რას უნდა ველოდოთ ესპანეთთან მატჩში, რა არის მეტოქის პრობლემა და ჩვენი უპირატესობა?

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრები ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის A ჯგუფში, მეხუთე ტურში, ესპანეთს უმასპინძლებს, რომელიც რა თქმა უნდა, ის აღარაა, რაც იყო, ძალიან გაახალგაზრდავდა და შეიცვალა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით გვეწვია, თუმცა მიმდინარე ტურნირზე 2 ჩატარებული მატჩის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და საოცრად მოტივირებულია, ვინაიდან ქულების მორიგი დაკარგვის შემთხვევაში, სატურნირო მდგომარეობას ძალიან გაირთულებს. კარგია ეს თუ ცუდი?

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელების შემადგენლობა ძველებურად შთამბეჭდავი არაა, რაც უნდა იყოს, საერთო ჯამში მაინც ჩვენს გუნდზე უკეთესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში და მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, „ჯვაროსნებს“ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ხანგრძლივ ტურნირზე, დიდ გუნდებთან ჭიდილში წარმატების მოპოვებისა კი, რა მოგახსენოთ.

არ არის ხშირად გასული შეხვედრების გახსენება აუცილებელი, ვინაიდან მაშინ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო, მაგრამ წარსული გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავერკვეთ დღევანდელობაში - 2021 წლის 28 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი „დინამო არენაზე“ ესპანეთთან მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ გატყდა და 1:2 დამარცხდა. მეორე ტაიმში მეტოქემ უკეთესი ფიზიკური მომზადების შედეგად მოახერხა თამაშის შემოტრიალება. აღნიშნა კიდეც ნამატჩევს „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, რომ ყველაფერი მისი შეგირდების დაღლილობამ გადაწყვიტა, რომლებსაც კლუბებში სათამაშო დროის ნაკლებობა ჰქონდათ. ამჟამად სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია, რამდენიმე ფეხბურთელი უკეთეს გუნდში გადავიდა, თუმცა ჯერ მხოლოდ იწყებენ თავიანთ, იმედი ვიქონიოთ, წარმატებულ კარიერას. ანუ საკითხავია - მზად არის თუ არა ყველა ტოლ-სწორად ებრძოლოს 90 წუთის განმავლობაში ძლიერ მოწინააღმდეგეს და შეუძლიათ თუ არა მოედანზე აუცილებელი სამუშაოს შესრულება, რათა არ დარჩეს თავისუფალი ზონები და არ დავიჯაბნოთ?

ადრეც გავუსვი ხაზი, რომ ვიდრე ნაკრები სრულად ბალანსირებული არ იქნება, სანამ ფეხბურთელებს შორის კლასში უზარმაზარი განსხვავება იარსებებს, ვერ მოვახერხებთ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას და ლოკალური გამარჯვებებით დავკმაყოფილდებით. გადამწყვეტი მნიშვნელობა ნახევარდაცვის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული, რათა არ დავთმოთ ბურთი და საკუთარ კარს არ აღმოვჩნდეთ მიჯაჭვული. ასეთ შემთხვევაში გოლის გაშვება გარდაუვალია. მარცხს მუდამ მცველებს ვაბრალებთ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვა მთელი გუნდის საზრუნავია და ინიციატივის ხანგრძლივი პერიოდის დათმობისას ადრე თუ გვიან უთუოდ დაისჯები.

„ფურია როხას“ დღევანდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები აქვს და არაა გამორიცხული, ეს გახდეს მისი მთავარი პრობლემა, რამეთუ იძულებული იქნება, დიდი ძალებით შემოგვიტიოს და კონტრშეტევაზე ხვიჩა კვარაცხელიას მიეცემა შანსი, რომლის განეიტრალებას სესარ ასპილიკუეტა და დანი კარვახალი შეეცდებიან და დამზღვევებიც ეყოლებათ. საბედნიეროდ, ახლა გიორგი მიქაუტაძის სახით კიდევ ერთი სწრაფი მოიერიშე გვყავს და შეტევის ხაზში ვიზავისთვის გაცილებით მეტი ხიფათის შექმნა შეგვიძლია. ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქის დაცვა ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან დამაჯერებელი ვერ იყო.

თუმცა, გავიმეორებ, შედეგს არა ერთი და ორი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობა, არამედ მთელი გუნდის ბრძოლისუნარიანობა, ყველა ფეხბურთელის მიერ შავი სამუშაოს შესრულება განაპირობებს. მზადაა ამისათვის საქართველოს ნაკრები თუ არა, ამ საღამოს გამოჩნდება. ბევრი რამ დეტალებსა და გამართლებაზეც იქნება დამოკიდებული. ისიც სათქმელია, რომ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ესპანეთი იმყოფება, ჩვენს გუნდს კი დასაკარგი არაფერი აქვს, ვინაიდან ჯგუფიდან რომც ვერ გავიდეს, ევროპირველობაზე მოხვედრის საშუალება ერთა ლიგიდან აქვს, სადაც ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს შანსი ესპანეთსაც გააჩნია, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი რომ ვერ გადალახოს, წარუმატებლობად ჩაეთვლება.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 13 /
სამწუხაროდ დიდი ანგარიშით წავაგებთ
1
ანუ x 2 არისო ხო?
Გიო
16:13 08-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული