ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" ახლახან გადასულმა ლუკა ლოჩოშვილმა უკრაინული კლუბის ოფიციალურ საიტს პირველი ინტერვიუ მისცა. 19 წლის მცველმა უკრაინაში გადაბარგებასა და საფეხბურთო კარიერაში თავის ახალ ნაბიჯზე ისაუბრა.

- 5 წლით კიევის "დინამოში"! ლუკა ლოჩოშვილი კახა კალაძის გზაზე

- ბედნიერი დღე მაქვს, დიდი კლუბის - კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გავხდი. ეს სულ სხვა დონეა, დიდი და კაშკაშა ისტორია. ვიყავი სტადიონზე, კლუბის ბაზაზე, სადაც მუშაობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. აქ მოვედი იმისთვის, რომ გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და მოვიგო ტიტულები. რთული იქნება, რადგან აქ სულ
სხვა დონეა, მაგრამ მე მზად ვარ, ავიდე ამ სიმაღლეზე.

- ვინ იყო კიევის "დინამოში" თქვენი გადასვლის ინიციატორი, სელექციონერები დიდხანს გაკვირდებოდნენ?
- თბილისის "დინამოში" სამუშაოდ უკრაინელი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი მოვიდა, რომელმაც კიეველთა ხელმძღვანელობასთან რეკომენდაცია გამიწია. ვიცი, რომ ამის შემდეგ სელექციონერები აკვირდებოდნენ ჩემს თამაშს საქართველოს ჩემპიონატსა და ახალგაზრდულ ნაკრებში. როდესაც წინადადება მივიღე, დიდხანს არ მიჭოჭმანია.

მადლობელი ვარ ჩემი მშობლიური თბილისის "დინამოსი". სწორედ იქ გავხდი პროფესიონალი ფეხბურთელი და გადავდგი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

- უკვე ესაუბრეთ კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელ გუნდთან ერთად დაიწყებთ მუშაობას?
- კლუბის პრეზიდენტ იგორ სურკისსა და მთავარ მწვრთნელ ალეკსანდრ ხაცკევიჩს ვესაუბრე. მიცხადებენ ნდობას, გამიფორმეს ხანგრძლივი კონტრაქტი, მთავაზობენ ყველა პირობას პროგრესისთვის. როგორც მაცნობეს, ვარჯიშს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად დავიწყებ, შემდეგ კი ჩემი თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ ვიმსახურებ პირველ გუნდში გადაყვანას.

- კიევში ტრავმირებული ჩამოხვედით, რამდენად გაჭიანურდება გამოჯანმრთელების პროცესი?
- იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია. აგვისტოს დასაწყისში ფეხი ვიტკინე და მას შემდეგ რეაბილიტაციას გავდივარ. სამი კვირის შემდეგ ვარჯიშს უნდა შევუდგე.

- ამ პერიოდს კიევში გაატარებთ?
- რამდენიმე დღით თბილისში დავბრუნდები, ავიღებ ჩემს ნივთებს, დავემშვიდობები თანაგუნდელებსა და ნათესავებს, 5 სექტემბერიდან კი ჩაპაევკაზე ვარჯიშს გავაგრძელებ.

- ცენტრალური მცველის პოზიცია თქვენთვის ძირითადია?
- დიახ, ამ პოზიციაზე ვთამაშობდი "დინამოშიც" და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც.

- თქვენ საქართველოდან პირველი არ ხართ, ვინც კიევის "დინამოში" მოვიდა. რა იცით წინამორბედებზე?
- პირველ რიგში, კახა კალაძე მახსენდება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილი ლეგენდაა და მისი მიღწევებით ყველა ვამაყობთ. რა თქმა უნდა, მსურს, მისი გზა გავიარო, გავხდე საუკეთესო "დინამოში" და წინ წავიდე. კახამ გვიჩვენა, რომ ფეხბურთში არაფერია შეუძლებელი. საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და ძალიან, ძალიან ბევრი შრომა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ახაგაზრდა კაცს შანსი მიეცა და ხალხი რა კომენტარებს დებს? იმის მაგივრად, რომ მიულოცონ, წინსვლა და წარმატებები უსურვონ, კალაძეს აკრიტიკებენ, რომელიც მართლაც უნარიანი გამოდგა ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. რაც შეეხება ავტოგოლს, მე ბეკენბაუერის ავტოგოლიც მახსოვს, როდესაც ის კარიერის ზენიტში იყო და ამით მის პოპულარობას არაფერი დაკლებია. დიდი წარმატებები ლუკას, ბევრჯერ გაეხარებინოს თავისი გულშემატკივრები.
არჩილ
09:03 01-09-2017
0
თბილისის მერობაც გინდა???
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული