საუკეთესო სანიოლი - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
ბულგარეთი-საქართველოს (2:5) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

Sportall.Ge

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, რითაც გოლისგან გვიხსნა და ხიფათს კარიდან გამოსვლითა და მეტოქისთვის ფეხებში ჩავარდნითაც აგვარიდა. გაშვებულ გოლებში გიორგის ბრალეულობა არ ყოფილა.

მთავარი პრობლემა, რაც "ანორთოსისის" კიპერს ჰქონდა, თამაშში ბურთი ხშირად არაზუსტად შეჰყავდა.

საბა კვირკველია (6.5) - გამოცდილმა მცველმა თამაში ენერგიულად დაიწყო - მასპინძლებს შორის ყველაზე სახიფათოდ მიჩნეულ დესპოდოვს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, მაღალი კლასის დემონსტრირებას ავლენდა და მოწინააღმდეგეს ფლანგი შეაცვლევინა.

ამის
შემდეგ საბამ ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, ერთგან გოლი გავუშვით, მეორედ კი  ლორიამ გადაგვარჩინა.

გურამ კაშია (6.5) - კაპიტანს, რომლის გარეშეც საქართველოს ნაკრების დაცვის წარმოდგენა რთულია, კარგი მატჩი არ გამოუვიდა. ცენტრალური მცველები შეცდომებს უშვებდნენ, განსაკუთრებით, საჰაერო ორთაბრძოლებისას და ორივე გოლი ასე გავუშვით.

დავით ხოჭოლავა (7.0) - ცენტრალურ მცველებს შორის "კოპენჰაგენის" ფეხბურთელს ყველაზე ნაკლები შეცდომა ჰქონდა. ერთხელ საკუთარ კართან ბურთი დაკარგა და  ხიფათი შეიქმნა. მეორე გოლის დროს, ასხლეტილი ბურთისას, გუნდის გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ოთარ კაკაბაძე (7.0) - ოთარი მისთვის უფრო ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა. ვილი სანიოლის გუნდი, ძირითადად, კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა. კაკაბაძე თანაგუნდელებთან შეტევაში კარგად კომბინირებდა, მისი ფლანგიდან კი დაცვაში ნაკლები პრობლემა შეიქმნა.

ნიკა კვეკვესკირი (7.0) - ნიკა ბევრს მუშაობდა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში. როცა მეტოქე პრესინგს აძლიერებდა, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას უჭირდა. კვეკვესკირს "ჯვაროსნებში" სადებიუტო გოლის გატანა შეეძლო, თუმცა პენალტი ძელს მოარტყა.

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანია (8.0) - "აბუს" კარგი სანაკრებო მატჩები აქვს. ბულგარეთში მან ნახევარდაცვაში ბევრი საქმე გასწია, ამავდროულად კი, ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად იყენებდა. გიორგი დასარტყმელ პოზიციაზე რამდენჯერმე აღმოჩნდა, თუმცა ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ბუდუ ზივზივაძე მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა.

ირაკლი აზაროვი (8.5) - ბათუმის "დინამოს" ფლანგელმა მონაწილეობა თითქმის ყველა საგოლე კომბინაციაში მიიღო, მისი გოლი კი, საბოლოოდ, ავტოგოლად გაფორმდა.

შეტევაში თამაში მართლაც ბრწყინვალე იყო, თუმცა ირაკლის დაცვით ფუნქციებში შეცდომები ჰქონდა - ბურთიც დაკარგა და მეტოქეს პირველი გოლისას ჩაწოდების საშუალება მისცა.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (8.5) - დავითაშვილის თამაში აღფრთოვანებას იწვევს. ჯერ კვარაცხელიას ბრწყინვალე პასი ოსტატურად გამოიყენა, შემდეგ კი, მთელი თამაშის განმავლობაში, უამრავი სამუშაო შეასრულა როგორც შეტევის გამწვავების, ასევე მეტოქისთვის ხელის შეშლის კუთხით. ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელს ახლა რამდენიმე გუნდი აკვირდება და მისი ასეთი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.

ხვიჩა კვარაცხელია (9.0) - "კვარამ" კიდევ ერთი თამაშის ბედი გადაწყვიტა - პირველი ორი გოლი მისი დიდი ძალისხმევით გავიდა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თავადვე გაიტანა და ბულგარელთა იმედები დაასამარა. ერთ ეპიზოდში საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქეს ბურთი მშვენივრად აართვა და შეტევა თავად წამოიწყო.

ბუდუ ზივზივაძე (8.5) - საქართველოს ნაკრებს ასეთი ცივსისხლიანი ფორვარდი საკმაოდ დიდი ხანია, რაც არ ჰყოლია. როცა მეტოქემ ანგარიში შეგვიმცირა, ბუდუს მესამე გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. იმ ეპიზოდშიც, როცა თამაშგარე დაფიქსირდა, ზივზივაძემ მეტოქის კარი მშვენიერ სტილში აიღო.

გიორგი მიქაუტაძე (7.5) - თუკი წინა მატჩში, გარკვეულ ეპიზოდებში, გიორგის ზედმეტი ინდივიდუალიზმი დავუწუნეთ, ახლა მან ბრწყინვალედ იმოქმედა და ყაზაიშვილს გაატანინა. "ჟორჟი" ძალიან აქტიური და მონდომებული იყო.

ვაკო ყაზაიშვილი (7.5) - უკვე მეორე შეხვედრაა, ყაზაიშვილი მოედანზე შემოდის, აქტიურობს, საჭირო ადგილას ჩნდება და ერთი მოძრაობით მეტოქის კარს იღებს. როგორც ჩანს, ის სანიოლს კვარაცხელიას მშვენიერ შემცვლელად წარმოუდგენია - ხვიჩას, დაახლოებით, ერთი საათი ეძლევა, დანარჩენი ნახევარი კი - ვაკოს, რასაც ის მშვენივრად იყენებს.

ლადო მამუჩაშვილი (6.5) - ბათუმის "დინამოელი" შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოედნიდან გასული ოთარ კაკაბაძის პოზიცია დაიკავა. სწორედ მამუჩაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა მეორე პენალტი ბულგარელთა კარში.

ვაკო გვილია (6.5) - სანიოლს ყველა შეცვლა გამოუვიდა, თამაშიდან არცერთი ახალი ფეხბურთელი არ ამოვარდნილა. გვილიამ მინდვრის ცენტრში ახალი ენერგია შეიტანა.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილი - შეფასებისთვის ცოტა დრო მიეცა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, ბურთთან ურთიერთობა რა კარგად გამოსდის. ჩრდ. მაკედონიაში სასტარტოში ველით.

ვილი სანიოლი (10) - პირველად ჩვენი შეფასებების ისტორიაში, ვილი სანიოლმა მაქსიმალური ქულა დაიმსახურა.

მწვრთნელის შეფასება ჯერ შემადგენლობის შერჩევით იწყება. ვილიმ გარისკა და წინა შეხვედრის გმირი საბა ლობჟანიძე სასტარტოში არ გაამწესა. როტაციამ გაამართლა - საქართველოს ნაკრებს პრობლემა არ ჰქონია.

მეტოქე მაქსიმალურად შესწავლილი იყო და ფრანგმა დამრიგებელმა ბულგარელი ვიზავი პირწმინდად დაჯაბნა. სანიოლმა სექტემბრის ცუდი თამაშებიდან (მათ შორის, ბულგარეთში) ბევრი ისწავლა და ჩვენი გუნდის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებსა თუ ხასიათს კარგად იცნობს.

ცვლილებები - კიდევ ერთი ინდიკატორი, სადაც სანიოლის ყველა გადაწყვეტილებამ გააამართლა. განსაკუთრებით ეს მიქაუტაძე-ყაზაიშვილის შემოსვლას ეხება.

ძალიან მოგვწონს ის ურთიერთობებიც, რასაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ვხედავთ. იმედია, ჩრდ. მაკედონიაშიც ასევე გაგრძელდება.

altკომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს...

alt"ასეთი რამე ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა..." - მერაბ მეტრეველი ნაკრებს "ფეისბუქპოსტს" უძღვნის

მკითხველის კომენტარები / 23 /
ერთი ბულგარეთის მოგებით დიდ ამბავს ნუ ავტეხავთ.
ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია. ბულგარეთთანაც უამრავი უაზრო შეცდომა იყო, რასაც სხვა გუნდები არ გვაპატიებენ. სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებში მაღალ კლასს ვერ ვხედავ (ერთი ორი მოთამაშის გარდა). მაკედონიაში თუ არ წავაგეთ, იქნება ძალიან კარგი შედეგი.
გენა
07 ივნისი 2022 12:26
44
ეიფორიაში ყოფნა ახსენეს და მახსენდება ხორვატებს რომ მოვუგეთ კობიაშვილის გოლით და უკვე ჯგუფიდან გასული რომ გვეგონა ნაკრები. მომდევნო თამაში ისრაელთან გვქონდა გასვლა და ზუსტად მაგ ეიფორიამ დაგვღუპა ფეხი არ გაგვინძრევია ისე უჟილკოდ წავაგეთ
რაბუ
07 ივნისი 2022 11:58
22
რამდენი დისლაიქიც არ უნდა დაწეროთ ეგ მწარე რეალობა გვქონდა იმიტო რომ არაპროფესიონალი იყო ძველ ნაკრებში 70 პროცენტი. პროგესიონალიზმი მარტო ფინტი არაა პირველ რიგში დისციპლინა, ვარჯიში და შემდეგ ნიჭი რომელიც ან გქონდა ან არ გქონდა. ხორვატებთან მოგებამ კიდე ეიფორიაში ჩააგდო მთელი ნაკრები. დღევანდელი ნაკრების კიდე მეიმედება იმიტო რომ ჯანსაღი გარემოა და გასაკეთებელს ჟილკით და ჯიგრულად აკეთებენ
რაბუ
07 ივნისი 2022 17:41
0
იმ ნაქკრებს ნაღდათ ჯობია ეს ნაკრები, ვინ გვყავდა მაშინ კობიაშვილი, კალაძე, რომლებსაც შემტევებს ვერ დაარქმევ და იაშკა ფორვარდებათ გვყავდა სირაძე, მარცვალაძე და ეგეთები. გოგუასზე და მზგავს ხუშტურიანებზე არაფერს ვამბობ. ასეთი თაობა არასოდეს გვყოლია ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძეების მერე.
ttt
07 ივნისი 2022 16:07
0
ყველა გამოხმაურება
საფრანგეთი და ესპანეთი ვერ ვართ. ამას ჭირდება ეკონომიკურად მყარი ქვეყანა ვიყოთ, ძლიერი საფეხბურთო იმფრასტრუქტურა.
მაგრამ აქამდე ჩვენი ფეხბურთი რა სამარცხვინო შედეგებსაც ებდა ამაზე ყოველთვის ვთვლიდი რომ არასწორი მიდგომის ბრალი იყო.
ჩვენს ფეხბურთს ასეთი სავალალო მდგომარეობაშიც კი ქუნდა გარკვეული შედეგის დადების რესურსი.
უბრალოდ იყო ფაქტორები, ფედერაციის უუნარობა, უვარგისი მწვრთნელი, ფეცებზე დაკიდება და სხვა.
las
07 ივნისი 2022 11:55
2
კვეკვესკირს არ დავუწერდი მაღალ შეფასეას, ერთერთი ყველაზე სუსტი რგოლია!
ლადო
07 ივნისი 2022 11:50
20
ორი ძალზედ მძიმე თამაშები გველის! ბულგარეთთან სტადიონი უნდა გაივსოს 12 ივნის! ბულგარეთთან მეორე მოგება გადაწყვიტავს ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილს!
მწვრთვნელი
07 ივნისი 2022 11:23
1
უშუალო და თავმდაბალი კაცია, ხან ფეხით სეირნობს თბილისის ქუჩებში და ხან სქროლით კატაობს. "ძმაკაცური" უჭირავს ფეხბურთელებთან რაც ყველაზე კარგია. ჯერჯერობით მშვენივრად მიდის მაგრამ მთავარი გამოცდები წინ ელოდება. ღმერთს ვთხოვ ევროპაზე გაიყვანოს ნაკრები. ერთხელ ჩვენც უნდა გვეღირსოს ეს ბედნიერება.
ქართველი
07 ივნისი 2022 11:13
1
უკვე ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ რაიმე ეგოიზმის მსგავსი მთლიანად უნდა გამოვრიცხოდ, ჩავატარეთ ორი უმძიმესი მატჩი, გვაქვს შედეგი, თუ რომელიმე ფეხბურთელი გრძნობს, რომ სრულად არ არის მზად თამაშისთვის ეს დროულად უნდა აცნობოს მწვრთნელს, ვიდრე შემდეგ სანანებელი არ გაუხდეს, გუნდს ევროტურნირი დავაკარგვინეო და თანაც წარმოვიდგინოთ გულშემატკივართა შეფასებები. შედეგის მიღწევაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა. მე კი ვუსურვებ ნაკრების ბიჭებს, კიდევ უფრო გაეუმჯობესებინოთ უკვე არსებული შედეგი შემდე 2 მატჩში.
გიზოგ
07 ივნისი 2022 11:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული