ხარვეზებით და პერსპექტივით - საქართველოს ნაკრები არავისთვის არ იქნება საჩუქარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ორი დივიზიონით წინ წაიწია, ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა (ამ პერიოდში ბურთების შეფარდება 22:4), ბოლოს კი 2021 წლის 9 ოქტომბერს თბილისში საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ტურნირზე მოპოვებული 16 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია. ვერაფერს იტყვი, მართლაც დიდებული შედეგია, მაგრამ გულშემატკივართა ნაწილი არასანახაობრივი თამაშით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ უფრო ძლიერ მეტოქეებთან დავიჯაბნებით. ამ მოსაზრებას რა თქმა უნდა, აქვს თავისი საფუძველი, თუმცა...

ადრეც აღვნიშნე, "ჯვაროსნების" მწვრთნელი ვილი სანიოლი გამოდის იმ შესაძლებლობებიდან, რაც გააჩნია და
სხვაგვარად მიზნის მიღწევას ვერ მოახერხებს. რატომ? ჩვენი ეროვნული გუნდი ელემენტარულად დაუბალანსებელია, ზოგიერთი რგოლი აშკარად სუსტია და ფეხბურთელთა შორის კლასში ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა. მოთამაშეთა ნაწილი სუსტ კლუბებში ასპარეზობს და ზოგიერთს საკმარისი სათამაშო დრო არ აქვს. პრობლემაა ტანმაღალი, ნელი ცენტრალური მცველები, რომლებიც სტანდარტულებისას მეტოქის კართან ხიფათს ვერ ქმნიან, აშკარად გვჭირდება უკეთესად მოიერიშე საყრდენები და რაც მთავარია - მოედნის ცენტრში თამაშის წარმმართავი ფეხბურთელი. ამ პოზიციაზე ყველაზე მეტად ამჟამად ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი გამოგვადგებოდა. ის ძალიან, ძალიან კარგი ნახევარმცველია, მშრომელიც, თუმცა, ვთქვათ, მანუჩარ მაჩაიძისა და მით უმეტეს დავით ყიფიანის დონისა ვერასოდეს გახდება, არსებულ ხარვეზს კი მოაგვარებდა. მეორე ვარიანტი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელმაც ტრავმა ერთი წლის წინ მოირჩინა, მოუმატა კიდეც, თუმცა თავისი საუკეთესო ფორმისგან შორსაა. რაც გიორგის თამაშებს ვუყურე, ბურთს იღებს, ტექნიკურად ამუშავებს, დრიბლინგს ერიდება, პასს პარტნიორს გვერდით ან უკან აძლევს.

უმეტესად სანიოლის სტრატეგია კონტრიერიშებზეა აგებული, ხოლო ტაქტიკა პრაქტიკულად 7-2-1-ია და არა 3-4-2-1. ეს ბუნებრივია "კარგი ცხოვრებით" არაა გამოწვეული. როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას. ბოლო ერთი წლის სტატისტიკური მონაცემებით საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.36 გოლს უშვებენ. კარგია ლამაზად მოპოვებული გამარჯვებები, მაგრამ ბაბაც რომ გვინდა და ჩიჩიც, ეგრე არ გამოდის. ამაზე ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა, მამრმა დათვმა მდედრი დათვი იშოვა და დაიწუნა - ბანჯგვლიანიაო (სინამდვილეში როგორცაა ნათქვამი, გასაგებ მიზეზთა გამო ვერ გადმოგცემთ, თავადაც გეცოდინებათ). სანიოლს დაცვითი სისტემის გამო კრიტიკოსები გამოუჩნდნენ და ნაკრების პროგრესის მიუხედავად, უკვე მის გადაყენებაზე დაიწყეს ლაპარაკი. არის მცირე და ამავ დროს სოციალურ ქსელებში ერთობ აქტიური ჯგუფი, რომელსაც პოლიტიკურ შემადგენელად მოვიხსენიებთ ხოლმე და რომელიც მუდამ უკმაყოფილოა. გავიმეორებ, ფრანგი სპეციალისტი მის ხელთ არსებული რესურსიდან გამოდის და შედეგს აღწევს, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. ან გასასამართლებელი რა სჭირს?

Sportall.Ge

ახლა ორიოდ სიტყვით კონკრეტულად გიბრალტართან ჩაგდებულ მატჩზე. მიზეზი? ხანდახან ხდება, როცა მეტოქეს სათანადოდ ვერ აფასებ, სათამაშოდ ბოლომდე ვერ განეწყობი, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდები, უკვე გვიანია და სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პლუს ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ჯგუფი მოგებული ჰქონდათ, მათზე ხანგრძლივმა მგზავრობებმაც იმოქმედა და ხელოვნურსაფარიანმა მოედანმაც, სადაც ტრავმის მიღების ალბათობა მაღალია. 2:0-ზე დაწინაურებულებმა ჩათვალეს, რომ საქმე მოუთავეს და კინაღამ დავისაჯეთ. მეტოქემ ერთი გოლი გაგვიტანა და მსაჯს შეეძლო ჩვენს კარში პენალტი დაენიშნა, როდესაც საჯარიმოში ბურთი ხელზე ოთარ კაკაბაძეს მოხვდა. თერთმეტმეტრიანი რომ დაედო, დიდად ვერც მოედავებოდი. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე მოხდა 2019 წლის 15 ოქტომბერს. მაშინ გიბრალტარს გიორგი ქვილითაიას მიერ 84-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრად 3:2 ძლივს მოვუგეთ. მოკლედ, ამ ნახევრადსამოყვარულო გუნდთან ქულების დაკარგვას ისევ გადავურჩით.

მნიშვნელოვანია რამდენად კვალიფიციურ შევსებას მიიღებს პრობლემურ პოზიციებზე სანიოლი უახლოეს მომავალში. ვთქვათ სიმართლე, შემადგენლობის შერჩევისას დიდი არჩევანი არ გააჩნია, სუბიექტურიც არ გახლავთ და ამბობს, რომ მისი გეგმა არ არის ყველას თანაბარი სათამაშო დრო მისცეს, მიზანია დააყენოს გუნდი, რომელიც კონკრეტულ მატჩში გაიმარჯვებს. საბედნიეროდ გამოჩნდა რიგი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და პერსპექტივაც. ამ ეტაპზე ერთადერთი ვის დამატებას და შანსის მიცემას ვისურვებდი, "საბურთალოს" 21 წლის ნახევარმცველი გიორგი გოჩოლეიშვილია. ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია გარჯა და არაორდინალური მოქმედებებითაც გამოირჩევა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებს უკვე სულ სხვა კლასის მეტოქეები ეყოლება. გვაქვს კი მათთან შანსი? უთუოდ გვაქვს. მეტიც, ჩემი აზრით, ძლიერებთან უკეთ ითამაშებენ, ვინაიდან კიდევ უფრო მოტივირებული და მობილიზებულები იქნებიან. ჩვენი დაცვითი ბარიერების გადალახვა ადვილი არავისთვის არ იქნება, მეკარეებიც მაღალი დონისა გვყავს და შესანიშნავი შემტევებიც. თანაც, სანიოლმა გუნდი შეკრა, ფეხბურთელები შეთამაშებული არიან, გამოცდილებაც მიიღეს და ნუ დაგვავიწყდება, რომ მეორე ნომრად, კონტრშეტევაზე თამაში უფრო ეხერხებათ. ყოველ შემთხვევაში, "ჯვაროსნები" საჩუქარი არავისთვის არ იქნება.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 21 /
საქართველოს ნაკრები საჩუქარი იქნება... საქართველოსათვის. იმედია, ბევრჯერ გაგვახარებს!!!
tngh
01 ოქტომბერი 2022 15:50
0
მაინტერესებს, გოჩოლეიშვილი დაცვაში როგორ თამაშობს? და ტაქტიკურად სწორად თუ თამაშობს. თხოვნა მაქვს, რომ ცალკე სტატია დაიწეროს, (ოღონდ მარტო ქება დიდება არ გვინდა).
რაც შეეხება სანიოლის, ჯერ მაინტერესებს კრიტიკაც ლანძღვად ითვლება? მაშინ არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ სანიოლის წასვლა არ მინდა. ვთვლი რომ რისკიანი მწვრთნელია, სწორად მოიფიქრა დაცვის გაძლიერება (ნუ კვარა ყავს კარგ ფორმაში და ამან გაუადვილა) სამი ცენტრით, სამაგიეოდ განაპირებს (მცველს დავარქმევთ თუ ნახევარმცველს) მთელი ფლანგი მისცა. 2 ფაქტიური ჩამშლელი და წინ სამ კაცს აძლევს უფლებას შემოქმედებითად ითამაშონ. მაგრამ ამ ტაქტიკამ ვერ იმუშავა მაკედონიასთან, უფრო სწორად ვერ იმუშავა როცა მოწინააღმდეგე მაღალ პრესინგს გვეთამაშება. თამაშის ბედი ინდივიდუალურმა მოქმედებებმა გადაწყვიტეს. თვითონ თქვა ამ ტაქტიკას არ ველოდიო. რა ვქნათ არ ვთქვათ? უნდა ვთქვათ და კეთილი ინებოს და იმუშაოს ამ საკითხის გადასაწყვეტად. ევროპის შესარჩევზე მაკედონიაზე უფრო ძლიერი გუნდები გვეთამაშება მაღალ პრესინგს. ცენტრის მოთამაშეები უნდა მოიძებნოს, ჩაშლასთან ერთად თამაშის ორგანიზაციის უნარის მქონენი.
პ.ს. ისე ამ ტაქტიკით ქეცბაიაც თამაშობდა. მასაც არ ყავდა ორგანიზატორები და არ ყავდა კვარა, თორე ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდა.
ჰაჰა
01 ოქტომბერი 2022 12:06
0
უმადურობა საზიზღარი რამაა.
status quo
01 ოქტომბერი 2022 11:43
0
აზერბაიჯანმა დაარბია ყაზახეთი 3-0 საბერძნეთმა გაასხა 0-1 კვიპროსის დაშლილ ნაკრებთან. თურქეთს ფარერებმა მოუგეს და ლუქსემბურგმა თურქეთს თურქეთში 3 გოლი გაუტანა. რისი გეშინიათ? საქართველო ნებისმეირს ფორით მოუგებს. ჩვენ ბულგარეთი და მაკედონია დავარბიეთ მაკედონიაზე ძლიერი არც თურქეთია და არც საბერძნეთი. ვნახავთ თუ არადა.
სიმართლე
01 ოქტომბერი 2022 11:43
1
ჩვენი ნაკრები რომ მთლიანად ხვიჩაზე რომ არის დამოკიდებული ორი აზრი არ არსებობს !!
ამ ფონზე იმედი მაქვს სხვებიც მოუმატებენ , აშკარად ჩანს ჯაბას ნაირი ფეხბურთელის ნაკლებობა და რა თქმა უნდა შემტევის და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა!!
მავრამ მაინც დიდი იმედი მაქვს ხვიჩას თაობაზე (მამარდა, კიტე და ჩაკვესი)
ჯონი
01 ოქტომბერი 2022 11:29
0
რა რესურსიც არის იმას ათამაშებს ეს კაცი.ვაისი უარეს ფეხბურთს ათამაშებდა.ამდენი საგარეო გამარჯვება როდის გვქონდა ბოლოს.სამწუხაროდ არ გვყავს მაღალი დონის ფლანგის მცველები და ნახევარმცველები სულ პირველ ნომრად ვითამაშოდ.
ლევანი
01 ოქტომბერი 2022 11:07
0
ზოგადად ბევრია ჩვენთან წარმატებულ კაცს ვერ იტანს.
რა პრეტენზია უნდა წაუყენო სანიოლს უბრალოდ გაუგებარია.
რა კონტიგენტიც ყავს იმ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს.
ვინ ყავს? ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი? და არ გამოიძახა და არ ათამაშა?
თუ ზოგს რა გონია? მწვრთნელუს მოვალეობაა ვარსკვლავები დაბადოს და გააჩინოს?
Las
01 ოქტომბერი 2022 07:47
1
არაბიძე უნდა გამოიძახოს
geo
01 ოქტომბერი 2022 07:30
13
ქართველი მესი? დაგავიწყდა?
ვერგავიგე
01 ოქტომბერი 2022 11:50
0
ქართული ფეხბურთის ნიშა იყო ყოველთვის კონტრშეტევა და ფლანგებზე ყოველთვის ჰყავდა მაღალი დონის გარემარბები.ვილის არაფერი არ გამოუგონია.მიაგნო იმას რაც დნმ-ში გვაქვს.იმ რესურსით რაც აქვს აღწევს მაქსიმუმს!!!
გიორგი IV
01 ოქტომბერი 2022 06:43
2
აქ სანიოლზე უმეტესობას მხოლოდ მადლობა თუ გვითქვია და ვიღაც ვიგინდარების კომენტარზე არ ღირს მგონი შეთქმულებაზე ლაპარაკი. ჩვენ და არა მარტო ამ საიტზე ის გულშემატკივრებიც რომელიც საერთოდ არც არსად ფოსტავენ ბევრი მათგანი კმაყოფილი და მოხარულია სანიოლის მუშაობით. კიდევ ვიძახი. არ ღირს გამახვილება ვიღაცეებზე, რადგან კარგი ხანია და არა მარტო სანიოლზე გაცილებით ადრე იყო კომენტარები პირდაპირ მტრული და არა მარტო ჩვენი ნაკრების მიმართ. მგონი უნდა მივეჩვიოთ რომ მტრებიც ცხოვრობენ ჩვენ ქვეყანაში. მე აქ არ მინდა დავასახელო ნაციონალობა. ასეთები ფეისზეც მინახავს ბევრი თავისი გვარებით და ეს ხშირ შემთხვევაში ქართველები არ არიან. ფეისზე რამოდენიმეჯერ მწარედ მიგინებია ისინი პუტინის და ძმები არიან... კი მეც მითქვამს ხან და სხვასაც კრიტიკა ზოგიერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე ან პოზიციაზე. მაგრამ ისიც ამიღნიშნავს რომ წინ მივდივართ და უკეთესის იმედი მაქვს ყოველთვის. ყველა ვხედავთ რა არჩევანიც გვაქვს შემადგენლობის. ამიტომ ვიძახი ხოლმე მე პირადად, ხვიჩა და მამარდა სხვა დონეზე აგვიყვანენ და ამის მართლა მჯერა. თან ესეთი ბრილიანტი გვერდზე რომ გყავს შენც ცდილობ დაემსგავსო რამით და ეს ხან ზივზივაძეს გამოუვა როგორც გუშინ ან ხვალ კიტეს გამოუვა. მჯერა არც B ლიგიაში შევირცხვენთ თავს და მე ამიტომ ინგლისი ვინატრე თუ ვერ ვაჯობებთ მეორე ადგილიდან მინდა გავიდეთ.
G.LA
01 ოქტომბერი 2022 05:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული