ისტორია: ვის აწყობდა საქართველო-რუსეთის მატჩის ჩაშლა?

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდარული მწვრთნელი ბილ შენკლი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც კარგი სპეციალისტი, არამედ, როგორც პიროვნება, რომელიც გულშიჩამწვდომ ფრაზებს ამბობდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა ეს არის: "ზოგს ჰგონია, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მერწმუნეთ, ის ბევრად მეტია"...

ამ სიტყვებს ცხოვრება ადასტურებს. მაგალითად, ქვეყნებს შორის ომები ტერიტორიული პრეტენზიებით ან სხვა სერიოზული მიზეზით იწყება, მაგრამ 1969 წელს, სალვადორსა და ჰონდურასს შორის კონფლიქტი საფეხბურთო მატჩმა გამოიწვია. 4-დღიან დაპირისპირებას ორივე მხრიდან 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულების გამო არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის
ორთვიანი ომი მიმდინარეობდა, რომელიც არგენტინის მარცხით დამთავრდა და ამ ქვეყნების ნაკრებების თამაშებში დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს.

გაცილებით დიდი ხნის დაპირისპირება აქვს ინგლისს შოტლანდიასთან, უელსსა და ირლანდიასთან. იმავეს გახსენება შეიძლება საბჭოთა კავშირზეც, რომელსაც ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, უნგრეთი და ორივე გერმანია (კომუნისტურიც და ფედერაციული რესპუბლიკაც) გამწარებულები ეთამაშებოდნენ. სიის ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. მთავარი ისაა, რომ ამ ნაკრებებს შორის თამაშები მართლაც ბევრად მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთი.

ასეთი საფეხბურთო ომები საქართველოსაც ჰქონდა და ერთი მათგანი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - გულშემატკივარს დღემდე ახსოვს მატჩი, რომელიც 2003 წლის 30 აპრილს თბილისში საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის გაიმართა. იმ დღეს ჩვენმა ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაც ჩაატარა.

ჩვენ ამ მატჩთან დაკავშირებულ რამდენიმე უცნობ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადამიანების განწყობის ჩამოყალიბებაში ფეხბურთს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია და რომ მას პოლიტიკურ თამაშებში ხშირად იყენებენ.

ჩაშლილი მატჩი

რეალურად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეს შეხვედრა 2002 წლის 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. საქართველო-რუსეთის მატჩზე ჩამოსვლას რუსების ფანები მოერიდნენ და თბილისს მცირერიცხოვანი დელეგაციით ესტუმრნენ. ოფიციალური რუსული "დესანტი" კი აშკარად პოლიტიზებული იყო: დელეგაციას სპორტის მინისტრი ვიაჩესლავ ფეტისოვი ხელმძღვანელობდა. გვესტუმრა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვიც. რუსი ჟურნალისტები გაფართოებული თვალებით უცქერდნენ, როცა თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველის, აფხაზი ახრიკ ცვეიბას სტადიონზე გამოჩენას ხალხი აპლოდისმენტებით შეხვდა - არადა, პირიქით ელოდნენ.

მოედანზე დაძაბული, ხისტი ბრძოლა გაიმართა, რეალური საგოლე მომენტები კი არც ერთ გუნდს არ შეუქმნია. პირველი ტაიმის ბოლოს, 41-ე წუთზე, "ლოკომოტივის" სტადიონის ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო შუქი გამოირთო. ორ წუთში პრობლემა მოგვარდა და ნორვეგიელმა არბიტრმა ტომ ჰენინგ ოვრებომ მატჩი განაახლა, მაგრამ გავიდა კიდევ სამ წუთი და შუქი ისევ გამოირთო. ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების წყარომ ვერ იმუშავა, ენერგეტიკოსებს პრობლემის მოგვარების იმედი გადაეწურათ და მატჩი შეწყდა.

ეს იყო უდიდესი სირცხვილი, რის გამოც საქართველოს ბნელი და ჩამქრალი ქვეყნის იარლიყი მიაწებეს. სხვათა შორის, ერთ თვეში საერთაშორისო საკალათბურთო შეხვედრის დროსაც დაახლოებით იგივე მოხდა - თბილისის "დინამომ" ვერის პარკში ფიბა-ევროპის რეგიონული თასის გათამაშებაში უკრაინულ იუჟნის "ხიმიკს" უმასპინძლა. დარბაზში დენი ორჯერ გამოირთო და თამაში 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ამ მორიგ ელექტროინციდენტს დიდი ხმაური არ მოჰყოლია.

რუსული ვერსია

ეს ის დროა, როცა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება უკვე საფუძველმორყეულია, როდესაც ხალხს პანკისის ხეობაში ლამის ყოველდღე იტაცებენ, ლევან კალაძე კი უკვე გატაცებულია... ამ დროს სტადიონზე შუქის გათიშვა ქვეყნის იმიჯზე კიდევ ერთი, დამანგრეველი ძალის დარტყმა გახლდათ.

მაინც ვის სასარგებლოდ ჩაქრა შუქი? ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან თითქმის თანაბარი თამაში მიდიოდა.

გავრცელდა ჭორები, რომ გუნდები წინასწარ შეთანხმებულ ფრეზე თამაშობდნენ, რაც ასევე დიდ სისულელედ ჩანდა, რადგან თბილისურმა ტოტალიზატორებმა კოეფიციენტები რუსების სასარგებლოდ გაანაწილეს. მატჩის გარიგების შიში კი, უპირველესად, სწორედ ამ დაწესებულებების ფსონებზე აისახება. შეხვედრამ დაადასტურა კიდეც, რომ მეტოქეები მოედანზე რევერანსებისთვის არ გასულან.

მაშინ ამ მატჩით პოლიტიკოსებმაც გვარიანად ისარგებლეს და ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფეხბურთი ხშირადაა პოლიტიკის, უფრო ხშირად კი - ბინძური პოლიტიკის მძევალი.

მაშინვე გაჩნდა ეჭვი - ხომ არ იყო ეს დივერსია? ამის საფუძველს ის ქმნიდა, რომ სტადიონს ელექტროენერგიის ალტერნეტიული მიწოდების კიდევ ორი წყარო გააჩნდა, რომელიც დაზიანებული აღმოჩნდა და მაშინ რუსულ მასმედიაში აგორებულ ანტიქართულ ისტერიას ეს საფეხბურთო მატჩიც დაერთო.

ეჭვებს ისიც აძლიერებდა, რომ გამოძიება უშიშროების სამინისტრომ დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი შედეგები საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

რატომ დარეკა პუტინმა?

რუსეთის სახელმწიფო არხის, ОРТ-ს ქართველი კორესპონდენტის თქმით, ის ხალხში მოსმენილ ვერსიებს ავრცელებდა - თითქოს, მატჩის ჩაშლით სფფ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას მოწინააღმდეგეები იყვნენ დაინტერესებულნი; რომ ეს ფაქტი ქართველ მოთამაშეთა უსუსურობით გამოწვეულ შიშს უკავშირდებოდა და ასე შემდეგ.

რეალურად, თბილისური დაპირისპირების რუსებს უფრო ეშინოდათ, რადგან მაშინ ჩვენი ნაკრები უსუსურად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ლოგიკითაც ასეა, რადგან მასპინძელს შეხვედრის ჩაშლა და თავზე ლაფის დასხმა არაფერში აწყობდა. სფფ-ის პრეზიდენტი ჟორდანია წუხდა, რომ მატჩის ჩაშლის გამო ისედაც ღარიბი ფედერაცია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა, რადგან რუსების ხელახალი ვიზიტის დაფინანსება მოუწევდათ.

სფფ-ის მაშინდელი გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია ამბობდა:

"ამ მატჩის მომზადება ფეხბურთის ფედერაციას 200 ათასი ლარი დაუჯდა. ახლა იგივე თანხაა გადასახდელი, რადგანაც იგივე ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ და ამას დაემატება რუსეთის დელეგაციის მიღება თბილისში. ეს დაახლოებით 50 ათასი დოლარი იქნება".

ფედერაციას პრობლემა შეექმნა იმ თურქულ ტელეკომპანიასთანაც, რომელმაც მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის უფლება გვარიანი თანხის საფასურად მოიპოვა.

სხვათა შორის, უცნობი ფაქტია, რომ პანიკის დროს საქართველოში რუსეთის მაშინდელ ელჩს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაურეკა და დელეგაციის წევრებისა და ფეხბურთელების უსაფრთხოებით დაინტერესდა. მართალია, სტადიონიდან მიმავალ რუსების ავტობუსებს ქვები და კვერცხები დაუშინეს, თუმცა სერიოზული მაინც არაფერი მომხდარა.

პოლიტიკური ზავი უეფასთან

საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ორგანიზაციების პრეზიდენტებმა - მერაბ ჟორდანიამ და ვიაჩესლავ კოლოსკოვმა უეფას დელეგატ რუდოლფ ბატასთან ერთად შეხვედრის გადადებაზე მოილაპარაკეს.

თავიდან მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს გამოირიცხა. ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, კოლოსკოვმა გონიერება გამოიჩინა და მომხდარის სათავისოდ გამოყენება არ სცადა. უეფას ხელმძღვანელობამ კი ხელახალი შეხვედრის თარიღად 2003 წლის 30 აპრილი დაამტკიცა.

საბოლოოდ, უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა 25 აპრილს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქართული ფედერაციის მიმართვა პირვანდელი დადგენილების გაუქმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, გულშემატკივრები მატჩზე საერთოდ არ უნდა დაეშვათ.

საქმე ისაა, რომ ამ მატჩის შემდეგ "ჯვაროსნებმა" თბილისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლეს და თამაშის დროს ტრიბუნიდან სტუმართა გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს... დანა ესროლეს. უეფას დადგენილებით, მატჩზე დასწრების უფლება მხოლოდ იმ 11 ათას მაყურებელს მიეცა, რომელთაც ჩაშლილი მატჩის ბილეთები შენახული ჰქონდა.

მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ ამ საქმეში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჩაერია და ევროპული ფეხბურთის მამები სტადიონზე ხალხის შეშვებაზე დაითანხმა.

ამ პერიპეტიების ერთ-ერთი უშუალო მონაწილე გვიყვება, რომ შევარდნაძემ უეფას პრეზიდენტს უშუალოდ მიმართა, რომ თავისი გადაწყვეტილებით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გამწვავებისთვის ხელი არ შეეწყოთ. საქმე ისაა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ცარიელი ტრიბუნების თემას მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებდა.

საბოლოოდ, უეფა შევარდნაძის არგუმენტმა დააჯერა და ქართველ გულშემატკივრებს განმეორებით მატჩზე დასწრების საშუალება მიეცათ.

ასათიანის დებიუტი

30 აპრილს, საქართველო-რუსეთის მატჩზე, რომელიც ისევ "ლოკომოტივის" სტადიონზე შედგა, წესრიგს 3 ათასამდე პოლიციელი იცავდა. თამაშს დაესწრნენ საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის - პარლამენტების მეთაურები.

თამაშს წინ სკანდალი უძღვოდა, რომელზეც ყურადღება შეგნებულად არ გამახვილდა: ხორვატმა სპეციალისტმა ივო შუშაკმა (რომელმაც ნაკრებს სულ 2 მატჩით უხელმძღვანელა) ძირითად შემადგენლობაში არ შეიყვანა შოთა არველაძე, რის გამოც ის განაწყენდა და შეკრებიდან წავიდა.

ბევრს სჯეროდა, რომ პუტინმა შევარდნაძეს დაურეკა და უთხრა, მოგება არ გაბედოთ, თორემ გაგამწარებთო. ცხადია, ეს ყოვლისმცოდნეთა მიერ შეთხზული ლეგენდაა.

ქვეყანაში მეტისმეტად აჟიტირებული ფონი შეიქმნა, რაც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა კარგად გაითავისეს და ისე მოინდომეს, იმ დღეს რუსეთზე ბევრად ძლიერ მეტოქესაც დაამარცხებდნენ...

თამაში კი დაძაბულად წარიმართა. ივო შუშაკის გუნდმა მეტოქეზე მეტი შანსი შექმნა და დამსახურებულად მოიგო. მე-12 წუთზე, ლადო ბურდულმა ბურთი გიორგი დემეტრაძეს მარჯვენა ფლანგზე გააყოლა, მან კი საჯარიმოში მიხეილ აშვეთიას უპასა - ამ უკანასკნელმა მცველებთან ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა და ისევ დემეტრაძეს დაუბრუნა. "დემემ" მაღალი ბურთი ჩააწოდა და მალხაზ ასათიანმა თავურით გაიტანა გამარჯვების გოლი - 1:0.

მალხაზ ასათიანი ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობდა, 30 აპრილს კი პირველად ჩაატარა ოფიციალური მატჩი. იმ დღიდან ასათიანი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა...

ეს იმდენად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თბილისის "დინამოს" მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილმა ბიჭებს პრემიად 100 ათასი ლარი გადასცა.

ამ თამაშს საქართველოს მოსახლეობა დიდხანს და იმედით ელოდა. ცნობილმა სახეებმა - უცნობმა (გიორგი გაჩეჩილაძე), ნიაზ დიასამიძემ, დათო ტურაშვილმა, ირაკლი კაკაბაძემ, თიკო ფაცაციამ, თამუნა გაბრიელაშვილმა - ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი აქცია გამართეს და გუნდის მაისურები გადაიცვეს.

ვისაც გაუმართლა, სტადიონზე მოხვდა. ცარიელ სკამებზე დროშები იყო, უმეტესობა კი მატჩს ტელევიზორებიდან უცქერდა. მატჩის ტელეტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, პარალელურად, ვაკის პარკში კი ორი დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც 20 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა:

"ეს იყო ცნობილი სახეების აქცია, ეკრანების დადგმა კი ჩემი და ჩემი მეგობრის იდეა გახლდათ, - ამბობს პაატა ბურჯალიანი, რომელიც 2004-10 წლებში პროფესიული ფეხბურთის ლიგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, - საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებს მიღმა დარჩენილი გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდებოდა.

მაგრამ თითოეულ ეკრანს 7 ათასი დოლარი სჭირდებოდა, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვქონდა. რამდენიმე ბიზნესმენმა ამხელა თანხის გადახდა არ ისურვა, მაშინ ყველა არჩევნებისთვის ემზადებოდა და ასეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩით არ დაინტერესდნენ. მატჩამდე ერთ კვირაზე ნაკლები იყო დარჩენილი.

"ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა, რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანი თემა იქნებოდა და ორი ეკრანი უცებ ჩამოიტანეს".

თამაშის შემდეგ საქართველოში ზღვა სიხარულმა დაისადგურა - სტადიონის გარეთ ათასობით ადამიანი ხარობდა, ვაკიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ შეძახილებით - "საქართველო, საქართველო!". იყო დროშების ფრიალი და ბოლოს ფოიერვერკი თავისუფლების მოედანზე...

ამ ისტორიას არა წარსულის, არამედ მომავალზე ფიქრით ვწერ და ჩვენი ნაკრების წევრებს მივმართავ - ბიჭებო, ქართველი ხალხის გახარებას მაშინდელივით ცოტა რამ სჭირდება. ეს სიხარული კი ქვეყნის სიყვარულიდან მოდის, რადგან ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალო თამაში.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 40 /
მაგარი ცინიკური კომენტარები ქონდათ რუსებს-,,ვო გოსუდარსტვო ბ..,,.არშემდგარი სახელწიფო იყო საქართველო ,ეს ყველგან,ყველა სფეროში იყო და .ის ხელისუფლება,რომ დარჩენილიყო ან დღევანდელი მოსულიყო 2003წელს,დღესაც იგივე სიბნელეში ვიჯდებოდით(..ან ავტორს რა გაუკვირდა ,რომ შუქი გამოირთო?სახლში ქონდა შუქი ავტორს?ან გაიკითხოს,საქართველოს პროვინციებში რამდენი საათი მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
zaza
12:29 18-05-2016
3
სინამდვილე ის არის, რომ მიხაილომ საქართველოს ტერიტორიების 22% დაკარგა, თვითონ კი თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე გორიდან ხოხვით მოჰკურცხლა. ფეხბურტელთა გუნდმა კი, ის თამაში სავსებით დამსახურებულად მოიგო.
tngh
15:49 18-05-2016
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული