საქართველო - ესპანეთი | კომენტარები და 7 სექტემბრის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მესამე დღეა თბილისში ემზადება.

6 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ესპანეთის და ნორვეგიის ნაკრებებთან გასამართი მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის დებიუტანტებმა, სანდრო კალანდაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრეს.

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში გამოძახებით. ვიცი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეროვნულ გუნდში მოხვედრა. ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელების დიდ ნაწილს აქამდეც ვიცნობდი. ერთად ადრეც გვითამაშია და სწორედ ამიტომ,
ადაპტაცია არ გამჭირვებია.

ვიმედოვნებ, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩებს, რომლებიც სექტემბერში გველის, კარგად ჩავატარებთ. დიდი იმედი მაქვს, ამ თამაშებისგან სიამოვნებას მივიღებთ ჩვენც და გულშემატკივრებიც. მზად ვარ, ჩემთვის გამოყოფილ დროში 100 პროცენტით დავიხარჯო, რათა დავეხმარო გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში".

სანდრო კალანდაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა, ყველა კარგად შემხვდა. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ადრეც მითამაშია, მათ შორის, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. შეკრების პირველივე დღიდან იგრძნობა ის პასუხისმგებლობა, რაც მოახლოებულ თამაშებს ახლავს. მინდა იმედები გავამართლო, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა".

საქართველო-ესპანეთის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 7 სექტემბერს, გუნდები მატჩის მასპინძელ "დინამო არენაზე" ივარჯიშებენ, სადაც მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

7 სექტემბრის განრიგი

17:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

18:15 ესპანეთი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:00 ესპანეთის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული