"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
და ჩვენი ბრალია, თავისუფლად ვაძლევდით გვარის გადაკეთების საშუალებას, გვარი კი გადაკეთდა იან-დან შვილი-ზე ან ძე-ზე, მაგრამ განწყობა არ შეცვლილა
llcl
23 ივნისი 2022 20:51
6
აუ, რა ჟურნალისტიკის ჭ კლასი ხართ თქვენ რომ ხვდებოდეთ.. ძალიან მწყინს, ძალიან! ვიღაცას სულ რომ მართლა ჩასაფრებულის პოზიციიდან ეთქვა რამე, ყურადღება არც კი უნდა მიგექციათ, მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ ვიღაცის პოზიციას, რომელიც შეიძლებოდა უკეთ გამოეხატა ან უფრო უარესად, გამოგეყოთ და სტატია მიგეძღვნათ. სირცხვილია უბრალოდ. მეც ვთქვი ამას წინად რომ არ არის-მეთქი ხვიჩა ტოპ კლუბის დონის. და რა?? ჩასაფრებული ვარ და ქართველების კარგი არ მიხარია? პირიქით გამიხარდება თუ მცდარი იქნება ჩემი აზრი, მაგრამ ასე ვფიქრობ და იმიტომ რომ თქვენნაირმა ინფანტილმა რაღაც არ დამწამოს, ხმა არ უნდა ამოვიღო? ძალიან უხერხული და ინფანტილურია ასეთი მიდგომა. აზრის გამოთქმის უფლებას ნუ ართმევთ ხალხს. თქვენ ხართ პლატფორმა და სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე პირველ რიგში თქვენ უნდა იდგეთ როგორც ჟურნალისტები. მაგრამ როგორც ჩანს თქვენშიც ბევრია ჩვეულებრივი განუვითარებელი ძალად-პატრიოტი.
odala
23 ივნისი 2022 18:24
23
ჭ კლასის აქ მხოლოს თქვენი კომენტარია. და ფრთები შეგესხმებათ ხვიჩას თუ გალანძღავთ თუ თავმოყვარეობა გიკმაყოფილდებათ ამით?
ოდალა ს
23 ივნისი 2022 18:45
3
არაფერი გასაცხარებელი არ არის ამ სტატიაში თუ არ დაიზარე და ყურადღებით წაიკითზე, ცხდაია. იმათზეა ვისაც ბოღმავს ჩვენი ფეხბურთის ბოლო დროინდელი წარმატება, და ასეთები ცოტა არ არიანო. ისაც წერია ასეთებს არ ვაქვეყნებთო. შენ ხო გაქყვენებენ და შენს თავზე რატომ მიიღე? და თუ მაინც მიიღე, ეს უკვე შენი პრობლემაა, და იქით სხვებს შეურაცხოფას აყენებ.)))
გიორგი
23 ივნისი 2022 19:01
3
გამოჩნდა წარმატებული ადამიანი და უამრავი ძალად ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველებს მხოლოდ ცუდს, ნაცვლად იმისა, რომ გაიხარონ და ახალგაზრდა კაცს წარმატებული კარიერა უსურვონ. ღმერთმა უკვე მოხედა ხვიჩას და ზოგიერთების ბოღმა მას ვერაფერს დააკლებს. წარმატებას ვუსურვებ ქართული ფეხბურთის იმედს!
Guja Kakhadze
25 ივნისი 2022 12:26
1
დამიჯერეთ არ იყვნენ მარტო ნაცები ვინც ხვიჩას ლანძღავდა, თუმცა ეგენიც იყვნენ რათქმაუნდა.
მე ყველაზე დიდი ანტიქოცი ვარ და სადაც მთავრობაზე რაიმეს ვიტყვი ეგრევე ნაცობას მაბრალებენ და როგორც კი ნაცებს გადავწვდები, ქოცი ხომ არ ხარო:))
ანუ იმდენი მოახერხეს ტელევიზიებმა ადამიანები მხოლოდ ორ კატეგორიად დაყვეს და ხალხიც არ აზროვნებს, მოგდებულ მზა პროპაგანდას გიმეორებს გაუაზრებლად.
კი არ აქვთ იმის უნარი ნაცის და ქოცის იქეთ ადამიანი დაინახონ.
პროდასავლურად განწყობილი ლიბრალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ, ჩემი აზრი გამაჩნია ყველა საკითხზე და რატომ ვარ ნაცი? რადგან ევროპა მინდა და რუსეთი ჭაობი მგონია?
თვითონ გამოჰყავთ ისე, რომ ნაცების გარდა არავის უნდა თურმე დასავლეთი. მხოლოდ ნაცებს უნდათ ევროპა და სხვა ყველას რუსეთი?
არაა ასე ბატონებო!
ხვიჩას რომ ვიცავდი, ვიღაცამ დამიწერა, რუსკი კარაბლს გაჰყევიო და მაშინ მივხვდი რა დონეზეა ჩვენი საზოგადოება დაცემული:))
აზრიც კი არ აქვს წიგნის წაკითხვა და განათლების ურჩიო.
ჩემზე დიდი ანტირუსეთუმე ადამიანი არ მეგულება, უბრალოდ ხვიჩა რატო უნდა გაელანძღა ამ ქვეყნის ნებისმიერი იდეოლოგიის მაცხოვრებელს არ მესმის უბრალოდ!
Spain
24 ივნისი 2022 23:57
4
რატომ გიკვირთ იმის მერე რაც ნახეთ ტელევიზიაში?გარეჯის ნახევარზე ჩვენი არააო და ტაში დაუკრა სტუდიამ.წმინდა მიწაზე არიან მზად თქვან უარი და ფეხბურთის გუნდი რა ფეხებზე კიდიათ ან ქართველთა წარმატება.
მოსეხონელი
24 ივნისი 2022 05:40
1
მარტო მხილება არას იზავს, ღალატისთვის ქვეყნიდან გაძევება უნდა იყოს მინიმუმი სასჯელი, მაქსიმუმ ენის და საჩვენებელი თითების მოკვეთა.
ალიოხა
23 ივნისი 2022 22:31
1
სკამის ფორმას რაც შეეხება, მაგის დამწერებს სკამის ფორმა უნდა მიაღებინო ოღონდ სხვანაირად. ელეკტრო სკამიც არსებობს თუ უნდათ
instructor.
23 ივნისი 2022 19:52
2
იქ რომ გადავა მერე ნახეთ ჰეითერები, მესის და რონალდოს ყავს ჰეითერები და ხვიჩასაც ეყოლება ისევე როგორც ეყოლება გულშემატკივრები, ეს ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში. მაგან რაც დაწერა იმაზე უარესი იყო რასაც გორის სტადიონზე ყვიროდა ზოგიერთი როცა მოუწოდებდნენ გორის ფეხბურთელებს რომ ფეხი მოტეხათ ხვიჩასთვის :)) ასე რომ დაიკიდე, ყურადღებას ნუ მიაქცევ.
ატლანტამ მხრები გაშალა
23 ივნისი 2022 19:23
3
ყველას, ყველას, ყველას!!! ვინც ბოღმიან,ბოროტ და აშ. კომენტარებს წერს და დაწერს დროშის ტარის ღირსია (მხოლოდ და მხოლოდ ელჭიპიტი დროშის ტარის) და მერე მაგ ტარზე ქანაობის..აბა ჰე დროშები ჩქარა :)
ადმინ გამომიქვეყნე ძმურად :)
ჯავახელი
27 ივნისი 2022 10:31
0
თანამედროვე სპორტი და გამორჩეულად ფეხბურთი(ფუტბოლ) უპირველესად ფულის საჭრელი "სტანოკია". ნაპოლიც იხეირებს და კვარაც. საკითხავია თქვენ რა გეშველებათ თეთრი და შავი ვერ გაგირჩევიათ, მშიერმუცელა მონებო!
ბორია, მიშა, ედიკა, ზვიადი და სანახაობა.
24 ივნისი 2022 13:25
5
მაშინ საერთოდ აკრძალონ ფეხბურთი ეგ გინდა….წინა კომენტარებში რაც ეწერა ანტი საფეხბურთო იდეოლოგი ხარ!!!
ჯუბა
25 ივნისი 2022 09:22
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული