23 სექტემბერს საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ტრავმების გამო დარკო ჩურლინოვი (ბარნლი), ვალონ ეტემი (ისტანბულსპორი), სტეფან რისტოვსკი და არიან ადემი (ორივე ზაგრების დინამო) ვერ დაეხმარებიან.
მიუხედავად ამისა, ჩვენი მეტოქის ფეხბურთელები მაინც ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.
იანი ატანასოვი: "თბილისში დანაკლისით მივემგზავრებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აგრესიულობას გამოვიჩენთ და 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, წარმატებისთვის ვისწრაფვით და ამის მოედანზე ჩვენების იმედი გვაქვს. მწვრთნელმა დავალებები მოგვცა და მათი შესრულება გვმართებს".
ბოიან მიოვსკი: "საქართველოს ნაკრები ძალიან გაძლიერდა. ეს ვიცით. სკოპიეში მეორე ტაიმში
თავინთი კლასი აჩვენეს. ვფიქრობ, თუ პირველ ტაიმში გოლს გავიტანთ, სულ სხვა თამაში წავა. წამყვანი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით. ვიცით, როგორი ატმოსფერო იქნება. მოწინააღმდეგე უფრო მომგებიან სიტუაციაშია, პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება. მძიმე შეხვედრას მოუთმენლად ველით და თავის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მზად ვართ. ფეხბურთი - ეს მიზანია, ეფექტურობის ამაღლება გვჭირდება. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ვარჯიშებზე დავალებებს გვაძლევს და ცდილობს აგვიხსნას, თუ რა სუსტი წერტილები აქვს მეტოქეს".
ენის ფაზლაგიჩი: "უნდა გვჯეროდეს, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია, რაც რეალურია. საქართველო მაღალი დონის მეტოქეა და საბრძოლველად მაქსიმალურად მოვემზადებით. ყველაზე მთავარია მოვიგოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ".
დორიან ბაბუნსკი: "ბოლო რამდენიმე მატჩი კარგად ჩავატარეთ და თუ ასევე გავაგრძელებთ, დადებითი შედეგების მიღწევას შევძლებთ. სკოპიეში ქართველებთან პირველ 60 წუთში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მათზე უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ დავიღალეთ და დავმარცხდით. მთელი 90 წუთის განმავლობაში ტემპის შენარჩუნებაა აუცილებელი".