5 წლით კიევის „დინამოში“! ლუკა ლოჩოშვილი კახა კალაძის გზაზე

AutoSharing Option
30 აგვისტოს ცნობილი გახდა მეტად საინტერესო და სასიხარულო ამბავი - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, კარიერას კიევის "დინამოში" გააგრძელებს. ჩვენი ინფორმაციით, მან უკრაინულ გრანდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

არ შეიძლება, კახა კალაძის მაგალითი არ გაგახსენდეს - ისიც ახალგაზრდულ ასაკში გადავიდა კიევის "დინამოში" და როგორი კარიერა ჰქონდა, ყველამ კარგად ვიცით. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია ვისურვოთ, რომ ლუკას კახას წყალი გადასხმოდეს.

შევიტყვეთ თუ არა ეს ინფორმაცია, მაშინვე თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას
მრჩეველ ლევან სალუქვაძეს დავუკავშირდით:

"გიდასტურებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი უკვე გაემგზავრა კიევში, სადაც "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა. ამჟამად, ლუკა ტრავმირებულია და ექიმების პროგნოზით, მის სრულ რეაბილიტაციას სადღაც ორ თვემდე დასჭირდება.

ვუსურვებ მას, კახა კალაძის გზა გაიაროს. მონაცემებით ლუკას ბევრი ადარებს კიდეც კახას და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დიდი იმედი გვაქვს, ეს ტრანსფერი წარმატებული იქნება...

ასევე, მინდა გითხრათ, რომ სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ ბელგიურ "გენტს" შეუერთდება ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.

თავდაპირველად ასე იყო: ჩაკვეტაძე ბელგიურ კლუბში იანვარში უნდა გადასულიყო, მაგრამ ახლა ასე გადაწყდა და ეს თავად ფეხბურთელის სურვილიც იყო.

გეტყვით იმასაც, რომ როგორც ლოჩოშვილის, ისე ჩაკვეტაძის მომავალი შესაძლო ტრანსფერებიდან "დინამო" გარკვეულ თანხას მიიღებს", - გვითხრა სალუქვაძემ.

რა თქმა უნდა, მას არ დაუკონკრეტებია, რა თანხას მიიღებს "დინამო" იმ შემთხვევაში, თუ კიევის "დინამო" და "გენტი" ლოჩოშვილსა და ჩაკვეტაძეს გაასხვისებენ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, საუბარია 50 პროცენტზე, რაც მისასალმებელია.

ახლა "დინამოს" ამოცანაა, მალევე მოძებნოს ორი ახალგაზრდა ლიდერის შემცვლელი, რადგან საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ამის მერე კი ევროთასებია...

კიევის "დინამომ" უკრაინის გასულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ახლახან გუნდმა ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა (ყველასთვის მოულოდნელად, ორი მატჩის ჯამში შვეიცარიულ "იანგ ბოიზთან" დამარცხდა), რაც ამბიციური კიევური კლუბისთვის სერიოზული წარუმატებლობაა.

სამაგიეროდ, კიეველები ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქეები ალბანური "შკენდერბეუ", სერბული "პარტიზანსა" და იმავე "იანგ ბოიზთან" (რომელიც შემდეგ პლეი-ოფში ცსკა-სთან დამარცხდა) ერთად ითამაშებენ.

კიეველთა მთავარი მწვრთნელი "დინამოსვე" ექსფეხბურთელი, ბელორუსი ალექსანდრ ხაცკევიჩია. გუნდში მრავლად არიან უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები. მათგან საუკეთესო, ანდრეი იარმოლენკო, ორიოდ დღის წინ "დორტმუნდში" გადავიდა.

ლეგიონერებიდან უნდა გამოვარჩიოთ ხორვატიის ნაკრების უკანახაზელი დომაგოი ვიდა, პარაგვაის ნაკრების ფორვარდი დერლის გონსალესი, ბრაზილიელი შემტევი ჟუნიორ მორაეში, კონგოს დემოკრატიული ნაკრების მოიერიშე დიუმერსი მბოკანი და პოლონელი მცველი ტომაშ კეძიორა.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია, კლუბის ხელმძღვანელობა მეტ აქცენტს გააკეთებს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ეს ლოჩოშვილისთვის ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ქართველმა ადაპტაციის მიზნით კიეველთა დუბლშემადგენლობაში ითამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფიფია გუნდს კიარ არ აშენებს არამედ ფულს აკეტებს 19ცლის ბიჯებიტ საქრთველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აკრდალოს 23ცლამდე ფეხბურტელების გაკიდვა და 17ცლის ფეხბურტელებტან 5ცლიანი სამუშაო ხეშეკრულება უნდა დადონ და კველა გუნდი აიდულონ უმახლესის და პირველ ლიგის გუნდებში 17,18,19ცლიუს 3ფეხბურტელი ზამენიანა კავდეტ
ramazi
16:34 31-08-2017
0
ბაზარი არაა კარგია უკეთეს გუნდში გადასვლა მაგრამ , ყველაფერს ტავისი დრო აქვს, ფიფია კიდე რაზე ფიქრობს, ლოჩოშვილს ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს 19 წლის კვალობაზე , ევროპის ლიგისთვის უნდა შეენარჩუნებინათ ესეც და სხვებიც , მერე დინამო კიევში უფასოდ სუალც არ გაუშვებდნენ, გაყიდიდნენ ან სულაც უკეთეს კლუბში გუშვებდნენ. მერეც კიდე რამდენი ახალგზრდა ყოფილა კიევის დინამოში, მაგრამ მარტო კალაძე გვახსოვს იქ გაქაჩული და ეგეც რამდენი წლის წიიინ! არ ვუყურებდე და არ ვიცნობდე რა სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ, ან გაანათხოვრებენ სადმე, ან დუბლებში მოუწევს თამასი. იშვიათად რომ დუბლებიდან მთავარ გუნდში გადაიყვანონ კიეველებმა ვინმე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, წარმატებები!
pablito
15:26 31-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული