"ეს კრიზისია და შანსები თითქმის გაქრა" - ნორვეგია ჰოლანის ტრავმის გამო შოკშია

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყების წინ ნორვეგიის ნაკრებისთვის თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის გამოკლება ნამდვილი შოკი გამოდგა. ის წინა დღით ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ საზარდულის პრობლემა შეექმნა და თავის გუნდს ესპანეთთან და საქართველოსთან ვერ დაეხმარება.

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა მარბელაში ჟურნალისტებს შექმნილი ვითარება განუმარტა. მისი თქმით, იმედგაცრუებული არიან, თუმცა გუნდის ლიდერის გამოკლებით არაფერი შეიცვლება, რადგან სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, განწყობა საბრძოლოა, ესპანეთთან თამაშის გეგმა თითქმის უცვლელი დარჩება, საქართველოსთან კი არაა გამორიცხული, ცვლილებებს მიმართოს.

"ვერაფერს მოვიმოქმედებთ. ასეთ სიტუაციაში საკვალიფიკაციო
ტურნირებისას ადრეც ვიყავით. არავის დავიმატებთ. თავდასხმაში ორი კანდიდატი გვყავს, ალეკსანდერ სიორლოტი (სოსიედადი) და იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა). აგრეთვე - ნახევარდაცვაში ოლა ბრინჰილდსენი (მოლდე) და კრისტიან ტორსვედტი (სასუოლო). ამის შემდეგ 11 დღის განმავლობაში ჰოლანზე დასმულ კითხვებზე არ გიპასუხებთ", - დასძინა სოლბაკენმა.

კომენტარი ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ და დაძაბულობამ იმატა, მაგრამ მე ეს მომწონს კიდეც. წარუმატებლობის შიში ყოველთვის არსებობს, რაც დამატებით მუხტს გვძენს".

ნორვეგიული Dagbladet-ი შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე უარესი სიახლეა, რაც შეიძლებოდა შეეტყოთ, რამეთუ ჰოლანის მსგავსი ვარსკვლავი არ ჰყავთ, მისი გამოკლება ძალიან სერიოზული დანაკლისია, სიორლოტი ჰოლანივით ექსტრემალურად სწრაფი არაა და სავარაუდოდ, ტაქტიკის გადაწყობა მოუწევთ.

NRK-ის საფეხბურთო ექსპერტი კარლ-ერიკ ტორპი ამბობს, რომ ჰოლანის ტრავმა წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია, ვინაიდან ის მეტოქეებთან ყველაზე დიდ სხვაობას სძენს ეროვნულ გუნდს და ახლა მათი შანსები თითქმის გაქრა.

"მარკა" ჰოლანის ტრავმას "ფურია როხას" დაცვისთვის შვების მომგვრელს უწოდებს, ხოლო AS-ი წერს, რომ ეს მათი მეტოქისთვის დიდი დარტყმაა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მის ნაცვლად არავის დავიმატებთო,ცუდად მენიშნა.ეტყობა არის შანსი,ჩვენთან მაინც შეძლოს თამაში.საამისოდაც მზად უნდა ვიყოთ.ეგეც არ იყოს,არც სხვები არიან საჩუქრები და ყოველი მაღალი ბურთი,ჩვენ საჯარიმოში ჩამოწოდებული,ჩვენთვის სახიფათო იქნება.ამას ოდეგორიც დაამატეთ და ოსტეგორიც ხომ ვიცით,საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია.ბევრს მწარედ ეხსომება ამათთან ნათამაშები მატჩი,თბილისში,ნახევარ საათში,უკვე 4 გოლი რომ ჰქონდათ გატანილი.ძალიან მძიმე თამაში იქნება და ჰოლანის არყოფნა,მხოლოდ შეღავათი იქნება ჩვენი ბიჭებისათვის,მაგრამ არავითარ შემთხვევაში,გარანტირებული გამარჯვების იმედი.დარწმუნებული ვარ,ჩვენი ბიჭები გამარჯვებაზე გაიწევენ,ისიც მჯერა,ძალიან გაგვიჭირდება,თუმცა ისიც მჯერა,რომ გავიმარჯვებთ და ჯგუფიდან გასვლის შანსებს გავიუმჯობესებთ.ჩვენ კი,გულშემატკივრები ყველანაირად დავეხმარებით,ამის მიღწევაში.
სოსო
14:26 22-03-2023
2
ევროპულ და ზოგადად აზრზე მოსული გუნდების ტაქტიკაა ეს, ლიდერი რომც დააკლდეთ ატეხავენ წუწუნს და ვაი ვიშს, არადა იმის გარეშეც უამრავი მონახაზი და გეგმა აქვთ. ამიტომ ერთი ჰალანდის ტრავმაზე ნუ ავაგებთ ოცნების კოშკებს, ნორვეგია ძალიან ძლიერი მწყობრი დისციპლინირებული გუნდია და რეალურად ჩვენზე ძლიერია! ამიტომ სრული მობილიზება და მონდომება თუ მოგვიტანს წარმატებას!
ბეჟო
11:43 22-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული