შეგახსენებთ, რომ ანანიძემ "სპარტაკთან" ერთად წინა სეზონში რუსეთის ჩემპიონობა იზეიმა.
- სეზონის სტარტზე მასიმო კარერა გუნდის მენტალურ გადაღლილობაზე საუბრობდა. თქვენ როგორ გრძნობთ თავს?
- კარგად. არდადეგებზე დასვენება მოვასწარი. საამისოდ დაახლოებით ოცი დღე მქონდა. ყველაფერი ნორმალურადაა.
- იქიდან 3-4 დღე არტიომ რებროვის საქართველოში სტუმრობას დაუთმეთ - დაათვალიერებინეთ ქვეყანა?
- დიახ. არტიომი
- "ეს კოშმარია, მეორედ იქ აღარ ჩავალ!" - ანანიძემ "სპარტაკის" მეკარეს საქართველოში უმასპინძლა
- ახლა როგორ განწყობაზე ხართ?
- როგორ ვთქვა?.. სეზონის სტარტზე რამდენიმე მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია... თამაში მინდა, მაგრამ შემადგენლობას მწვრთნელი ადგენს, ეს მისი გადასაწყვეტია. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერია. ამიტომ არათუ 100, 150 პროცენტით ვიხარჯები. ასეთი ვარ - უნდა შევქმნა მომენტები, მოვატყუო მეტოქეები... როდესაც მოედანზე ვერ გადიხარ, ტონუსს კარგავ. შესაბამისად, ჩემთვის სიტუაცია უარესობისკენ მიდის. მერე გაჭირდება თამაშში ჩართვა.
- სეზონი ხომ სულ ახლახან დაიწყო... შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს...
- კმაყოფილი მაშინ ვარ, როდესაც მუდმივად ვთამაშობ, მაგრამ როდესაც მოედანზე ვერ გავდივარ, ეს ძალიან მადარდებს.
- თამაშის შემდეგ თქვენი შეწუხება, ალბათ, არ ღირს...
- მეგობრებმა და ნათესავებმა ეს იციან. თამაშის შემდეგ მხოლოდ მაშინ მირეკავენ, როდესაც კარგ შეხვედრას ვატარებ. მაგრამ როდესაც მოედანზე საერთოდ არ მიწევს გასვლა, ჯობს, ხმა არავინ გამცეს. ასეთ დღეებში ლაპარაკის თავიც არ მაქვს. ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, თამაში უმთავრესია.
- უკვე შეიძლება "არსენალის" სპეციალისტად მოგიხსენიოთ?
- ჯერ არა. თუ მომავალ მატჩშიც გავუტან ტულის გუნდს, მაშინ შეიძლება (იცინის). გასული სეზონის მთავარი მოვლენა მაინც ჩემპიონობაა. "არსენალის" კარში გატანილი გოლები კი უკვე დამავიწყდა. თუმცა, როგორც კარერა ამბობს, გასულ სეზონში ტრიუმფიც უკვე წარსულია. თანაც, წინ ჩემპიონთა ლიგა გვაქვს...
- იმ "არსენალს", რომელსაც გასულ სეზონში ორი გოლი გაუტანეთ და ამჟამინდელს შორის განსხვავება დიდია?
- დიახ. ტულის გუნდი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სხვა მწვრთნელი მივიდა. თანაც, რუსეთის ჩემპიონებთან უკვე სხვა შემართებით ითამაშებენ. თუკი აქამდე მეტოქეები 100 პროცენტით იხარჯებოდნენ, ახლა 200-ით დაიხარჯებიან.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება რუსეთის ჩემპიონობის შემდეგ?
- უწინ როცა ცენტრში სასეირნოდ ოჯახთან ერთად მივდიოდი, ქუჩაში სამი-ოთხი ადამიანი მცნობდა. ახლა კი უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან. ჯერ მიყურებენ, მერე გამოლაპარაკებას ცდილობენ: "ჯანო, ეს შენ ხარ?" - "მე ვარ!" - "მოდი, სურათი გადავიღოთ! შენ რუსეთის ჩემპიონი ხარ, შენ სახელი ისტორიაში ჩაწერე!".
- უყურადღებობას არც საქართველოში უნდა უჩიოდე...
- რუსეთის ჩემპიონატში "სპარტაკის" გამარჯვების შემდეგ ახლობლებში დიდი ზეიმი იყო - რესტორანში წავიდნენ, ოღონდ უჩემოდ. ღონისძიება სწრაფადვე გაიმართა მას შემდეგ, რაც მოსკოვში თასი გადმოგვცეს. მეგობრები მიკავშირდებოდნენ Viber-ით და მაჩვენებდნენ, როგორ აღნიშნავდნენ წარმატებას. საერთოდ, უამრავი მილოცვა მივიღე. საქართველოს მთავრობიდანაც კი დამირეკეს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ადამიანი პატივს გცემს.
- ამ გამარჯვებას მთელი ათი წლის განმავლობაში ელოდით - მას შემდეგ, რაც "სპარტაკში" თამაშობთ...
- მთელი ამ წლების განმავლობაში მივდიოდი ამისკენ. ბოლოს და ბოლოს, როდესაც მიზანს მივაღწევ, აღარაფერზე ფიქრობ - "დაფრინავ". ბურთს ოთხი წლის ასაკიდან დავდევ, 24 წლისა კი რუსეთის ჩემპიონი გავხდი. რუსეთი კი არაა პატარა ქვეყანა. ის ძალიან დიდია. და შენ აცნობიერებ, რომ "სპარტაკთან" ერთად გაიმარჯვე - ლეგენდარულ, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად. იმ ემოციების გადმოცემა სიტყვებით რთულია. კიდევ ბევრჯერ მინდა ჩემპიონატი მოვიგო.
- მამა ბედნიერი იქნებოდა, თქვენს წარმატებას რომ მოსწრებოდა...
- რა თქმა უნდა. ადრეც ვთქვი, რომ ამ გამარჯვებას მას ვუძღვნი. ის სულ მარიგებდა: "რადგან ფეხბურთი აირჩიე, ბოლომდე მიაწექი..." მგონია, რომ მამა ისევ გვერდით მყავს.
- მამა გესიზმრებათ?
- თვეში ორჯერ, ზოგჯერ უფრო ხშირად. ამას წინათ მესიზმრა, თითქოს მოვიდა და მითხრა: "მიხედე შენს ძმას".
- ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები?
- ჩემი ძმა ახლა საქართველოში ვარჯიშობს. ის უკვე 20 წლისაა. ქობულეთში ჩემს ოჯახში მამაკაცები მხოლოდ ის და პაპა არიან. მამამ ბევრი რამ მასწავლა, თავად უკვე საკმაოდ ვნახე. აი, ძმასთან კი მამამ კაცურ თემებზე დალაპარაკება ვეღარ მოასწრო. როგორც უფროსი ძმა, ვცდილობ, მას გამოცდილება გავუზიარო.
- ძმები გავხართ ხასიათებით?
- არა, ის უფრო მშვიდია. ამ მხრივ დედას უფრო ჰგავს, მე კი - მამას. ემოციური ვარ. მე ზოგჯერ აგრესიული ვხდები, შესაძლოა, რაღაც სიტუაციებში გაცხარებულმა წონასწორობაც დავკარგო. აი, ჩემი ძმა კი ასეთი არაა.
- "ფეთქდები", მაგრამ მერე მალევე მშვიდდები?
- მეტწილად კი, მაგრამ არის ხოლმე სიტუაციები, რომ დაწყნარებას დიდხანს ვერ ვახერხებ. როდესაც არ ვთამაშობ, განაწყენებული ვარ - ორი-სამი დღე არც ვიღიმები. მაგრამ ეს მხოლოდ ფეხბურთს ეხება, რადგან ის ჩემი ცხოვრებაა. ამის ატანა მიჭირს.
- ალბათ, ახლობლებისთვისაც არაა ეს მარტივი...
- მთავარია, მეუღლე მიგებს. როდესაც არ ვთამაშობ, მერიდება. მივალ შინ თამაშის მერე: "გამარჯობა". - "გაგიმარჯოს". და მორჩა. ვწვები საწოლში და ვფიქრობ. მერე, თუკი არ სძინავს, მოდის ჩემი გოგონა და მკოცნის, მე კი ვდნები...
- წელს მეორე ქალიშვილი შეგეძინათ... ახლა ორმაგად სწრაფად "დადნებით"?
- ჰო, რა თქმა უნდა. ქალიშვილი შესანიშნავია, თუმცა ვაჟიც მინდა. შესაბამისად, სანამ ბიჭუნას არ გამიჩენს, ჩემს ცოლს მშვიდად ცხოვრება არ უწერია (იცინის).
- უკვე ვიცით, როგორი შვილი, მეუღლე, მამა და ძმა ყოფილა ჯანო. შვილიშვილი როგორი ხართ?
- პაპაჩემი ოთხმოც წელს გადაცილებულია. სულ მეკითხება მოსკოვზე. კიდევ ვსაუბრობთ ხოლმე ძმაზე, მის თამაშზე. შვილთაშვილების სანახავად თბილისში ჩამოსვლას ვთავაზობ ხოლმე.
ნათესავებს ყველაფრით ვეხმარები. რა თქმა უნდა, ეზოში ბევრი რამის გაკეთებას ვერ ვასწრებ, თუმცა ჩემს ახლობლებს არაფერი უჭირთ. მინდა, რომ ისინი კარგად ცხოვრობდნენ, რადგან იმსახურებენ ამას.
- თქვენ სულგრძელი ადამიანი ხართ, ჯანო...
- არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. აფიშირება არ მიყვარს. ასეთი ვარ... არამხოლოდ ნათესავებს ვეხმარები. არ შემიძლია, როცა სხვების გაჭირვებას ვხედავ. ამას მძიმედ ვიტან. საქართველოს წმინდანია - მამა გაბრიელი, რომელიც ამბობდა: "ჰქმენით სიკეთე ისე, რომ არავინ გაიგოს". ანუ არაა საჭირო სოციალურ ქსელებში იმის გამოქვეყნება, ვის და როგორ დაეხმარე. სიკეთე ისე უნდა გააკეთო, რომ ამის შესახებ მხოლოდ შენ და უფალმა იცოდეთ.
- რა გეხმარებათ ხასიათის გამოკეთებაში მაშინ, როდესაც საფეხბურთო საქმეები ისე არ მიდის, როგორც გსურთ? მუსიკა?
- დიახ. შინ გამუდმებით ისმის მუსიკა. სხვადასხვა ჟანრს ვუსმენ. მიყვარს წყნარი ქართული მელოდიები. მომწონს ნიაზ დიასამიძის კომპოზიციები. ამოჩემებულ სიმღერას ზედიზედ დღეების განმავლობაში ვუსმენ.
- სტინგს აქვს სიმღერა "Fragile" - ითარგმნება, როგორც "მყიფე". პრესა პირადად თქვენთან მიმართებაში ამ სიტყვას აღარ ახსენებს? უწინ სულ წერდნენ, რომ ხშირად ტრავმიანობთ...
- არა. ახლა ყველაფერი კარგადაა. მქონდა ფეხის სერიოზული ტრავმა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ორი წელი გავიდა და თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა პროფესორ ორავს, აღარაფერი მაწუხებს... ტფუ, ტფუ, თვალი არ მეცეს. ვწვალობდი, ვიტანჯებოდი დიდი ხნის განმავლობაში. ვერცერთმა ექიმმა ვერ დაადგინა, რა მჭირდა. მიხარია, რომ ამ პროფესორმა სწორი დიაგნოზი დამისვა და დამეხმარა. მაგრამ ეს ფეხბურთია, ხდება ტრავმები...