ფეხბურთი გვაერთიანებს - 30 წელია, მეტს არაფერს ვითხოვდით...

AutoSharing Option
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" იმ გათამაშებაში ჩაერთო, რომელიც, საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დაგვირგვინდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელსაც ორწლიანი "დაძველება" აქვს მაგრამ ახლაც აქტუალური და კიდევ უფრო სასიამოვნოდ საკითხავია...

რაც გვაკლდა და ვითხოვდით...

თუკი დამოუკიდებლობის უკვე არც ისე პატარა ისტორიას გადავხედავთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში მაღალი დონის ფეხბურთელებიც ყოფილან და სახელოვანი მწვრთნელებიც, თუმცა არსებობდა პრობლემები, რომლებიც ყველა დროში სახასიათო იყო. რამდენიმეს გამოყოფა შეიძლება:

კონცენტრაციის დაკარგვა - არაერთი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როცა გოლები ტაიმების ბოლოს
გავუშვით, თანაც ისეთ მატჩებში, სადაც თითქოს უპირატესობას ვფლობდით;

ნაკლები გუნდურობა და ერთსულოვნება - ხშირად ამ ტიპის პრობლემებსაც ვერ გავურბოდით, რაც შესამჩნევი როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა იყო (გაუგებრობები, უკმაყოფილებები, დაპირისპირებები);

მოთამაშეები ბოლომდე არ იხარჯებოდნენ - დარწმუნებული ვარ, ეს მოსაზრება, ხშირ შემთხვევაში, არასწორი იყო, თუმცა უფრო იქიდან გამომდინარეობდა, რომ ჩვენი ლეგიონერები საკმაოდ მაღალი დონის გუნდებში ასპარეზობდნენ, ნაკრებში კი თავის გამოჩენას ვერ ახერხებდნენ. როცა ყველაფერი თავის ადგილას არაა, მაშინ კითხვები მონდომებისა და მოტივირების მიმართაც ჩნდება და ხშირად მათ შესაბამისი პასუხი არ გაეცემოდა...

რასაც ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრებს ვუყურებთ, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები (და არამხოლოდ) აღმოფხვრილია, ეს კი ისაა, რასაც ქართველი გულშემატკივრები ითხოვდნენ - ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლო, საკუთარი შესაძლებლობების გწამდეს და ჩვენი დონის თუ ოდნავ უკეთეს ნაკრებთან გამარჯვების სიხარულს გვაზიარონ.

სპორტს და ფეხბურთს ბევრი შეუძლია, მათ შორის, საზოგადოების გაერთიანების საქმეში. ამ კუთხით ახლა იდეალური სიტუაციაა, რაც საშინაო მატჩებში კიდევ ერთხელ დავინახავთ.

Sportall.Ge

მაშინ როგორ მოხდა?!

ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებს ცუდი პერიოდი რომ ჰქონდა, მაშინ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის მისამართით ვთქვით, რომ იმედია, მის შეფასებაში არ შევცდით. პოზიტიური დამოკიდებულება კი სადებიუტო შეხვედრებში კარგი მატჩებიდან მოდიოდა. ამ გადასახედიდან გასაკვირი ისაა, ფრანგ სპეციალისტს ის ცუდი პერიოდი რატომ დაუდგა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ახალ ტაქტიკურ სქემასთან ადაპტაციის პროცესის დასახელებაც შეგვიძლია...

სანიოლი ცდილობს, საკუთარ გუნდს თანამედროვე ფეხბურთი ათამაშოს, რაც ასე მარტივად მისაღწევი სულაც არაა. მაგალითად, ამის ერთ-ერთი კომპონენტი აქტიური პრესინგია, რაც ჩვენების საყვარელ საქმედ ნამდვილად არ მიიჩნევა. როგორც ჩანს, ვილი ამ თემაზე ბევრს მუშაობს. უკანასკნელი მატჩებიც რომ ავიღოთ, ბურთის მოპოვების კუთხით გაუმჯობესებული თამაში აღსანიშნავია. თეორიულად დაწერილ გეგმას ფასი არ ექნება, თუკი მას მოთამაშეები არ შეასრულებენ. ამიტომ მწვრთნელი გადაწყვეტილებებს მისი გუნდის შესაძლებლობიდან გამომდინარე იღებს. ის, რომ პერიოდულად მეტოქეს მინდვრის ცენტრს ვუთმობთ და კონტრშეტევებზე შანსს ვეძებთ (მოგვწონს თუ არა), სწორედ რესურსიდან გამომდინარე ნაბიჯს ჰგავს.

Sportall.Ge

მაქსიმალურად გუნდურ "ჯვაროსნებს" ვხედავთ. თუკი რამდენიმე შემთხვევას არ ჩავთვლით, საკუთარ თავზე ზედმეტად ფიქრისა და საერთო ინტერესების დაზიანება არ ყოფილა, რაც ცალსახად მწვრთნელის სწორ მუშაობას უნდა უკავშირდებოდეს.

საქართველოს ნაკრებმა მოახერხა, ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ უფრო თავდაჯერებულად შეეტია, მეტოქის ნახევარზე მაქსიმალურად ზემოთ აწეულიყო და დაეჯერებინა, რომ მიუხედავად იმისა, სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ იქნებოდა, მოგებაზე ფიქრიც შეიძლებოდა. სანიოლმა კარგად იგრძნო, რომ მეორე 45 წუთში მეტოქე მოსაგებად გაიწევდა და ეს მის გუნდს შანსებს გაუზრდიდა, რაც ასეც მოხდა. გუნდს ოთარ კიტეიშვილის შემოსვლა ისევ ძალიან მოუხდა. მეტოქის მწვრთნელმა აღიარა, რომ მისი ფეხბურთელები ფიზიკურად დაიჯაბნენ.

ფრანგი დამრიგებელი ყველანაირად ცდილობს, თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია გაზარდოს. რა თქმა უნდა, ლიდერები ყველა გუნდში არსებობენ, თუმცა ვინმე ასე მარტივად იფიქრებდა, გიბრალტართან ისეთი შეხვედრის შემდეგ საბა ლობჟანიძეს მომდევნო ორ მატჩში ასე ცოტა დრო მიეცემოდა? მსგავსი ნაბიჯები მწვრთნელის გაბედულებას, რწმენასა და კომპეტენციას ხაზს უსვამს. კარგი იყო გიორგი მამარდაშვილის სასტარტო შემადგენლობაში თამაშიც.

სად არის ის ხალხი?

ზოგჯერ რაღაცები უნდა ითქვას, თუნდაც ცხელ გულზე და სიხარულის პერიოდში. ეროვნული ნაკრების თითოეულ მარცხზე (რაც არავის გვსიამოვნებდა) ჩასაფრებული გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონების ადგილას სხვადასხვა საშუალების გამოყენებას ითხოვდნენ, უკვე მოძველებული ამბავია, ცოტა ხნის წინ კი ხვიჩა კვარაცხელია ბევრმა სტრესში მოაქცია, რადგან მას რუსეთიდან წასვლა დაუგვიანდა და სტადიონზე ამის სტვენით და სხვა საშუალებებით გაპროტესტებასაც აპირებდნენ.

კარგად ვხედავთ, კვარაცხელიას კარიერა როგორ განვითარდა და იმასაც ვამჩნევთ, ეროვნული ნაკრებისთვის რამდენს აკეთებს. უკანასკნელ მატჩს ძალიან რომ არ ავცდეთ, გოლი წარმოუდგენელი პოზიციიდან გაიტანა. არავინ არავის ჯიბრში ჩადგომას არ აპირებს, პირიქით, თითოეულ ამ ადამიანს შეუძლია საერთო ზეიმის ნაწილი გახდეს და დასაწყისში ნახსენები ერთიანობა და სოლიდარობა, რისი მიღწევაც მაინდამაინც არ გვიმარტივდებოდა, ახლა რეალური გავხადოთ.

Sportall.Ge

რაც შეეხება კვარაცხელიას ("ნაპოლიში" მაშინ გადავიდა. რედ), შეუძლებელი ჩანს, ის იტალიის სერია "ა"-ში ერთ-ერთი გამორჩეული არ იყოს და შემდეგ უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს, არანაკლების, ვიდრე ეს თუნდაც კახა კალაძემ (ჩემპიონთა ლიგის 2 ტიტული) შეძლო.

უახლოესი გეგმები

კარგად დაწყებული ასევე გაგრძელებასა და დასრულებას მოითხოვს. საქმე მხოლოდ "ერთა ლიგის", ფაქტობრივად, უკვე მოგებულ ჯგუფში ან თურქეთთან, საბერძნეთთან თუ სლოვაკეთთან შესაძლო პლეი-ოფშია (გადამწყვეტი მატჩები კვლავ თბილისში რომ ჩატარდეს, ლიგაში საუკეთესო უნდა ვიყოთ), საშუალოზე მაღალი დონის, სტაბილურ ნაკრებად აუცილებლად უნდა შევდგეთ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ წილისყრაში უკვე უკეთეს კალათაში ვიქნებით და თუკი საშინელ უიღბლობასა და ორი გრანდის "დაჯახებას" ავცდით, წარმატების მიღწევაზე ფიქრი იქაც ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს და წინასწარ "საპატიო მესამეზე" ფიქრი არ უნდა დავუშვათ. გასაგებია, "ერთა ლიგა" ერთგვარად "საჩვენო" ტურნირად იქცა, მაგრამ აქ მიღებული გამოცდილება და დონის ამაღლება შესაბამისად უნდა გარდავსახოთ!..

altგოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

altსანიოლი: ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს - ხვიჩა იტალიაში ტოპი გახდება!

მკითხველის კომენტარები / 32 /
მე ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი საიდან დაიწყო, ხვიჩამ ბერძნებს, რომ გაუთანაბრა სალონიკში და ბურთი თავისი ხელით წამოიღო ... ზუსტად მანდ დავინახე მომავალი! ამ ბიჭებს სხვა ფსიქოლოგია და სხვა მიზნები აქვთ ხვიჩას თამადობით სუყველას!!! ამას ველოდით ბიჭოოოოოოოოოოო!!!!!!!!!! რამდენი ხანია ... ამას ველოდებოდით!!!!
დიმო
17:02 10-06-2022
1
ისა და ლაშა დვალიშვილი და ვახო სანაია მომიკითხეთ,ვილი სანიოლის დანიშვნის გამო,რომ ჯვარს გააკრეს ფედერაცია და დილიდან საღამომდე ილანძღებოდნენ,ეს ვინ ჩამოიყვანეს,სტაჟიორი მწვრთნელიო.ეხლაც ალბათ ჩასაფრებულები არიან,ოღონდ ფეხი დაუცდეს ნაკრებს,
საქართველო
16:50 10-06-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული