ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
დებიუტანტის კვალობაზე სასწაულად ვითამაშეთ. კვარაც რომ გვყოლოდა, ალბათ მოვიგებდით. კვარა რატომ არ გვყავდა, კვარამ იფიქროს. იქნებ იმიტომ, რომ ცემენტზე თამაშით მუხლგადატყავებული ბიჭისგან არაფერი დარჩა მასში. თამაშს კლასუი იგებს, მაგრამ ბრძოლის, მონდომების, თავდადების გარეშე კლასიც არაფერია. ქოჩორა იყო ფანტასტიური და ჟორჟი უმაღლესი კლასის თავდამსხმელია.
ქომაგი
22:09 18-06-2024
4
ბრვრს გეთანხმებით ძმებო ბევრს შეიძლება არა,მაგრამ ზოგადად დღევანდელი ნაკრები თუნდაც ერთი წლის წინანდელათან შედარებით ბევრად ძლიერია და პირველ რიგში მენტალურად...სანიოლი გაიზარდა ჩვენ ბიჭებთან ერთად...რა თქმა უნდა შეცდომები იყო ალბათ შემადგენლობაში,მაგრამ ძალიან მაგარი 5ამაში იყო და მინიმუმ თურქეთი ბეწვზე გადაგვირჩა ფრეზე...მადლობა ლომებო 5ავდადებისთვის!!!
გულდაწყვეტილი ვარ თქვენსავით მეც ერთი რიგითი გულშემატკივარი,მაგრამ მე ამ ნაკრების თამაშის ყურება მინდა სულ და აღარ მაქ ფიქრები,რა აზრი აქვს მაინც წააგებენ...
ეს ჩემი მოკრძალებული აზრია ძალიან სტაჟიანი გულშემატკივრის....
Lobotka
23:31 18-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული