მოკლედ, ბეგლარიშვილს კარიერაში საუკეთესო დროება უდგას. მას უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულ გუნდშიც. ერთ დროს, ის ძალიან ახლოს იყო ამსტერდამის "აიაქსში" ჩარიცხვასთან, მაგრამ ტრანსფერი
"ლელო" ზაქარიას ესტონეთში შეეხმიანა...
- ფაქტია, მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობთ. ეს საფეხბურთო წელი მართლაც გამორჩეულია თქვენთვის...
- "ფლორასაც" ძალიან კარგი სეზონი აქვს. არცერთი შეხვედრა არ წაგვიგია. ესტონეთის ჩემპიონატს ვლიდერობთ... რაც შეეხება ჩემს სტატისტიკას, 14 გოლი გავიტანე და 19 საგოლე გადაცემა გავაკეთე. ამ ეტაპზე ესაა და, იმედი მაქვს, უკეთესიც იქნება.
- რამ გამოიწვია თქვენი ასეთი მკვეთრი აღმავლობა? განსაკუთრებულად მონდომებული ხართ, მწვრთნელს აქვს რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი თუ რა ხდება?
- მე მაინც მწვრთნელის ხელით ავხსნი. "ფლორას" ახლა ჰოლანდიელი სპეციალისტი ავარჯიშებს - არნო პაიპერსი. ცნობილი, მცოდნე, გამოცდილი სპეციალისტია. ადრე ესტონეთის ნაკრების მწვრთნელიც იყო, მერე ყაზახეთის ეროვნულ გუნდშიც მუშაობდა... ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ის ჩემზე აგებს გუნდის თამაშს. ძალიან ბევრი რამ შეცვალა "ფლორას" თამაშში უკეთესობისკენ. მენდობა, სჯერა ჩემი... ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, მწვრთნელის ნდობა კარგი თამაშით გავამართლო.
- "ფლორას" მიზნები არ იცვლება...
- რა თქმა უნდა, ესტონეთის ჩემპიონატში ყოველთვის პირველი ადგილისთვის ვიბრძვით. ახლაც პირველ ადგილზე ვართ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ისე კი, ახლოს ვართ ჩემპიონობასთან.
- ზოგადად, რისი თქმა შეგიძლიათ ესტონეთის ჩემპიონატზე?
- ოთხი გუნდია ისეთი, რომელიც დანარჩენებს საგრძნობლად აღემატება. სწორედ ეს ოთხი კლუბი იბრძვის ჩემპიონობისათვის. არაერთი ლეგიონერია სხვადასხვა კლუბში... რა გითხრათ, დონეს არა უშავს, ნორმალურია.
- წლების განმავლობაში მიეჩვიეთ ესტონეთსა და "ფლორას", მაგრამ ისეთ ფორმაში ხართ, ცხადია, თქვენ მიმართ იქნება ინტერესი. ხომ არ აპირებთ კლუბის შეცვლას?
- არის რამდენიმე ვარიანტი სხვადასხვა ქვეყნიდან. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ შემიძლია წინასწარ თქმა, თუ სად ვითამაშებ მომავალში. ახლა მეც არ ვიცი, დავრჩები "ფლორაში" თუ სადმე სხვაგან წავალ.
- თავის დროზე, კინაღამ "აიაქსში" ჩაირიცხეთ. იყო ინტერესი სხვა ევროპული კლუბების მხრიდანაც...
- დიახ, მართლაც ახლოს ვიყავი "აიაქსთან" და ძალიან მწყდება გული, რომ ამსტერდამულ გრანდში ჩემი დარჩენა არ გამოვიდა...
- ალბათ, ფიქრობთ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზეც, სადაც უკვე გითამაშიათ...
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ და, ალბათ, ლოგიკურიც იქნებოდა, ჩემთვისაც მოეცათ შანსი, თუნდაც - ამხანაგურ შეხვედრაში. წავიკითხე, ამას წინათ ნაკრების მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ჩემზეც ჰკითხეს. მისი პასუხიდან გამომდინარე, ის ნაკრებში ჩემ გამოძახებას არ აპირებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"