კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება.

28 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი მამარდაშვილმა, ლუკა ლოჩოშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა უპასუხებს.

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "დიდი ხანია ყოველდღიურად ვშრომობ, რომ მაღალ დონეზე მეთამაშა ეს ტურნირი. ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში. ვნახე, რაც ხდებოდა თბილისში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ. სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით გულშემატკივრების გახარება.

ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და გამორჩეული გუნდია მაღალი
დონის შემსრულებლებით. ბევრ მათგანს ვიცნობ და მათ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს. ვეცდები, რომ ესპანეთთან შეხვედრაც კარგად ჩავატარო და ყველაფერს გავაკეთებთ კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად".

ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "დავინახეთ, რომ შეგვიძლია პორტუგალიის დონის გუნდებთან ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ეს მატჩი თითოეული მოთამაშისთვის დიდი გამოცდილება იყო, რამაც თავდაჯერება შეგვმატა. თუმცა, პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მეტოქეზე და მოვემზადოთ ესპანეთთან მატჩისთვის".

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის გუნდია. წარმოუდგენლად ითვლებოდა მათი დამარცხებით ჯგუფიდან გასვლა, თუმცა შევძელით. ეს თავდაჯერება და ემოციური ფონი უნდა გაგვყვეს ესპანეთთან თამაშისთვის.

ესპანეთი ნაკრები ყოველთვის გამორჩეული გუნდია განსხვავებული სათამაშო სტილით. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები.

თითოეული მატჩი ამ ტურნირზე ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება და საკუთარი თავის შემოწმება, თუ სად შეიძლება ვიყოთ და რაზე შეიძლება ვიფიქროთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 30 ივნისს, კიოლნში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მედიის საყურადღებოდ: 29 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე კიოლნის სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. 18:00 საათზე ჩვენი გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება.

29 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

13:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (კიოლნი)

18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
თერთმეტი რწმენით სავსე,რეჟიმში მყოფი,თავისუფალი ქართველისათვის ნებისმიერი სხვა თერთმეტის დამარცხება ფინალშიც ძალიან აადდვვიილლიიაა.
ავთანდილ
12:39 30-06-2024
0
ჯგუფიდან გასვლას მე პირადად სასწაულად არ ვთვლი, მაგარი შედეგი დადეს, სასწაული იქნება ესპანელების გაგდება, რომლების სრული შემადგენლობით შემოგვიტევენ პირველივე წუთებიდან, იმედი მაქვს გავაგდებთ
გოგა
22:39 29-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული