ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
საქართველო-უზბეკეთის (1:0) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

ლაზარე კუპატაძე (6.0)
- ბათუმის "დინამოს" კიპერმა ერთხელ მართლაც მშვენიერი დარტყმა მოიგერია, მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლოს კი ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა, რაც კინაღამ გაშვებულ გოლად დაგვიჯდა.

ოთარ კაკაბაძე (6.0) - "კრაკოვიას" მცველს მაინც ემჩნევა, რომ ახალ ტაქტიკასთან შერწყმის პროცესშია. უზბეკებმა მისი ზონიდან რამდენჯერმე აქტიურად შემოგვიტიეს.

გურამ კაშია (8.0) - კაპიტანმა კიდევ ერთი მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა - ის ყველას და ყველაფერს აზღვევდა - როგორც საყრდენებს, ასევე მცველებს.

Sportall.Ge

დავით ხოჭოლავა
(6.0)
- "კოპენჰაგენის" მცველისგან სტაბილურობა ისევ ვერ ვნახეთ - წინა მატჩისგან განსხვავებით, დამაჯერებლობა აკლდა - პირველ ტაიმში მეტოქეს ბურთი "აჩუქა", თუმცა გადავრჩით, მალევე კი  მოწინააღმდეგის შეტევა კუთხურზე უხერხულად მოიგერია.

საბა ლობჟანიძე (6.5) - "ჰათაისპორის" ფეხბურთელი ისეთივე აქტიური არ ყოფილა, როგორც უკანასკნელ შეხვედრებში შეგვაჩვია, თუმცა ის, ტრადიციულად, ბევრს მოძრაობს და რამდენჯერმე შეტევის გამწვავებაც სცადა.

ირაკლი აზაროვი (5.0) - ბათუმის "დინამოს" მცველმა ეს შეხვედრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაივიწყოს - მას აქტიურობა აკლდა, რამდენჯერმე ბურთი დაკარგა, ბოლოს კი ემოციების მოთოკვა გაუჭირდა და მინდვრიდან გააძევეს.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (6.0 )
- ჩვენს ნახევარდაცვას დამაჯერებლობა აკლდა და ცოტათი გადაღლილადაც გამოიყურებოდა. კვეკვესკირი სტუმართა აქტიური მოთამაშეებისგან ხშირად იზღუდებოდა და მისი დაზღვევა დაცვის ხაზს უწევდა. განსაკუთრებით, პირველ ნახევარში, ჩვენი შუახაზელები შეტევის წამოწყებით ვერ გამოირჩეოდნენ, შემდეგ კი სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა.

ვაკო გვილია (6.0) - გვილია ნაკლებად ენერგიული იყო. მას კიდევ უფრო მეტი ფიზიკური სიძლიერე დასჭირდება, რათა 4 დღის ინტერვალით შეხვედრები თანაბრად გამართოს. ვაკოს მონდომება არ დაეწუნება.

Sportall.Ge

ვაკო ყაზაიშვილი (6.0) - "ულსანის" შემტევი პირველ ნახევარში აქტიური იყო - ერთხელ ცრუმოძრაობით მოწინააღმდეგის რამდენიმე მცველს გაუსწორდა, შემდეგ კი კარში ეფექტურად ურტყამდა და მცველი გადაეღობა. ვაკო გუნდურ დაცვაში ნაკლებად წარმატებით მუშაობდა და პასების გაცემაც უჭირდა.

ზურიკო დავითაშვილი (8.0)
- "არსენალის" ფეხბურთელს ბოლო დროს მნიშვნელოვანი სანაკრებო პროგრესი აქვს - მოედანს მარგი ქმედების კოეფიციენტის გარეშე არ ტოვებს. დავითაშვილმა ახლა საგოლე პასი გააკეთა. ზურიკო გუნდთან მოწყვეტილი არაა და ინდივიდუალიზმით არ ერთობა - შეტევაში ბურთს სწორად ანაწილებს.

Sportall.Ge

დავით ვოლკოვ
(8.0) - "ზირას" ფორვარდმა შვედეთთან კარგი დასაწყისი და სანაკრებო ამბიციები კიდევ უფრო გაიმყარა - შანსი მიიღო და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია (6.5) - "რუბინის" გარემარბს დაახლოებით ნახევარი საათი მიეცა. თავდაპირველად, პასიურობდა და თამაშის გამწვავება უჭირდა, შემდეგ კი გააქტიურდა და გოლის გატანაც შეეძლო - მოწინაღმდეგე ხარიხამ გადაარჩინა.

თორნიკე ოქრიაშვილი (6.5) - "ოქრი" შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, ერთხელ მშვენიერი ფინტი შემოგვთავაზა და ეფექტური მოძრაობით 2 მოწინააღმდეგე ჩამოიცილა. მოგვიანებით, ვოლკოვის გასვლის შემდეგ, ისევ ფორვარდის პოზიციას დაუბრუნდა და მონდომება არ დაუკლია.

გიორგი წიტაიშვილი (6.0) - ახალგაზრდა შემტევმა ერთხელ მშვენიერი დრიბლინგი შემოგვთავაზა, თუმცა მისგან უფრო მეტ აქტიურობას ველით.

გიორგი აბურჯანია (6.0) - საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ზონაში გარკვეული პრობლემები იყო და მეტოქე ზეწოლას აძლიერებდა. გიორგი სწორედ მის აღმოსაფხვრელად შემოვიდა. ერთ ეპიზოდში მეტოქეს შორიდან დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა, გუნდი კი ბოლო წუთებში უკან დადგა, ბურთის კონტროლი ნაკლებად სცადა და მეტოქის შეტევებს იგერიებდა.

გურამ გიორბელიძე - აზაროვის გაძევების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე წუთი იასპარეზა. ჩვენი გუნდი 4 მცველზე გადაერთო. შეფასებისთვის დიდი დრო არ მისცემია, თუმცა კვარაცხელიას შეტევა კარგად გაუგრძელა.

ვილი სანიოლი (8.0) - მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი ძირითად ბირთვსა და ბოლო დროს აპრობირებულ ტაქტიკაზე გააკეთა. შესაბამისად, ამხანაგური მატჩებისთვის დამახასიათებელი როტაცია ნაკლებად იყო.

სანიოლმა დასახულ მიზნებს მიაღწია - გაიმარჯვა და სამომავლო კონტურებიც უფრო მყარად გამოკვეთა. გარდა ამისა, იგრძნო, კონკურენციის გაზრდა უფრო მეტად სად სჭირდება.

altმთავარი პოზიტივი, საკადრო საკითხები და თავდაჯერებული სანიოლი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული