რომ არ იყოს ნაკრების წარმატება ერთჯერადი და არ დაუბრუნდეს ჯგუფში მეოთხე ადგილს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გასვლით მაქსიმალური და წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა, ახლა მთავარია მიღწეულზე არ შეჩერდეს და მორიგ წარმატებას კიდევ წლების განმავლობაში არ ველოდოთ. თამასა აწეულია, მოლოდინი დიდია და „ჯვაროსნებს“ არ აქვთ უფლება შესარჩევ ტურნირზე ჯგუფში მეოთხე ადგილს დაუბრუნდნენ.

ევრო 2024-ზე ჩვენი ეროვნული გუნდის ოთხივე ჩატარებულმა მატჩმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მათ ტურნირი გაალამაზეს, სულ სხვა ხიბლი შესძინეს. ამას თავიანთი შემართებით და ბრძოლისუნარიანობით მიაღწიეს. მრავალმა ავტორიტეტულმა გამოცემამ საუკეთესო მეკარედ სამართლიანად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა, გიორგი მიქაუტაძე კი თანაბომბარდირი გახდა.
ვერაფერს იტყვი, დებიუტანტის ასეთ ასპარეზობას არავინ ელოდა და ეს გახლდათ გუნდი - სიურპრიზი, გუნდი - სენსაცია.

ცალკე საუბრის თემაა ქართველი გულშემატკივარი. პატარა ქვეყნის ნაკრებს გერმანიაში 35-40 ათასი ადამიანი ქომაგობდა და თანაც, როგორ ქომაგობდა. ბევრმა ევრო 2024-ზე გასამგზავრებლად საკუთარი ფინანსური შესძლებლობებიდან გამომდინარე, შეუძლებელი შეძლო. როდესაც უცხო ქვეყანაში ქართულ მარშს ნახავ, მიხვდები, ისტორიაში ამდენი უბედურების გამოვლის შემდეგ, რატომაა საქართველო მარადიული. ვერ გეტყვით რა მიზეზით, თუმცა მატჩების ტელერეპორტაჟებისას რატომღაც სრულად არ გადმოიცემოდა სტადიონებზე ქართველების სიმრავლე და სიხალისე. თავად უეფასთვის და ტურნირის ორგანიზატორებისთვის საქართველოს ნაკრების მონაწილეობა სასიამოვნო და ყოველმხრივ მომგებიანი იყო - თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით.

Sportall.Ge

და ვიხილეთ ჩვენს მიმართ თითქმის იდეალური მსაჯობა, ოღონდ, ვიდრე ესპანეთს არ შევხვდით. დიახ, ლუის დე ლა ფუენტეს შესანიშნავმა კრებულმა აშკარად დაგვჯაბნა (ვინ არ დაჯაბნა?), მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“. ფეხბურთი ხანდახან ალოგიკურია, გასაოცარი რამეები ხდება ხოლმე და ამითაცაა განსაკუთრებული. კერძოდ: 39-ე წუთზე როდრის გოლი ჩასათვლელი არ იყო, პირველი ტაიმი ჩვენი გამარჯვებით 1:0 დასრულდებოდა და არავინ იცის, შემდეგ რა მოხდებოდა. თანაც, ზუსტად მაშინ მიიღო ტრავმა ოთარ კიტეიშვილმა და შესაცვლელი გახდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას ცენტრიდან დარტყმული ბურთი უნაი სიმონის კარს ასცდა. მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როდრის გოლი რომ არ ჩათვლილიყო და კვარაცხელიას გაეტანა. ალბათ, „ფურია როხა“ მაინც მოგვიგებდა, თუმცა ვინ იცის... რა მაგის პასუხია და ფინალში მსაჯს მინიმუმ 5 წუთი უნდა დაემატებინა ძირითადი დროისთვის, რაც არ გააკეთა. ევროპის ჩემპიონი უდავოდ საუკეთესო გუნდი გახდა და ამით ფეხბურთმა გაიმარჯვა. ოღონდ ეგაა, გარკვეული კითხვის ნიშნები დარჩა.

ზემოთ აღვნიშნე, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწია, რაშიც მწვრთნელის, ვილი სანიოლის დამსახურება უდიდესია. რა თქმა უნდა, გვინდა ჩენი გუნდი პირველ ნომრად თამაშობდეს და დომინირებდეს, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი მის ხელთ არსებული კონტიგენტით მოქმედებს. როგორც ძველად იტყოდნენ - კადრები წყვეტენ ყველაფერს. სანიოლს კი მდიდარი არჩევანი არ გააჩნია და საკმაოდ მოკლე სათადარიგო სკამი აქვს. ვაღიაროთ, გვყავს ოთხი-ხუთი მაღალი კლასის ფეხბურთელი და დანარჩენი საშუალო დონისანი, თუმცა გმირულად მებრძოლები. გუნდი საერთო ჯამში ჯერ კიდევ დაუბალანსებელია, მაგრამ ისე აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, როდესაც შეტევაში მხოლოდ ხვიჩაზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამითაა განპირობებული სანიოლის სტრატეგია და ტაქტიკა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას.

სტაჟიან გულშემატკივრებს გვახსოვს ძველი თბილისის „დინამო“, რომელიც იშვიათად გვინახავს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საკუთარ კარს მიჯაჭვული. ამას წინათ ინტერნეტში 1982 წელს თბილისში უეფას თასზე „ნაპოლისთან“ მოგებული (2:1) მატჩის ვიდეო ვნახე, რომელსაც გთავაზობთ. დააკვირდით როგორ მოძრაობს ყოველი რგოლი, როგორ ფლობს ნებისმიერი ფეხბურთელი ბურთს, როგორ იხსნებიან, როგორ მოქმედებენ უბურთოდ. ისიც სათქმელია, რომ იმ დროისთვის დავით ყიფიანს უკვე თამაშისთვის თავი ჰქონდა დანებებული.


საქართველოს დღევანდელ ნაკრებს ამის ფუფუნება არ გააჩნია, ვინაიდან არ ჰყავს სწრაფი მცველები და მარტო მათ ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. ელემენტარულად გვჭირდება ნახევარმცველი (ან ნახევარმცველები), რომელიც ბურთს დაიჭერს, ტემპს გააკონტროლებს და პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. შესაძლოა, ამისათვის სასტარტოში ზურიკო დავითაშვილის დაყენება გახდეს საჭირო, რომელმაც ბოლო სეზონში ძალიან მოუმატა, ბურთის მიღება, კორპუსით დაფარვა და შენარჩუნება ეხერხება. ყოველ შემთხვევაში, ეს ვარიანტიც მოსასინჯია, რამეთუ ყოველთვის კონტრშეტევაზე თამაში შეუძლებელია და ადრე თუ გვიან გაუშვებ გოლს. ამას გარდა, თავდამსხმელებს ძალიან უკნიდან უწევთ იერიშების წამოწყება, იღლებიან და საკუთარ პოტენციალს სრულად ვერ ავლენენ. იგივე ესპანეთთან კვარაცხელიას მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი - არცერთი.

ბევრი სამართლიანად მიიჩნევს, რომ შემადგენლობა ნაწილობრივ გადასახალისებელი და გასაახალგაზრდავებელია, რათა უფრო მაღალი სისწრაფეებით და ამოწეული დაცვით იმოქმედონ, მაგრამ აქ ისევ მთავარ პრობლემას, კარდების დეფიციტს ვაწყდებით. სამწუხაროდ, იმ 21-წლამდელთა ნაკრებიდან, რომელმაც საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კარგად წარმოაჩინა თავი, ჯერ ბევრმა პროგრესი ვერ განიცადა. ვინც ახალი ფორმაციის ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრას უყურა, დაინახავდა, რომ პირველ ნაკრებში საასპარეზოდ მზად არავინაა. უბრალოდ არ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც უკვე დღესვე დიდ ნაკრებებთან მაღალი ინტენსივობით თამაშს შეძლებენ. ესაა რეალობა, რომელიც სურვილთან თანხვედრაში არ მოდის.

Sportall.Ge

მოკლედ, „ჯვაროსნების“ ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. გუნდი აშკარად გაუმჯობესებულია, რამდენიმე ფეხბურთელი მაღალი დონის გუნდში გადავიდა და ახალი ამოცანები გველოდება. პირველ რიგში ერთა ლიგის B დივიზიონი, სადაც ჩეხეთის, უკრაინის და ალბანეთის სახით რთული მეტოქეები გვეყოლება. ნუ დაგვავიწყდება, რომ განსაკუთრებით უკრაინა და ჩეხეთი ძალისმიერი გუნდებია და ჩვენთვის ტრადიციულად უხერხული მოწინააღმდეგები არიან. ამის შემდეგ დაიწყება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჯგუფში მოვხვდებით. ერთი რამ ცხადია, ნაკრები უკეთესი და თავდაჯერებული გახდა, სულ სხვა სიმაღლეზე გავიდა და მისგან წინსვლას და მორიგ წარმატებებს ველით. ამისათვის კი ევროპის ძლიერ კლუბებში სტაბილურად მოასპარეზე მეტი ფეხბურთელია აუცილებელი.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 12 /
რომელი მცველი განვითარდება აბა მითხარით 20 წელიწადია ჩაბეტონებულია კაშია და15 კვერკველია …ამხანაგურებშიც კი ამ 15-20 წლის განმავლობაში შანსი არ მისცემია არავის იცვლებოდა მხოლოდ მესამე ცენტრალური მცველი ( ხოჭო, დვალი ) და როდესაც არავის არ აქვს იმედი რომ ნაკრებში მოხვდება ბევრიც იკიდებს ზოგი კორეაში მიდის ზოგი კვიპროსში ირანში და ა.შ აი გველესიანმა კი ძალით გამოაძახებინა თავი ტიპმა ინაგლა მაგრამ გაამართლა ყველა მხრიდან ეგაა რომ ისიც 33 წლისაა …დროა საზონოვის გელაშვილის კალანდაძის გოგლიჩიძეს ხვადაგიანის ამ ერთა ლიგაზე ამათ ერთი ორი ვეტარანი ვარჯიშებზე რომ ასწავლონ …რომ მსოფლიოს შესარჩევისთვის და მერე თვით მსოფლიოზე სრულიად ახალი დაცვა გვაყვდეს …( ვეტერანებში ვგულიხსმობ დვალის და ლოჩოშვილს და არა სხვებს )))))) ….)….
მდააა
01:34 22-07-2024
0
ყველა ვერ იქნება ხვიჩა და მამარდად დონის ფეხბურთელი, მაგრამ.სულ მცირე ჩაკვეს და კიტეს დონის ფეხბურთელები უნდა გვყავდეს ყველა რგოლში, რო მსოფლიოზე გასვლაზე ვიფიქროთ, ღმერთმა ქნას სასწაული მოხდეს, მაგრამ 4 და 5 კაცით ვერ გავალთ ამხელა ტურნირზე, პლუს კიტე ხშირად ტრამვიანობს, სულ საკუთარ კარს თუ არ გინდა იცავდე, მაშინ 4 მცველიანი ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ, ეგ ჩვენზე უკეთ იცის სანიოლმა, მაგრამ არა რესურსი ამ ეტაპზე
გოგა
21:35 21-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული