა თავურით გახსნა.
მეორე ტაიმი უზბეკებმა აქტიურად დაიწყეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. სანიოლმა 61-ე წუთზე დავითაშვილისა და ყაზაიშვილის ნაცვლად შეცვლაზე ოქრიაშვილი და კვარაცხელია შეუშვა, 71-ეზე კი გვილიასა და ვოლკოვის მაგივრად - აბურჯანია და წიტაიშვილი. ორივე გუნდის მხრიდან ბევრი იყო ტექნიკური წუნი და თამაში ნაკლებად თვალსასეირო გახდა. 83-ე წუთზე კვარაცხელიას შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ცოტა ხანში კი მსაჯმა შეხლა-შემოხლისთვის მოედნიდან აზაროვი და საიფიევი გააძევა. შეცვლაზე შესულმა გიორბელიძემ კვარაცხელია გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მან კარს ოდნავ ააცილა, ხოლო მერე მის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. ბოლოს განიევის გასროლილი კუპატაძემ მოიგერია და მატჩიც დასრულდა.
მართალია, საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ რაც მთავარია, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ერთა ლიგის მომავალ გათამაშებას კარგი განწყობით შეხვდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - უზბეკეთი 1:0
გოლი: ვოლკოვი (41)
გაძევება: აზაროვი (84), საიფიევი (84)
საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, გვილია (აბურჯანია 71), კვეკვესკირი, აზაროვი, დავითაშვილი (ოქრიაშვილი 61), ლობჟანიძე (გიორბელიძე 86), ყაზაიშვილი (კვარაცხელია 61), ვოლკოვი (წიტაიშვილი 71)
უზბეკეთი: იუსუპოვი, ჰაშიმოვი, აბდულავევი, კობილოვი, საიფიევი, ჰამრობეკოვი (იულდოშევი 46), ალიბაევი (განიევი 46), შუქუროვი, ჰამდამოვი (ერკინოვი 64), მაშარიპოვი, შომუროდოვი (სერგეევი 79)