ვეტერანები
ფაქტია, საქართველოს ნაკრები საკადრო ცვლილებებთან ახლოსაა და თუკი ამასთან ეტაპობრივი შეგუება აქამდე მაინცდამაინც არ ხდებოდა, შესარჩევ ეტაპამდე დარჩენილი დროის გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეროვნულ გუნდში თამაშისთვის
საქართველოს ნაკრებში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ახლა გიორგი ლორიაა - 38 წლის. 37 წლისაა კაპიტანი გურამ კაშია; ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილები არიან 32 წლის საბა კვირკველია და ნიკა კვეკვესკირი (ახლა ორივე უკლუბოდაა). ნაკრებში დებიუტი ახლახან ჰქონდა 33 წლის გიორგი გველესიანს და მისი მაშინვე ვეტერანად განხილვა გაგვიჭირდება. არც იმას ვამტკიცებთ, რომ ნაკრებში მხოლოდ 30 წლამდე ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. გვაქვს პორტუგალიელი პეპეს მაგალითი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 41 წლისა ასპარეზობდა და ვიცით თუნდაც ლეგენდარული სერხიო რამოსისა თუ პიკეს გადაწყვეტილებებზე, სანაკრებო კარიერა მაშინ დაესრულებინათ, როცა ძველებურ ფორმაში აღარ იქნებოდნენ...
სიახლეები ევროს შემდეგ...
ყველაზე დიდი მოლოდინი კვლავ ირაკლი აზაროვის ირგვლივ იქნება და ეს ბუნებრივიცაა. ბოლომდე არავინ იცის, 22 წლის პერსპექტიული ფლანგელის არგამოძახების მიზეზი მხოლოდ საფეხბურთო რამდენადაა. სანიოლი მარცხნივ ლუკა ლოჩოშვილის (ახალ სეზონში 3 მატჩში მხოლოდ 1 წუთი მიეცა) თამაშით კმაყოფილი დარჩა და გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვით, "შახტარის" ფეხბურთელს ნაკრებში რომ დააბრუნებს.
თუკი ცენტრალური მცველების მომავალ როტაციაზე ვსაუბრობთ, სიახლეებს აქ ველით, პირველ რიგში, საბა საზონოვისთვის მეტი დროის მიცემას, თუმცა, სამწუხაროდ, კლუბში პირიქით ხდება. მიქაუტაძისა და წიტაიშვილის კარგი მაგალითები გვაფიქრებინებს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობას შეუძლია, ესპანური "ჟირონასა" და უნგრეთის 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ანტალ იაკობიშვილი "გააქართველოს". ბევრი რამ თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ამ.ეტაპზე კლუბში ისიც ცოტას თამაშობს და ეს უფრო მომავლის საკითხია.
ბოლო დროს ყაზახურ "კაირათში" ლუკა გადრანის პროგრესი აღსანიშნავია. გვახსოვს, როცა გველესიანის ნაკრებში მიწვევას ვითხოვდით, არაერთგვაროვანი რეაქციები იყო. დამტკიცდა - დასაკარგი რესურსი ნამდვილად არ გვაქვს, დაცვაში აშკარად უკეთესი რეზერვის იმედი გვქონდა...
23 წლის ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ უკრაინულ "კოლოსში" კარგად დაიწყო და თუკი ასევე გააგრძელებს, მას სანაკრებო კანდიდატად განვიხილავთ. აქ კონკურენცია ნამდვილად გვჭირდება. ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო.
საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძისა და ზივზივაძის სახით ორი ძლიერი და კონკურენტული ფორვარდი ჰყავს. ბოლო მატჩებში დავით ვოლკოვს "ზირას" შემადგენლობაში ბევრი გააქვს, მათ შორის, ევროტურნირებზეც გაიტანა და სანამ გიორგი ქვილითაია ახალ გუნდს მოერგება, ვოლკოვის ნაკრებში დაბრუნების ამბავი რეალურად უნდა განვიხილოთ.
სანიოლი
ახალ ციკლს ჩეხეთის მასპინძლობით ვიწყებთ. კარგად გვახსოვს იმ მატჩის სცენარი, რაც ჰამბურგში განვითარდა. იქ გამარჯვებაც შეგვეძლო, თუმცა შეხვედრაში, სადაც ბურთი მთლიანად დავთმეთ, გიორგი მამარდაშვილმა უამრავჯერ გადაგვარჩინა. თბილისში სხვა თამაში უნდა იყოს და ვილი სანიოლმა მასში სიახლეები უნდა შეიტანოს. რთულია, იმ ტაქტიკურ სქემაზე უარი თქვა, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლიე, მაგრამ ვილის ეს ეტაპობრივად დასჭირდება. გასაგებია, ხსენებულ დაპირისპირებაში კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე (შეცვლაზე შევიდა) არ თამაშობდნენ, თუმცა ის კარგად დავინახეთ, ჩეხებს ჩაწოდებების საშუალება არ უნდა მივცეთ. მოწინააღმდეგის ტაქტიკა მაშინ ასეთი იყო, ცენტრში ბევრი ფეხბურთელის თავმოყრის შემდეგ, ფლანგზე აუცილებლად მარტო ტოვებდნენ ერთ ფეხბურთელს, რომელიც საჯარიმოში აწვდიდა.
ასე რომ, ახლა მიღწეულით ტკბობაზე მეტად, განახლებისა და კიდევ უფრო გაძლიერების დროა!..