მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?

AutoSharing Option
და ჰა, კარს მოგვადგა 21 მარტი, როდესაც უეფას მიერ ბოძებული შანსით საქართველოს ნაკრებმა მეორე ცდით უნდა დაიწყოს ევროპის ჩემპიონატზე „უკანა კარით“, ერთა ლიგიდან შეღწევა. პირველი შესაძლებლობა 2020 წლის 13 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით თბილისში გავუშვით ხელიდან და მეორე შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს. სამწუხაროდ, პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერ დაგვეხმარება ხვიჩა კვარაცხელია, რომელთან ერთადაც „ჯვაროსნები“ ერთი გუნდია, მის გარეშე კი - სულ სხვა. მოგვწონს თუ არა, ასეთია რეალობა და დანაკლისი უმძიმესია. ჩრდილომაკედონიელებთანაც არ გვყავდა კვარაცხელია და რატომღაც კოვიდის პერიოდში სტადიონის მაყურებლების 1/3-ით
შევსების უფლებაც არ გამოგვაყენებინეს. ახლაც არ გვეყოლება ნახევარფინალში ხვიჩა, მართალი გითხრათ, გარკვეული სიფრთხილის გრძნობაც არსებობს და იმის შიშიც, რომ უხვი ნალექი არ მოვიდეს და მოედანზე პრობლემა არ შეიქმნას.

საქართველოს ნაკრები დაუბალანსებელ გუნდად რჩება, ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს გიორგი მამარდაშვილისა და კვარაცხელიას სახით. ზოგს ფიზიკური მონაცემები აკლია, ზოგს - ტექნიკური, ზოგს ბედმა არ გაუღიმა ჯანმრთელობის თუ თავის დროზე კარგ კლუბში არმოხვედრის გამო. ამ ორს კი ღვთის მადლით ყველაფერი გააჩნია დიდ შრომის უნართან ერთად. უყურეთ, ალბათ, „ვილიარეალთან“ მამარდაშვილის თამაშს და სიამაყის გრძნობაც დაგეუფლებოდათ. ამ სიტყვის კარგი გაგებით, კარში რაღაც მონსტრი იდგა, მეტოქეთა ნამდვილი რისხვა. თან მუდმივად პროგრესირებს, იხვეწება და უკეთეს გუნდში გადასვლასაც იმსახურებს.

Sportall.Ge

რაც შეეხება „კვარას“, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, „ინტერთან“ ბოლომდე არ დაიხარჯა, თავს გაუფრთხილდა და აზრით და გონით უკვე თბილისში იმყოფებოდა. სწორადაც მოიქცა, ვინაიდან იმაზე გაცილებით, გაცილებით უკეთ ირჯება, ვიდრე გასამრჯელოს უხდიან, დიდად მადლიერიც არავინაა და ისეთი პარტნიორები ჰყავს, უკეთესი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია - ორი მცველი მეურვეობს, მესამე დაზღვევაზეა და „გალიაში“ ჰყავთ გამომწყვდეული. დროულად პასსაც ვერ თუ არ აძლევენ და ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში მხოლოდ მაშინ აწვდიან, როდესაც სხვა გზა აღარ აქვთ. „ბარსელონასთან“ შეხვედრის დასასრული გამახსენდა, როცა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეცვალა და ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ. ორივე მშვიდად გახლდათ მარცხს შეგუებული. "ინტერთან" ნამატჩევს „ნაპოლის“ თავკაცმა დაუფარავად თქვა, რომ ახალწვეულები იმედებს ვერ ამართლებენ და მისთვის მთავარი სლოვაკეთის ნაკრებია. იგივე დამოკიდებულება გააჩნია ვიქტორ ოსიმენს, რომელსაც ეტყობა, გული უკვე სხვაგან მიუწევს და მგონია, ტრავმას იმიზეზებს - მიდი და გაიგე, კუნთის გადაღლილობა აწუხებს თუ არა.

მიუხედავად კვარაცხელიას არყოფნისა და ლუქსემბურგის ნაკრების უკანასკნელ წლებში გაძლიერებისა, ჩვენი ეროვნული გუნდი ვალდებულია ხუთშაბათს გაიმარჯვოს. ფეხბურთში რაღაცის ვალდებულება, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც წაგების უფლება არ გაქვს. თუ გადავხედავთ მოწინააღმდეგის შემადგებლობას, ადვილად შევამჩნევთ, რომ „ჯვაროსნებზე“ ნაკლებ გუნდებში სულაც არ ასპარეზობენ. ვილი სანიოლის კრებულს კი სერიოზული პრობლემები გააჩნია - რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცით ლეგიონერთა ამბები და ისიც, რომ საკმაო ნაწილს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და მაღალი შედეგიანობითაც არ გამოირჩევიან. ერთ-ერთი გამონაკლისი ბუდუ ზივზივაძეა და ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თავის დროზე არ გაუმართლა, უკეთეს კლუბში არ მოხვდა და უკეთესი კარიერა ვერ აიწყო. ზემოთაც აღვნიშნე, ბევრი რამ გამართლებაზეა დამოკიდებული, თორემ, ვთქვათ, გიორგი ლორიასაც უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, რადგან საამისოდ ყველა მონაცემი აქვს. დააკვირდით, როგორ იბრძვის ზივზივაძე ბურთისთვის, გოლის აღლო გააჩნია და შეტევის დაგვირგვინების უნარიც. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, თუმცა, ჩემი აზრით, „ნაპოლის“ თავდამსხმელებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობია კიდეც. ნეაპოლური გუნდი ხშირად ფლობს ინიციატივას, მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიაქვს, საჯარიმოში ხშირად აწვდიან ბურთს, მაგრამ იქ ვერავინ იხსნება და მთელი შრომა და გარჯა წყალში ეყრებათ.

Sportall.Ge

მეტად აღარ მინდა ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ჩვენი სხვა ფეხბურთელები დავახასიათო, უბრალოდ ერთს გავუსვამ ხაზს - ბევრისგან გაცილებით მეტს მოველოდით, თუმცა მათთვის ჯერ არაფერია დაკარგული და იმედია, თავის წარმოსაჩენად მარტის პლეი-ოფი შესანიშნავი შანსია, რასაც გამოყენება სჭირდება. სასიხარულოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში დგება და სათანადოდ დაგვეხმარება. ახლა მთავარია გულშემატკივრების დიდი ძალისხმევით როგორმე გადავლახოთ ნახევარფინალური ბარიერი. არაა ლუქსემბურგი ის გუნდი, რომლის ძლევაც საქართველოს ნაკრებმა, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე ვერ უნდა მოახერხოს. არც ის მგონია, უეფა „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლის წინააღმდეგი იყოს. მკითხავთ უთუოდ, რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი და მოკლედ გიპასუხებთ - არსებობს ხოლმე „წყალქვეშა დინებები“, მაგალითად, როგორსაც იტალიისა და უკრაინის დაპირისპირებისას ჰქონდა ადგილი. მსაჯს ხომ ხანდახან ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია საკამათო ვითარებაში გადაწყვიტოს მატჩის ბედი და ვერც მოედავები.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ქომაგების აქტიური თანადგომით ამოცანის გადაჭრა ძალუძს. მთავარია, აუღელვებლად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე იმოქმედონ და ფინალში გავიდნენ, სადაც უკვე ხვიჩაც დაგვეხმარება. ეს ორი აუცილებლად მოსაგები მატჩია, რომელიც გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს თავად მოთამაშეთა და საერთოდ, ქართული ფეხბურთისათვის.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 29 /
მაინცდამაინც მამარდას იმედზე ნუ წავიყვანთ თამაშს :)
წეწე
20 მარტი 2024 15:03
0
მოვიგებთ ლუქსენბურგთან აუცილებლად!!!!!!!!!!!!
ტოტო
20 მარტი 2024 13:10
0
ბურთის, ჯანის, ტექნიკის და ა.შ. გარდა არსებობს კიდევ რაღაც, რასაც სახელი არა აქვს, მაგრამ უმაგისოდ წარმატებას ვერ მიაღწევ. მაგალითად, ჟორდანიამ რომ დაინახა, რომ რუსებს სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშს ვერ უგებდა, შუქები გაათიშინა სტადიონზე და მერე მაინც მოიგო. საბერძნეთმა რო იცოდა, რომ ისეთი შანსი კიდე საუკუნე არ ექნებოდა - იჩალიჩა და ევროპის ჩემპიონი გახდა კარაგუნისებით და ჭიჭიკოებით. ლუქსემბურგის მოგებულად გაშვება არ შეიძლება, რაც გინდათ ქენით, გინდა მინდორზე, გინდაც მის მიღმა. ქვეყნის ღირსება გადის ეხლა თქვენზე - ეს ორი თამაში უნდა მოიგოთ!
oto
20 მარტი 2024 12:15
2
რამდენი ხანი უნდა იძახოთ- ჩაკვეტაძე ფორმაში დგება!!!, რა ვეღარ ჩადგა ეგ ოჯახაშენებული!. ფორამა-მორვა კი არა გამოვიდნენ და მოიგონ ორივე თამაში როგორც უნდათ, თუ არა და რაში იხარჯება ამ ღატაკი ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 250 მლ-ნი ვითომდა ფეხბურთის განვითარებაზე?. ისე როგორც განვითარდა კი ჩანს, ზედაპირზეა- ქართული კლუბები ისევ ფსკერზე არიან და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსიც კი არ ჰქონიათ, მხოლოდ ბიუჯეტის ფულებით საეჭვო ლეგიონერების ტრასფერებითა და კლუბებში ნათესავ-ძმაკაცების დასაქმებით არიან დაკავებულნი, ნაკრები კი ამდენი ბაქი-ბუქის ფონზე შესარჩევ ჯგუფში ტრადიციულად ბოლოდან მე-2 ადგილზე გავიდა, მეტიც, ესპანეთმა საერთოდ 7 გაგვიტანა თბილისში. ისე უტვინოები და არაკომპეტენტურები მართავენ ფეხბურთს ჩვენთან კვარას გაფრთხილების ალბათობაც ვერ გათვალეს და ნაკრები ფაქტიურად უპირობო ლიდერის გარეშე დატოვეს. დავრჩით ეხლა ჭაკვეს იმედზე,რომელიც აგერ უკვე 4-5 წელია ფორმაში შედის და ვეღარ შევიდა.....გამორიცხულია ვერანაირი მიზეზით ვერ გაპრავება ამ ორივე თამაშის ჩაგდება ....უნდა მოიგონ უსიკვდილოთ...
SOSO
20 მარტი 2024 10:31
7
250 მილიონი წელიწადში? ზღაპააარ. 10 წელიწადში კი ბატონო, შეიძლება დაგიჯეროთ.
მწარე
20 მარტი 2024 12:32
2
შე კაი კაცო და შე მართლა ოჯახაშენებულო სანამ რამეს დაწერ გადაამომწე წელიწადში დაახლოებით 30-40 მილიონი იხარჯება ფეხბურთზე რა არა 250 მილიონი.
Pepelu
20 მარტი 2024 11:55
3
ყველა გამოხმაურება
არანაირი ზეწოლა!! ბიჭებს ისედაც გათავისებული აქვთ სიტუაციის სერიოზულობა!! ზედმეტი ბრიყვული კლავიატურის კლონები, ტროლები და ბოტები არაა საჭირო!!!! არც მხარდამჭერი და არც მოწინააღმდეგე!!!!
Pepelu
20 მარტი 2024 10:18
0
თბილისის დინამო რომ წააგებდა მოსკოვის დინამოსთან „ფიზიკური მომზადებით გვჯობიანო“.

ნაკრებს გადამწყვეტი თამაშები აქვს ნაკრების წევრზე ამბობ ნელ-ნელა ფორმაში შედის და მაგის იმედი გვაქვსო. საინტერესოა რამდენი წელი სჭირდება „ფორმაში შესვლას“
დევი
20 მარტი 2024 10:10
6
რა მაგარი სურათია! სტატია ჯერ არც წამიკითხავს, ისე ძალიან მომინდა კომენტარის დაწერა. ასე აფრენილი გვენახოს ჩვენი ნაკრები ხვალ და 26-ში!
არჩი
20 მარტი 2024 09:25
1
ქვეყნის სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია!!!!!!! და ძალიან მიხარია, რომ ამ თაობის და ამ ბიჭების გადასაწყვეტია ესეთი საპასუხისმგებლო მომენტი!!!!! რადგან ზუსტად ვიცი სრული პასუხისმგებლობით მიუდგებიან და ქვეყანას დიდ სიხარულს მოუტანენ!!!!!! თქვენთან ვართ ლომებო!!!!!!!!!!
Pepelu
20 მარტი 2024 07:30
0
ამ ლუქსემბურგმა ევროზე - გასვლა ბოსნიას მოუგო, ისლანდიასა და სლოვაკეთს ფრე გაუგორა. ხვიჩას გარეშე, ამ სამს იმედია აღემატება რაიმეთი საქართველოს ნაკრები, ალბათ პოტენციალით. ყოველ შემთხვევაში არ დაფასება ამ მოწინააღმდეგის, არა მგონია საქმეს წაადგეს. 2 დღეში თამაშია და იმასაც ვერავინ იტყვის 100% - ით რას ვითამაშებთ, როგორ. მრავალი წელი უთამაშებელი კაცი ეხლა მოგვყავს. პრინციპში სათქმელი ბევრია, მაგრამ ეხლა კრიტიკის დრო ნამდვილად აღარ არის, რაც არის ეგ არის.უბრალოდ ცოტა მაშფოთებს ეს ყოველივე. იმედია სიმტკიცით გავალთ ფონს. სპალეტის სიტყვები მომეწონა იტალიის ნაკრებზე, ჩვენზეც ზედგამოჭრილია: პლეისტეიშენის მოთამაშეებია კი არა, მგლები მჭირდებაო! ჩვენც ზუსტად მანდ ვართ...
ამატაკი
20 მარტი 2024 04:00
0
ილია თოფურია ორი დღეა საქართველოშია და პოსტი არ დაუდია საქართველოზე!!
..
20 მარტი 2024 03:04
8
არ არიან ქართველი სპორტსმენები საქართველოს პატრიოტები, არ გვანან დონჩიჩს,მოდრიჩს,მხითარიანს!!
.. ს
20 მარტი 2024 12:53
5
საქართბელოზე პოსტი არ დაუდია,სამაგიეროდ დოლჩე გაბანას სუნამოების რეკლამის ფოტოსესია დადო ინსტაგრამზე!!!
.. ს
20 მარტი 2024 12:09
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული