რას მოგვცემს ეს გამარჯვება სამომავლოდ? - სანიოლმა ბევრი რამ გამოკვეთა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით წარმატებული სერია გააგრძელა და ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო - ამხანაგური დაპირისპირება ბოსნიაში (1:0). ერთი გამარჯვებაც და ისტორიულ შედეგს გავიმეორებთ....

ტაქტიკის განმტკიცება და ექსპერიმენტის სიმცირე

ამხანაგურებისთვის გამოძახებული შემადგენლობის გაგებისთანავე ცხადი გახდა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბევრ ცვლილებას არ გეგმავდა, თუმცა შეხვედრის სტატუსიდან გამომდინარე, თუნდაც ტაქტიკურ სიახლეებს ველოდით, რაც არ მოხდა.

როგორც გამოჩნდა, სანიოლმა მთელი აქცენტი მის მიერ იდეალურად მიჩნეულ და წარმატებული ტაქტიკის დახვეწასა და შეთამაშებაზე გააკეთა. გარდა ამისა, ალბათ ერთგვარ საზომად "ერთა ლიგის" ჯგუფის თანალიდერებთან გასვლით
მატჩებში თამაშის შესაძლო სცენარიც იყო აღებული.

ფრანგი თავკაცის მხრიდან მთავარი ექსპერიმენტი გიორგი წიტაიშვილის ახალ პოზიციაზე გამოცდა იყო - ის ბოლოს "ჩერნომორეცში" მცველად ათამაშეს და ჩვენს ტაქტიკურ სქემაში ვილიმ მთელი ფლანგი ჩააბარა. სათამაშო პრაქტიკის არმქონე მოთამაშის სადებიუტო პოზიციაზე თამაშის შეფასება გადაჭრით რთულია, თუმცა ეს ადგილი წიტაიშვილისთვის იდეალური ნამდვილად არ უნდა იყოს. გიორგიმ საჯარიმოსთან ბურთი რამდენჯერმე დაკარგა, მეტოქის შეჩერებისას გააფრთხილეს კიდეც და შეტევით ფაზაშიც აქტიური არ ყოფილა. ჩვენს ნაკრებს მარცხენა ფლანგზე ახლა ირაკლი აზაროვი აკლდა, შესაბამისად, აქ საკადრო დეფიციტი არ არსებობს და ნაკლები შანსია, სანიოლმა წიტაიშვილი სხვა დროსაც მცველად მოიაზროს.

ისევ ხვიჩას ფაქტორზე

საქართველოს ნაკრების წარმატება დიდწილად, მაინც ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალიზმზე დგას. "ჯვაროსნებმა" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თუმცა "კვარას" აფეთქების გარეშე, საგოლე ეპიზოდის შექმნა გაგვიჭირდა. მშვენიერია, როცა ასეთი ლიდერი გყავს - საკლუბო ამბებში ამხელა ცვლილებების მიუხედავად, თავის დონეს არ კარგავს, თუმცა ამას ყოველთვის ვიმეორებთ - მხოლოდ ერთი მოთამაშის ხასიათსა და სათამაშო ფორმაზე დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ. ივნისში "ერთა ლიგაზე" ძალიან მჭიდრო გრაფიკია და წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ალტერნატივა უნდა გქვონდეს და არა უამრავი უკან პასი, ნაკლები რისკი, დაბალი ტემპი და ლიდერზე "ჩამოკიდება."

ასეთი ფორვარდი გვჭირდებ(ოდ)ა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქამდე, წინა ხაზზე არაერთი მოთამაშე გამოსცადა. ბუდუ ზივზივაძემ წინა შანსი კარგად ვერ გამოიყენა, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია - მეტოქის მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, ბურთსაც ინარჩუნებდა, წინ მიიწევდა და მთავარი - მაშინ, როცა ხშირად მომენტების გამოუყენებლობაზე ვწუწუნებთ, ბუდუმ პირველივე შანსი გოლად აქცია, ეს კი ძალიან გვჭირდებ(ოდ)ა.

ფორვარდი გუნდის სათამაშო სტილს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. როცა წინა ხაზზე ისეთი მოთამაშე გვყავს, რომელსაც მხოლოდ მაღალი გადაცემებით ვამარაგებთ და შეტევის განვითარებას ასე ვცდილობთ, მრავალფეროვნება ნაკლებია. ოქტომბრიდან მოყოლებული, ფრანგი მწვრთნელი და მისი გუნდი ასე ნაკლებად იქცევიან, კიდეც.

Sportall.Ge

"ახალი სისხლი" ნახევარდაცვაში

საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას ჯაბა კანკავას შეცვლა უწევს, რაც მარტივი არ იქნება. დებიუტანტ ანზორ მექვაბიშვილს ცოტა დრო მიეცა და ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მაინც ჩანს, რომ შუა ხაზს "ახალი სისხლი" სჭირდება. გასაგებია, ოთარ კიტეიშვილი ფორმას აკრეფს და ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება. საინტერესოა ისიც, სანიოლი გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს ახლა სად ხედავს?

გიორგი აბურჯანია კარგად გამოიყურებოდა, არც ართმევებსა და პრესინგის თამაშს მორიდებია, მაგრამ მას კლუბში ცოტას ენდობიან და ეს მის თამაშზე ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს. ამავე სიტუაციაშია ვაკო გვილიაც, რომელიც აქტიურად შემოვიდა და თამაში გამოაცოცხლა - მას მუხტი სულ შემოაქვს...

მეკარის საკითხი

როგორც ვილი სანიოლმა დაგვიანონსა, ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგურ შეხვედრაში ნაკრების კარში გიორგი მამარადშვილი დაიცავს. ამ საკითხზე ბევრი საუბარია და  ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას - გიორგი ლორია "ჯვაროსნების" მთავარი კიპერია და ამ ეტაპზე, ეს სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება. კარგია, როცა შენი ფეხბურთელი "ვალენსიას" კარს იცავს, თანაც "მშრალი" სერია აქვს, კონკურენციის ზრდაც ცუდი არასდროსაა, პირიქით...

ვილი სანიოლს გუნდის უკეთ შესწავლის კიდევ ერთი შანსი აქვს, ივნისიდან კი ძალიან დატვირთულ ბრძოლაში შევდივართ, სადაც წარმატებისთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი იქნება.

altსანიოლი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა - ეს ესპანეთთან და შვედეთთან ვაჩვენეთ

altსაქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბოსნიას სძლია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 37 /
ერთი რამ იცოდეთ ყველამ, ცუდი თამაშით ბოსნიას კი არა, დღეს ფარერებს ვერ მოუგებ, რატომ იყო ცუდი თამაში, გოლის მერე ბოსნიას რა ექნა არ იცოდა, ეს თავისით არ ხდება, ესე იგი ზონებს კარგად ვკეტავდით, ჩვენ გვინდა ისეთი კაცი, რომელიც ბურთის ართმევის მერე ზუსტად იმ პასს გააკეთებს, რომელიც თამაშს გაამწვავებს, კვეკვე არაა ეს ტიპი, თუმცა სოლიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც უკან პასისკენა აქვს მიდრეკილება, დავითაშვილი სერიოზულ ფეხბურთელად ყალიბდება, კიტე და ჩაკვე ძალიან გვაკლია, აზაროვიც დაემატება და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით, ზედიზედ 4 თამაშს ცუდი თამაშით დღეს ვერავის მოუგებ.
2
ზივზივაძე ბოლოს მაგრად დაიღალა, მაგრამ საჭირო დროს მაინც დაიჭირა ბურთი ბოლო წუთებზე, ეტყობა ჯიგრიანი ბიჭია, უნდა მოუმატოს ქვილითაიამ, ჩაკვემ, კიტეიშვილმა და იმათმაც ვინც გუშინ ითამაშა, თორემ ძალიან სუსტად გამოვიყურებით მაინც. ისე ოთხი მოგება ზედიზედ ასწორებს რაც არ უნდა იყოს
რეზო
13:22 26-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული