გვეყოფა ეს თამაში ევროპისთვის? - ახალი ტაქტიკა, "ძველი" ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, რომელიც დარჩა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერი 12:0-ზე ბურთების ბალანსით დაასრულა. მეტოქეებიდან გამომდინარე, ვერც იმას ვიტყვით, რომ სექტემბრის ჩავარდნა დავივიწყეთ და ვერც იმას, მარტში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ზედმეტად ოპტიმისტურად ვხვდებითო. კვიპროსთან (4:0) გამარჯვების შემდეგ უფრო მეტი მსჯელობა და შეცდომებზე მითითებაც შეგვიძლია. ის, რომ ვილი სანიოლი "ჯვაროსნებში" მუშაობას გააგრძელებს, უკვე ეჭვს აღარ იწვევს...

ტაქტიკა

ფრანგი მთავარი მწვრთნელის სტილსა და შესაძლებლობებს ჩვენ თვალწინ ვარკვევთ. სანიოლმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ოპტიმალური ტაქტიკის ძიებას, რასაც წარმატებული პერიოდი მოჰყვა. ახლა ისევ ცვლილებების დრო დადგა. ვილი მწარე გამოცდილებით დარწმუნდა,
რომ 3-მცველიან სქემაზე უარი არ უნდა თქვას, სიახლეები კი სხვა მხრივ იყო შესატანი. კარგია, რომ გიორგი ჩაკვეტაძისთვის ოპტიმალური პოზიციის მოძებნა მოხერხდა. 3-4-1-2 ტაქტიკა, ფაქტობრივად, მის შესაძლებლობებზეა გათვლილი. ამ დროს "ჩაკვეს" მეტი თავისუფლება აქვს, ფორვარდებთანაც ახლოსაა და საყრდენ ზონასთანაც. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში შეტევაში თავისი ძველი თამაში გაგვახსენა, ისე კი, მეტოქის პრესინგის პირობებში, საყრდენ ზონაშიც ჩადიოდა, ართმევებსაც არ ერიდებოდა. ჩაკვეტაძემ კარგი ფეხბურთის თამაში იცის, ამაში ყველანი ისედაც დარწმუნებული ვართ. მთავარია, ამას გაგრძელებაც ასეთი მოჰყვეს.

Sportall.Ge

ვსაუბრობთ ტაქტიკური სქემის უპირატესობებზე, მაგრამ მას თავისი უარყოფითიც აქვს. ხვიჩა კვარაცხელია ფორვარდის პოზიციაზეც სახიფათოა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ის გუნდი არაა, რომელიც მრავალფეროვანი შეტევებით გამოირჩევა და ბურთს მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან დიდხანს ატრიალებს. აქედან გამომდინარე, "კვარას" მხრიდან სიღრმეში ნაკლებად თამაშს და დრიბლინგს ვხედავდით. ასე ბურთის მიღება ხშირად ზურგით უწევს და უფრო მეტი ფეხბურთელის ალყაშია, ვიდრე ფლანგზე. როცა ამა თუ იმ ტაქტიკის უპირატესობასა და ნაკლზე ვსაუბრობთ, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია.

პირველი ტაიმი

საქართველოს ნაკრების თამაში საწყის 45 წუთში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ჩვენი გუნდი თავად პრესინგს არ ცდილობდა, მოწინააღმდეგე კი ამას მშვენივრად ახერხებდა. როცა საკუთარი საჯარიმიდან ბურთის ამოტანას ვლამობდით, ამას ვერაფრით ვაკეთებდით. გუნდმა თითქოს არ იცოდა, ბურთთან ერთად როგორ უნდა მოქცეულიყო და ყველაფერს გიორგი ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმით თუ აბალანსებდა. გარდა ამისა, სახიფათო ზონაში საკმაოდ ხშირად ვჯარიმდებოდით. მწვრთნელის ხელი თუ მისი ნაკლებობა სწორედ აქ ჩანს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მეტი დაგვჭირდება!..

კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რა ფასი აქვს მცველს, რომელიც შეტევას კარგი პასით იწყებს. დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში ასეთები საზონოვი და გელაშვილი არიან და მათთვის კიდევ უფრო მეტი დროის მიცემის იმედი გვაქვს. ისედაც, ძლიერი მოწინააღმდეგის პირობებში, ჩვენი უკანა ხაზი გამოწვევებს სათანადოდ ვერ უმკლავდება. შევაქეთ ვლადიმერ მამუჩაშვილის დაცვაში თამაში ნორვეგიაში, მაგრამ მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ისეთ გუნდთან, სადაც უპირატესობას უნდა დავეუფლოთ, სხვა ტიპის ფლანგელი გვჭირდება.

Sportall.Ge

პირველ ტაიმში მინდვრის ცენტრში ორგანიზება, სწრაფი გადაწყვეტილებები და შემოქმედებითობა გვაკლდა. სანიოლმა ეს ზონა განაახლა და ამიტომ ეს ამბავი გასაკვირიც კი იყო; მეორე ნახევრიდან კი, როცა გავიტანეთ, კიტეიშვილსა და ქოჩორაშვილს მშვენიერი თამაში ჰქონდათ. არაერთხელ აღვნიშნეთ, ოთოს ბურთის ფლობა კარგად ეხერხება. ფაქტი იყო, რაც უფრო ადრე გავიტანდით, შეხვედრის გაკონტროლებას უფრო ადრე შევძლებდით, საწყისი ტაიმი კი კვიპროსელების იყო, გიორგი მამარდაშვილმა არაერთხელ გვიხსნა და ტოპ-მატჩი ჩაატარა.

კვარაცხელია და ჩაკვეტაძე

საქართველოს ნაკრებში არაერთი საინტერესო ფეხბურთელია, რომლებიც კარიერული პროგრესის გზაზე არიან, შეტევაში კი გუნდს ჰყავს უკვე შემდგარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და ძალიან დიდი რესურსის მქონე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობები უკვე დამტკიცებული აქვს. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით აქამდე ასე თუ არ იყო, ახლა სანიოლი ცდილობს, ისინი ერთად ათამაშოს. მთავარია, მათი დადებითი მხარეების ბოლომდე გამოყენება მოხდეს.

ხვიჩას და გიორგის შეუძლიათ, ერთმანეთი მეტად შეავსონ. რაც მთავარია, ორივე ცდილობს, გუნდურ ინტერესებს მაქსიმალურად მოერგონ. ჩაკვეტაძის დაფარული, დახვეწილი საგოლე პასი და კვარაცხელიას ცივსისხლიანი დაგვირგვინება ამ მატჩის მშვენება გამოდგა. 

Sportall.Ge

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ "კვარას" მიმართ დიდი მოლოდინია, მაგრამ როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში შეტევაში გუნდური თამაშია უმთავრესი, მხოლოდ ინდივიდუალურობით ბევრს ვერაფერს შეძლებ. "ნაპოლის" გარემარბმა გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და აქტიური მონაწილეობა კიტეიშვილის გოლშიც მიიღო. მოედნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, სანიოლს ხვიჩასთან კომუნიკაცია ჰქონდა, "შვიდიანმა" კი ისურვა, მინდორზე მაქსიმალურად დიდხანს დარჩენილიყო და "ასისტიც" ჩაიწერა.

ნოემბერი და მარტი

საქართველოს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ორი უმოტივაციო თამაში აქვს, რომლებიც არც მეტოქეებს უწყვეტს რამეს, ჯგუფიდან გასულები უკვე ცნობილია. ახლა მთავარია, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მაქსიმალურად გამოვკვეთოთ ის, თუ რას ვაპირებთ მარტში, "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფში. მანამდე სანაკრებო ფანჯარა აღარ იქნება. თავდაჯერება საჭიროა, მაგრამ სუსტ ნაკრებებთან ასეთმა გამარჯვებებმა მხოლოდ უკეთესი უნდა გაგვხადოს და არა ჩავთვალოთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია. კრიტიკული მსჯელობა და აზროვნება აუცილებელია!..

altვილი სანიოლი: ახლა სულ სხვა ჩაკვეტაძეს ვხედავთ - რესურსები სწორად უნდა გადავანაწილო

alt4:0. საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი მეორე ტაიმში გატეხა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია: უკვე მარტის საპლეიოფო მატჩებისთვის ვემზადებით

მკითხველის კომენტარები / 36 /
თქვენ ჟურნალისტებს თუ მართლა გჯერათ სანიოლის და მისი მწვრთნელობის დაღუპულადაა საქმე გულწრფელად გჯერათ რო ევროპაზე გავალთ ამ მწვრთნელის ხელშიიი? ლუქსემბურგს მოვუგებთ და ოთხ დღეში საბერძნეეთს?? მართლა გჯერათ? საბერძნეთი კვიპროსი არაა სადაც კვიპროსმა პირველი ტაიმი დაგწნეხა ბერძნები მთელი თამაში რას იზამენ! პრობლემები არსად გამქრალა რაც იყო...ახლა კი შეიძლება ესპანეთმა ფრე ითამაშოს და შოტლანდიამ წააგოს მოტივაციის გამო. არ დაიხარჯნონ ჩვენთან და მთლიანად საკლუბოზე გადაერთოს ორივეგუნდის ფეხბუღთელები. მერე დაიწყებდ ავლა დიდებას მარტში ჩამოვა ლუქსემბურგი და ფაფუ ავლა დიდება გაქრება
beqa
12:57 16-10-2023
17
რას ქვია უმოტივაციო? ესპანეთმა არნახული სირცხვილი გვაჭამა. მე პირადად ველი რომ გასვლაზე თავს მოიკლავენ და მოიგებენ. სხვანაირად ეს ლაქა არასდროს მოიწმინდება.
ლადო
17:26 16-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული