საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ფილოსოფოსობის "იშტაზე" - სადაა მართალი სანიოლი და "სიახლე" სიახლეების გარეშე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების წინ მთავარი მწვრთნელის ინტერვიუს უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე სანაკრებო სიას. ესპანეთის ნაკრებთან განადგურების შემდეგ ნირწამხდარი ვილი სანიოლი ფილოსოფოსობის "იშტაზე" მოსულა და "ჯვაროსნებში" არსებულ ცუდ პერიოდს ევოლუციის ეტაპებს უკავშირებს. საქართველოს ნაკრებში პრობლემები მარტიდან მოყოლებული საგრძნობი გახდა და მას შესაბამისი რეაქცია მაშინვე კი არ მოჰყვა, სხვადასხვა გარე ფაქტორს დაბრალდა. სანამ ყველაფერს ნიღაბი საბოლოოდ არ ჩამოეხსნა, მანამდე გამოფხიზლება არ მომხდარა. სექტემბრის მატჩების შემდეგ ჩვენ პასუხისმგებლობებზე დავწერეთ, მათ შორის, მთავარი მწვრთნელის და ახალს ვერაფერს ვიტყვით. რადგანაც ვილი სანიოლის წასვლა/გაშვების
ამბავი ამ ეტაპზე პერსპექტივაში არ ჩანს, მაშინ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა უნდა მოხდეს შესარჩევის დასკვნით ნაწილსა და ყაზახეთის ნაკრებთან სავარაუდო მარტის პლეი-ოფში...

სანიოლმა თქვა, რომ ბევრი ცვლილება იქნება, თუმცა ისე ჩანს, მას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული, გარკვეულ პოზიციებზე მომავალშიც გამოცდილებს ენდოს, მიუხედავად მათი ახლანდელი სათამაშო დონისა. ველით, რომ ამ ორ მატჩში დიდ დროს მიიღებს ივა გელაშვილი, მაგრამ ცენტრალური დაცვის ხაზის გადახალისების გზა რამდენად გაგრძელდება, არავინ იცის. ერთხელაც გავიმეორებთ, ვეტერანებს არაფერს ვუკარგავთ, უბრალოდ კაშიასა და კვირკველიას საუკეთესო დრო წარსულს ჩაბარდა, ცვლილებების თამამად განხორციელებაა საჭირო. შესაძლოა, სანაკრებო მატჩებამდე ითამაშოს, ამის მიუხედავად, განაცხადში არაა საბა საზონოვი, რომელსაც გასულ თვეში უცნაურად ცოტა დრო მიეცა. სხვა სიახლეს, თუნდაც გიორგი გველესიანისთვის რეალური შანსის მიცემას, ტაილანდის დონის მეტოქესთანაც, აღარც ველოდით.

Sportall.Ge

ქართულ სპორტულ სამყაროში კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ზოგჯერ პერსპექტიული ფეხბურთელის გამოსაფხიზლებლად არმიწვევა იქნებ სწორი გადაწყვეტილებაც იყოს. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ სხვას მასზე უარესი თამაში ჰქონდა და ის სიაშია. გიორგი გოჩოლეიშვილს დიდი მომავალი აქვს, ის ქართულ ფეხბურთში კარგად შემოიჭრა, თუმცა ახლა კარგი პერიოდი ნამდვილად არ აქვს, წინა შეხვედრების შემდეგ ამაზე დეტალურად ვიმსჯელეთ. რადგანაც სანიოლის რეპუტაცია და ნდობა უკვე დაბალია, ეს უფლებას არ გვაძლევს, მისი ყველა გადაწყვეტილება ჩანასახშივე დავიწუნოთ. აქ ხომ ვინმესთვის სანაკრებო კარის დახურვაზე არ ვსაუბრობთ. "გოჩო" დაცვასა და შეტევაში ერთნაირად ძლიერი აუცილებლად დაბრუნდება და ნაკრებში თავის სიტყვას იტყვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ "შახტარში" მისი თანაგუნდელი ირაკლი აზაროვი მშვენიერ ფორმაშია. შემადგენლობას თუ შევხედავთ, მარჯვენა ფლანგზე სანიოლს ალბათ ვლადიმერ მამუჩაშვილი წარმოუდგენია. ის ნორვეგიასთან დაცვით ფაზაში კარგი იყო, მაგრამ კვიპროსის ნაკრებთან ხომ შეტევა უნდა ვცადოთ და აქ რამდენად შესაფერისი ვარიანტი იქნება?! რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ის სანაკრებო სიაში ცუდ ფორმაშიც გვინახავს და საკვირველია, ახლა რომ არაა, თანაც ფლამარიონის არყოფნაში, გუნდში მარცხენა ფლანგიდან, სადაც ნაკრებში იყენებენ, კარგი გოლი გაიტანა.

ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" არ თამაშობს, რაც ძალიან სამწუხაროა და ის ახლა 21-წლამდელთა სიაშია. ამ ბიჭს დიდი პერსპექტივები აქვს. სანიოლმა კანკავას წასვლით დასუსტება არ აღიარა, თუმცა მანაც იცის, მოედნის ცენტრში ბევრი ცვლილება რომ სჭირდება. ვივარაუდოთ, რომ ქოჩორაშვილთან ერთად, დიდი დრო სიგუასაც მიეცემა. ამჟამად ნაკრებში აბურჯანია არაა, თუმცა თითქმის უთამაშებელი კვეკვესკირია. ფრანგი მთავარი მწვრთნელი ერთგვარად ცდილობს, ვეტერანებს დაანახოს, რომ მათ ბოლომდე დავიწყებას არ აპირებს, არადა, სწორება მარტსა და მომავალზე უნდა გვქონდეს. მინდვრის შუაში აშკარად ბევრი ვარიანტია. აქვე არიან ალთუნაშვილი და მექვაბიშვილიც. გვარებზე მეტად მნიშვნელოვანია, თუ სანიოლი რა სიახლეებს შეიტანს თამაშში და ტაქტიკურ სქემას, რომელიც უკვე ამოწურული ჩანს, როგორ გაამდიდრებს. ისიც კარგად ვიცით, რომ უახლოესი მეტოქეები საზომად არ გამოგვადგებიან!..

როცა სიახლეზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება გიორგი არაბიძისთვის შანსის მიცემა ყოფილიყო. ვიცით, რომ ის ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას შეკრებიდან დაითხოვეს, საქმე ინციდენტთან გვქონდა. თუ ის სიაში ამის გამო ვერ ხვდება, ესეც უნდა ვიცოდეთ, ანუ, თუ ეს ერთგვარი დისკვალიფიკაციის ვადაა; ხოლო თუ მწვრთნელის არჩევანი ასეთია, ეს სხვა ანალიზის საფუძველს იძლევა. ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომელთაც გამოცდილება არ დაეწუნებათ, თუმცა პერსპექტივის თვალსაზრისით, თუკი ამაზე ვაგებთ მატჩებს, მეტი ცვლილება იყო შესაძლებელი. ლევან შენგელიას სათამაშო დროის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, მისი გუნდი კი საკმაოდ სუსტია. სავარაუდოდ, მას რომელიმე ფლანგს მთლიანად ჩააბარებენ და ამ პოზიციაზე მოსინჯავენ. "დილას" წევრმა ნიკა გაგნიძემ ახალგაზრდულ ნაკრებში თავი კარგად დაგვამახსოვრა და იმედია, 22 წლის ნახევარმცველი ოდესმე შანსს ეროვნულშიც მიიღებს...

Sportall.Ge

წინა ხაზში რთული მდგომარეობაა, საქართველოს ნაკრების ფორვარდებს, გოლს ვინ ჩივის, სათამაშო დროის პრობლემა აქვთ. მწვრთნელს მხოლოდ მაგ საზომით რომ განესაზღვრა, სიაში არც გიორგი მიქაუტაძე უნდა ყოფილიყო, რომლის თავსაც საოცრება ხდება. იქნებ სანაკრებო დროის მიცემით და გოლებით მისი ხასიათი გამოკეთდეს. წინა ხაზზე ახალი სახის გამოჩენა სასურველი იქნებოდა, საქმეს ხომ სამომავლო პრიზმაში ვუყურებთ, მაგრამ არის კი ვინმე ასეთი?! - ლევან კუტალიამ კვლავ გააკეთა განცხადება, რომ სომხეთის ჩემპიონატში გოლების მიუხედავად, შანსს ვერ იღებს.

გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ახლა კარგ ფორმაში არიან და მიუხედავად იმისა, ჯგუფიდან გასვლის შანსებზე ვეღარ ვსაუბრობთ და ამხანაგურშიც სუსტი მეტოქე გვყავს, მათი მეშვეობით გულშემატკივრებმა კარგი საფეხბურთო ეპიზოდები უნდა მიიღონ. ჩვენებურების უმრავლესობას ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა მხოლოდ შინაურ არენებზე შეუძლია. როგორც ჩანს, პატარა ტევადობის "მიხეილ მესხის" გათვალისწინებით, ბილეთის ფასები საკმაოდ მაღალია და ამის შესახებ ქომაგები წუხილს გამოთქვამენ. ჩვენი მიზანი ისაა, ამ არასასურველ პერიოდში გულშემატკივრებმა ის მუხტი არ დაკარგონ, რაც ბოლო წლებში მიიღეს და ეს მათი დასწრების რაოდენობაზე არ აისახოს. მათ დამატებითი მიზეზები არ უნდა ჰქონდეთ, სტადიონზე წასვლა დაეზაროთ.

დაველოდოთ შეხვედრებს, რომლებიც ჩვენი საერთო დონის შესახებ ბევრს ვერაფერს გვეტყვის, თუმცა, იმედია, "ერთა ლიგიდან" ბოძებულ პლეი-ოფს სათანადოდ მომზადებული და შეცდომების გათვალისწინებით შევხვდებით!..

altერთი დებიუტანტი - ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

altკვარაცხელია კვიპროსთან დაამტკიცებს, რომ თავისი ნაკრების სახელით საუკეთესოდ თამაშობს - სანიოლი მატჩების წინ

მკითხველის კომენტარები / 47 /
ბურკინა ფასოში რომ დავინიშნო მწვრთნელად და მყავდეს 2 ლეგიონერი მბაპე ჰალანდი.. რამდენიმე თამაშს ხომ მოვიგებ? ესეიგი მთლად ცუდი მწვრთნელი არ ვიქნები ხოო?? კვარამ ათრია მთელი ნაკრები როცა ფორმაში იყო ინდივიდუალურად იტანა გოლები და მოგებები სანიოლს დაეწერა... გუნდური კომბინაციით გავიდა გოლი? რამე დამუშავებული ააქვთ? ერთი ჯარიმის დამრტყმელი ყაავთ? ერთი წესიერი კუთხურის ჩამწოდებელი ყაავთ? თუ ყაავთ ბოლოს გოლი როდის გავიტანეთ კუთხურიდან? წადი სანიომ მოშორდი მაგას მართლა პაპუასები ვგონივართ
რონი
21:46 09-10-2023
0
კაშია რომ ვარ, კვირკველია რომ ვარ და ვხედავ რომ ის აღარა ვარ რაც ვიყავ და მწვრთნელი ამას არ ითვალისწინებს, მაშინ ნაკრების ინტერესიდან გამომდინარე გავაკეთებ განცხადებას ნაკრებიდან წასვლის შესახებ, ხომ გააკეთა ეს კანკავამ, მაინც და მაინც მაყურებელმა უნდა გისტვინოს?
ამო
10:16 07-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული