სანიოლის ორმაგი ჯეკპოტი, უზარმაზარი ვაკუუმი მოედნის ცენტრში და მეტი "თავისუფლება" კვარაცხელიას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ერთგვარი ბლიცკრიგი განახორციელა, ორი დივიზიონით დაწინაურდა, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ზედიზედ მეორედ გავიდა, ბოლო 10 მატჩიდან კი 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. "ჯვაროსანთა" თავკაცმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელია, მაგრამ წარმატებას დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს და ის აბსოლუტურად მართალია.

ვეცდები ჩემი მოკრძალებული, სუბიექტური მოსაზრება ყოველგვარი "გადაპრანჭული" ფრაზების“ გარეშე, მარტივად გადმოგცეთ. ფრანგ სპეციალისტს კი არ გაუმართლა, არამედ შეიძლება ითქვას, ორმაგი ჯეკპოტი მოუვიდა: ფეხბურთელთა კარგი ახალგაზრდა თაობა, ფედერაციის მაქსიმალური
ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს მუდამ ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება ერთგული გულშემატკივარი. ამაზე ნებისმიერი მწვრთნელი იოცნებებდა. თუმცა, რესურსს სათანადოდ გამოყენება უნდა. პარალელს ძველ დიდ თბილისის "დინამოსთან" გავავლებ. ნოდარ ახალკაცს ძალიან მაგარი თაობა ჰყავდა და შანსი დიდებულად გამოიყენა. თუმცა, მისი წინამორბედების განკარგულებაშიც ჩინებული მოთამაშეები იყვნენ (რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი, გივი ნოდია, იგივე დავით ყიფიანი და ა.შ), მაგრამ შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს. თავიდან სანიოლმაც ვერ დაიწყო კარგად, ხოლო შემდეგ მიაგნო სისტემას, რომელმაც წარმატება მოუტანა. ის ხვდება, როგორ გამოიყენოს კონტიგენტი და რა პრობლემები გააჩნია.

პრობლემები კი მართლაც არსებობს. სანიოლი გუნდს დაცვითი სისტემით ათამაშებს, ფაქტიურად ხუთი მცველით და ორი საყრდენით. ეს ორი საყრდენიც უფრო ჩამშლელია და ნაკლებად შემტევი. აქედან გამომდინარე, წინ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სამი ფეხბურთელი გვყავს - მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავითაშვილი, კვარაცხელია და ზივზივაძე. მეტოქის კარზე იერიშის მიტანისას ტაქტიკა გარკვეულწილად ტრანსფორმირდება, მაგრამ უკანახაზელების დახმარება ეფექტური არ არის. სტრატეგიაა მომლოდინე, მოწინააღმდეგის დაღლაზე, გათანგვაზე და შეცდომის დაშვებაზე აგებული, რაც ამართლებს. ჯერჯერობით ამართლებს. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში გადავიდა, იქაც და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც უკვე სულ სხვა კლასის მეტოქეები ეყოლება და ამან შეიძლება ყოველთვის აღარ იმუშაოს.

რატომ ირჩევს სანიოლი დაცვით ვარიანტს? გამოდის იმ შესაძლებლობიდან, რაც გააჩნია და ვერც მოედავები. ასეთი ფეხბურთი ხშირ შემთხვევაში მთლად ლამაზი სანახავი ვერაა, თუმცა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებულია - თვალსასეიროდ თამაშსა და წაგებას, ბუნებრივია ასეთი მოგებები სჯობს. არ გვყავს სწრაფი ცენტრალური მცველები, ამიტომ იძულებულია სამი ცენტრბეკი დააყენოს. შედეგად, წინ ერთი შემტევი გვაკლდება. სისტემას აქვს პლუსიც - მოწინააღმდეგე ჩვენს საჯარიმოში შეღწევას ვერ ახერხებს, გოლის გატანას შორიდან ცდილობს და როდესაც გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე გყავს, ეს თითქმის შეუძლებელია. ის კარგად არჩევს პოზიციას, შესანიშნავი ნახტომი აქვს და სიმაღლის გათვალისწინებით, მისთვის საჯარიმოს გარედან გოლის გატანა ძალიან, ძალიან ძნელია.

არ გვყვავს "დირიჟორი", ფლეიმეიკერი, რომელიც მოედნის ცენტრში ბურთს დაიჭერს, ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, პასებს დაარიგებს და თამაშს წარმართავს. ეს სერიოზული ხარვეზია. მოედნის ცენტრში რაღაც უზარმაზარი ვაკუუმია, ამიტომ შეტევები მხოლოდ ფლანგებიდან ხორციელდება და ვიზავის საქმე უიოლდება, ვინაიდან მთელი ყურადღება ფლანგების განეიტრალებაზე აქვს გადატანილი. თუმცა, მეტოქე ბოლოს და ბოლოს იღლება, შეცდომების დაშვებას იწყებს და ჩვენი დიდებული შემტევი ტრიო ამით უმალ სარგებლობს. ზურიკო დავითაშვილი დიდ სამუშაოს ასრულებს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია, ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია - უბრალოდ კლასი.

Sportall.Ge

ალექსანდრე ჩივაძისა და დავით ყიფიანის შემდეგ ქართულ ფეხბურთს ასეთი ღრმა ინტელექტის მოთამაშე არ ჰყოლია. მან შეიძლება 90 წუთის განმავლობაში ბევრჯერ დაკარგოს ბურთი, შეცდომები დაუშვას (რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს), მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც ისეთს მოიმოქმედებს, რომ "თამაშს გააკეთებს" და გამარჯვებას მოგაპოვებინებს. ამდენად, ხვიჩას ზედმეტად დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა მართებულად არ მიმაჩნია. შეიძლება ცოტა არაკორექტულია, მაგრამ ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ვიღაცამ ფორტეპიანო სცენაზე უნდა აიტანოს, ვიღაცამ კი დაუკრას. ორივე საჭიროა, რამეთუ თუ ფორტეპიანო სცენაზე არ აუტანეს, ის ნაწარმოების შესრულებას ვერ შეძლებს.

კვარაცხელიამ ძალები გადამწყვეტი საქმის საკეთებლად უნდა დაზოგოს. მოწინააღმდეგის იერიშისას მოედნის ცენტრშიც რომ დადგეს, ორი მეურვე მაინც სჭირდება, რომლებიც შეტევაში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებენ. „ნაპოლიში“ კი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მუდამ დაცვის დასახმარებლად უკან ჩასვლას ავალებს და სულ არიგო საკის ფორმაციის იტალიის ნაკრებში რობერტო ბაჯოს მაგალითი მახსენდება. ადამიანს აქვს ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, მან არ შეიძლება ერთდროულად გოლები გაიტანოს, საგოლე გადაცემები აკეთოს, პენალტები მოიპოვოს, გამარჯვებები გაზეიმოს და თან უზარმაზარი შავი სამუშაოს შესრულება დაავალო - ბარემ კარშიც ჩააყენე და ეგ იქნება. ძალიან ბევრს სთხოვენ ამ 21 წლის ბიჭს, რომელიც თავმდაბალია, უდიდესი მომავალი აქვს და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ბევრჯერ გააოცებს.

საფეხბურთო სამყაროს კიდევ ბევრჯერ საქართველოს ნაკრებიც გააოცებს, ამის ყველა წინაპირობა არსებობს: პერსპექტიული ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს, პროფესიონალი მწვრთნელი და აქედან გამომდინარე - ნათელი მომავალი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, მისი უმაღლესობა ქართული ფეხბურთი ბრუნდება და თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც იქნა, ჩვენ დიდი გამარჯვებების მიჯნაზე ვიმყოფებით!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 30 /
კარგი ანალიზია ყოჩაღ ამ ჟურნალისტს, ასეთი ანალიზები ხშირად უნდა კეთდებოდეს ჟურნალისებისგანაც და ფეხბურთში კარგად ჩახედული ხალხისგან, ასევე ვეტერანებისგანაც. B-ლიგაში ვერ გამოდგება 5-2--2-1 ტაქტიკა, რადგან დღეს ნაკრები ამ ტაქტიკით თამაშობს, იქ სულ სხვა დონის მეტოქეები დაგვხვდებიან,მე მიმაჩნია ნაკრებისთვის დღეს 4-2-3-1 იქნება იდეალური, ამ ტაქტიკით ნაკრები მეტ შემტევ პოტენციალს გამოავლენს,მაგალითად მარჯვნიდან კაკაბაძე და მის წინ შეტევაში მარჯვნიდან ლობჟანიძე ერთ დროულად ითამაშებენ,მარცხენა მცველად კი აზაროვი, ან გიორბელიძე, წიტაიშვილიც შეიძლება, თუმცა წიტაიშვილი ნახევარმცველია და არა მცველი, ამათგან რომელიმეს მარცხენა მცველის დაყენების შემთხვევაში, კვარაცხელია დადგება მარცხენა შემტევად და უფრო ეფექტურიც იქნება,რჩება პრობლემური ამ ტაქტიკაში ნახევარმცველები, კერძოდ საყრდენები,ერთერთ საყრდენად მე კიტეიშვილს ვხედავ, იმედია მალე დაიბრუნებს ფორმას, მას ნათამაშები აქვს ბევრჯერ ამ პოზიციაზე ვაისის დროს და სუკეთესო იყო მაშინ,მეორე საყრდენი კი მარადიშვილი იქნებოდა კარგი, ფედერაციამ ამ კუთხით უნდა იმუშაოს და მარადიშვილი უნდა ჩამოიყვანონ ნაკრებში, იდეალური ნახევარ დაცვა იქნებოდა ამ შემთხვევაში და თუ ჯერჯერობით მარადიშვილის წამოყვანა ვერ მოხერხდა კიტეიშვილის გვერდით აბურჯანიაც შეიძლება, თან იმედია ფორმას აკრიფავს კიდევ უკეთესად თავის კლუბში,გამთამაშებლად კი საყრდენების წინ ჩაკვეტაძე ან დავითაშვილი იქნებოდა კარგი,მე ვფიქრობ ჯამრთელი ჩაკვეტაძე ორი საყრდენის წინ უნდა მოქმედებდეს, ის ამ პოზიციაზე უბრალოდ ამ ნკრებისთვის შეუცვლელია,დავითაშვილს კი ფლანგებზედაც შეუძლია თამაში,ფორვარდებზე და ცენტრალურ მცველებზე ასევე მეკარეზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ამ რგოლებში საქართველოს ნაკრებს არ უჭირს დღეს.
qomagi
25 სექტემბერი 2022 20:30
4
მდაა, კარგი სტატიაა,ობიექტური და ანალიტიკურად უნაკლო.
status quo
25 სექტემბერი 2022 19:03
0
ნახევარდაცვაში ეგ სიცარიელე იმის ბრალია, რომ სანიოლის ფორმაციის ნაკრებში მოედანზე არ არის ათიანი, ანუ ცენტრ. თავდამსხმელის უკან მოთამაშე...შესაძლებელია ასე თამაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი საყრდენიდან ერთი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ნახევარდაცვიდან შეტევაში ბურთის წამოღება შეუძლია...მაკედონიასთან არც ასეთი იყო ვინმე და არც ათიანი, ამიტომაც იყო რომ მოედნის ცენტრი დავთმეთ... სანიოლს, პირველი ტაიმის შემდეგ უნდა შემოეყვანა ლობჟანიძე ერთერთი საყრდენის მაგივრად და დაეყენებინა დავითაშვილის პოზიციაზე, და დავითაშვილი დაეწია უკან... ჩემი აზრით, სანიოლის 3-2-2-3 ტაქტიკას მაინც 4-2-3-1 ჯობია... ჩვენს ნაკრებს ეს უფრო შეესაბამება.
ქუთაისი
25 სექტემბერი 2022 18:55
2
მოისწრაფიშვილი უნდა დაწინაურდეს,და საყრდენი რომელიც მაგრა ურტყავს და გოლების სერიოზული ალღო აქ მერაბ გიგაური ტორპედოს მაგარი დეკადა აქ.მამუჩა კარგია გასაგებია მაგრამ მოუკლო ასე მგონია როგორც თვითონ ისე კლუბმა,კანკავამ იქნებ გადაიფიქროს ჯერ ვერ შევცვალეთ სრულყოფილად(( გაგნიძე ამოსაწევია უსაშველო არაფერი გვჭირს შევსებაც მშვენიერია B ლიგაში არ შევრცვხვეთ კიარა დონე და გამოცდილება რო დავაგროვოთ!! მერე ვნახოთ კვარა რა სიმაღლეზე მამარდა ასევე ავლენ,ბუდუს ერთი ბუნდესლიგის ტრანსფერი გავუჩარხოთ როგორმე 3-4 წელი აქ დრო და რაღაც უფრო სერიოზულის გაკეთება შეიძლება მისგან.მე ვარ საქართველო!
მირო
26 სექტემბერი 2022 00:57
6
ნახევარდაცვა ყველაზე სუსტი რგოლია ნაკრებში, თავდასხმა ცოტა გამოსწორდა ხვიჩას, გიორგის და ბუდუს გამოჩენით, ჩაკვეტაძე და კიტე ( კანკავას ფიზიკით) ჭირდება ნაკრებს. ჯაბა ფიზიკით ყველაზე ძლიერი იყო, მაგრამ სხვა უნარებს სამწუხაროდ არ ფლობდა, მხოლოდ ჩამშლელი ფუნქცია ქონდა, მართალია ჩივაძის და ყიფიანის მაგალითი, თამაშის წაკითხვაში დღევანდელი თაობიდან სამწუხაროდ მათ ვერავის შევადარებ, ამ საკითხში წინა თაობები უფრო კარგები იყვნენ, მაგრამ სხვა საკითხებში იყვნენ სუსტები. ერთი ჩაკვეტაძემ გამოანათა და იმედი კიდევ მაქვს. კიტე ფიზიკურად სუსტია, ეს ფიზიკა ყველას სუსტი აქვს, 1-2 წელში დაცვაც მისახედი იქნება.დღევანდელი თაობა გამოცდილების ხარჯზე ქაჩავს, ძლიერ ნაკრებებთან სისხარტეს ნაკლებობა თვალშისაცემი იქნება, ახალგაზრდობის უმეტესობას კი თამაშის წაკითხვის უნარები არ აქვთ, მაგ ლოჩოშვილმაც უნარები თუ არ დახვეწა კრემონეზეშიც სკამზე დასვამენ. ბუდუს მადლობა, მაგრამ მგონია ვილის ცოტა ადრე უნდა შეეცვალა, დამსახურებული გოლის ვერ გატანაზე ნაკლებად ინერვიულებდა ბუდუ...აბურჯანიას( ჩემთვის შენელებული კადრია) მოედანზე გამოღვიძებას ვურჩევდი, ძალიან ნელია...
გუსანი
26 სექტემბერი 2022 11:06
0
ძაანაც ნუ ჩავარდებით ეიფორიში.
სანიოლი ტაქტიკას ირჩევს იმ რესურსიდან გამომდინარე რაც ყავს.
ვაღიაროთ ნაკრებში გვყავს 2 მაღალი სტანდარტის მოათამაშე მამარდა და კვარა. დანარჩენის რა გითხრათ.
იმედია გარკვეული დროის მერე რამე შეიცვლება და სხვებიც გარკვეულ პროგრესს აჩვენებენ.
Las
26 სექტემბერი 2022 09:15
0
გეთანხმები 100%. ხვიჩამ თუ ყოველ წამს დაცვაში ირბინა , შესაცვლელი გახდება მე-60 წუთზე! რაღაც კრიტიკულ მომენტში ყველა ვარიანტში უნდა დაეხმაროს დაცვას, მაგრამ მაგის საქმე სხვა რამეა, და როცა ეგ დატოვებს თავის ზონას იქ ვინ დადგება ? ხვიჩას წი დარჩენა ნიშნავს მინიმუმ ორი მცველის გაჩერებას , ანუ ორი კაცის მოტეხვას, და ეს თუ ეს ორი მცველი ტოვებს ხვიჩას და შეტევაში მიდის , რათქმაუნდა უნდა ჩამოყვეს…/ ასე რომ ზედმეტი უაზრო სირბილი არაფერს მოგვიტანს დაღლის გარდა! აი ის ტიპები ყოველ მეორე წუთზე რო ყვირიან დაცვაში უნდა ჩავიდეს და სხვა ვერაფერი მოსდით თავში, ეგენი იმ ხალხს გვანან ფეხბურთელს ბურთი რო არ მიუღია და პასი პასი პასი , დაჩხავიან თავზე, / სამ კაცს რო მოატყებს და ერთიერთზე გავა, გოლს გაიტანს და პასი უნდა გაგეკეთებინაო რო უსაყვედურებენ, ეს ხალხი ფეხბურთის აზრზე არაა! ანუ ტიპები პასზე და დაცვაზე იღზნებიან
Vasili
26 სექტემბერი 2022 09:40
1
აი masteris კომენტარს ვემხრობი,ჩაკვე გამტანაშ ბკად ,ნიაწოდეთ ეგ უდეა სანიოლს
გიო
25 სექტემბერი 2022 23:28
2
ძალიან კარგი სტატიაა გიბრალტართან თამაშის დასრულებამდე იმუშავებს, აი შემდეგ კი რამე ახალია საჭირო...
სოსო
25 სექტემბერი 2022 23:03
0
ამ ვაკუუმის ამოვსება ჩაკვეტაძეს შეუძლია,ოღონდ კარგად იყოდ
ლექსო
26 სექტემბერი 2022 10:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული