"ძალიან მწყდება გული იმ ორ წელიწადზე, რომელიც საბერძნეთში დავკარგე..."

AutoSharing Option
გიორგი მერებაშვილი შესანიშნავ ფორმაშია. მისმა კარგმა თამაშმა ქულა გადაურჩინა პლოცკის "ვისლას" პოლონეთის ჩემპიონატის წინა უქმეებზე. "ზაგლებიესთან" მატჩში 31 წლის მერებაშვილი საუკეთესო იყო და საგოლე პასს მოპოვებული 11-მეტრიანიც მიაყოლა. ამიტომაც მოხვდა ის პოპულარული გამოცემის, "პილკა ნოჟნას" მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში...

- ლეგიონის უქმეები: არაბულის დუბლი, ძალამიძისა და ბერიძის გოლები [VIDEO]

"ლელო" მერებაშვილს პოლონეთში დაუკავშირდა და როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ბატალიებზე ელაპარაკა...

- "ზაგლებიესთან" პოლონეთის ჩემპიონატის წინა ტურის მატჩში გამორჩეული იყავით. მოიპოვეთ პენალტი და შეასრულეთ საგოლე პასი. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- მოგებაც შეგვეძლო, თუმცა ერთი ქულა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ჩვენთვის. შემდეგ თამაშებში ვეცდებით, 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.

- ზოგადად, მიმდინარე სეზონს როგორ აფასებთ თქვენთვის და თქვენი კლუბისთვის?
- ჩემპიონატი არცთუ ისე კარგად დავიწყეთ. უნდა ითქვას ისიც, რომ პოლონეთის ჩემპიონატში თითოეული თამაში ძალიან რთულია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. არავისთან უნდა გქონდეს იოლი გამარჯვების იმედი. შეიძლება, შინ ბოლოადგილოსანთან წააგო, მერე წახვიდე და ლიდერს მოუგო გასვლაზე.

მოკლედ, ძალიან არაპროგნოზირებადია ექსტრაკლასა. სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ვეცდებით, ვითარება მალევე გამოვასწოროთ. ჩვენი მიზანი 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა, რათა მერე პლეი ოფში ვითამაშოთ.

რაც შეეხება პირადად ჩემს თამაშს, მეც არც ისე კარგად და შედეგიანად დავიწყე ჩემპიონატი, თუმცა ბოლო მატჩებში აშკარად ვატყობ, რომ ფორმაში შევდივარ. ეს თუნდაც "ზაგლებიესთან" მატჩში გამოჩნდა. ვეცდები, ასე გავაგრძელო.

- ცოტა უფრო ვრცლად ვთქვათ პოლონეთის ჩემპიონატის თავისებურებებზე...
- კარგია ის, რომ თითოეულ შეხვედრაში ბრძოლა გიწევს ბოლომდე. წეღანაც გითხარით - აქ იოლი თამაშები არ არის და ეს ფეხბურთელისთვის ძალიან კარგია, დამატებითი სტიმულია. რომ გადიხარ მოედანზე, ყველა შეხვედრაში ბოლომდე ხარ მობილიზებული. გამორიცხულია, ამის გარეშე რაიმე წარმატებას მიაღწიო.

თუ ადევნებთ თვალყურს, შარშანდელ სეზონს გაგახსენებთ. იყო მატჩები ჩემპიონატის ლიდერებთან, რომლებშიც კარგად ვითამაშეთ. მაგალითად, "იაგელონია" ბოლომდე იბრძოდა პირველი ადგილისთვის, არადა, შინაც მოვუგეთ და სტუმრადაც. ესეც იმის დასტურია, რაზეც ვილაპარაკე: პოლონეთის ჩემპიონატში თამაში ყველასთან შეიძლება და ამის შეგრძნება ძალიან კარგად მოქმედებს ფეხბურთელზე.

- ალბათ, თქვენი თამაშის ფონზე არის ინტერესი სხვადასხვა კლუბისგან. რა ხანგრძლივობისაა თქვენი კონტრაქტი პლოცკის "ვისლასთან"?
- კი, შარშანდელი სეზონის შემდეგ იყო რამდენიმე ვარიანტი, განსაკუთრებით - აქაური კლუბებისგან. რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. სხვათა შორის, ახლაც არის ინტერესი, თუმცა დეკემბრამდე სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და აქ ვრჩები. ორწლიანი კონტრაქტი მაქვს, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გავახანგრძლივე, თუმცა იქვე ჩაწერილია გამოსასყიდი თანხის ოდენობაც და თუ რომელიმე კლუბი დაინტერესდება ჩემით, მინიმალურ თანხად შეძლებს ჩემს გამოსყიდვას.

- როგორ მიგაჩნიათ, რამდენადაა შესაძლებელი ფეხბურთელისთვის პროგრესი პოლონეთის ჩემპიონატში?
- სწორედ ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი და სასარგებლო ჩემპიონატია, მით უმეტეს - ახალგაზრდებისთვის. სულ მოტივირებული ხარ, არ ეშვები, სულ ბრძოლაა და ეს ფეხბურთელის პროფესიულ ზრდას ძალიან უწყობს ხელს.

ძალიან მწყდება გული იმ ორ წელიწადზე, რომელიც საბერძნეთში დავკარგე. აქ რომ ვყოფილიყავი, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევდი. შეიძლება, უფრო მაღალ დონეზეც მეთამაშა. ახალგაზრდებისთვის მართლა ძალიან კარგია ასეთ ჩემპიონატში მოხვედრა, მით უმეტეს, აქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ კონდიციებს, რაც ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- მანდ მოთამაშე ქართველები, ალბათ, ხშირად ეხმიანებით ერთმანეთს...
- რა თქმა უნდა, ხშირი კავშირი გვაქვს. თამაშის მერე ვულოცავთ ხოლმე ერთმანეთს ამა თუ იმ წარმატებას. ძალიან მიხარია, პოლონეთის ჩემპიონატში ამდენი ქართველი ფეხბურთელი რომ თამაშობს და დიდი ინტერესი რომაა ჩვენებურების მიმართ.

- შევაფასოთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი...
- ორი განსხვავებული თამაში ვითამაშეთ. ირლანდიასთან მატჩში უფრო ვდომინირებდით. შეგვეძლო მოგებაც, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ შანსები, თუმცა, ასევე, შეიძლებოდა წაგებაც. ხომ გახსოვთ, შანსი ირლანდიელებსაც ჰქონდათ... საბოლოო ჯამში შედეგი მაინც დადებითად შეიძლება შეფასდეს.

რაც შეეხება ავსტრიასთან მატჩს, მეტოქიდან გამომდინარე, უფრო დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ. არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ მეტი დრო გაგვეტარებინა შეტევაში. არადა, თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, დავწინაურდით კიდეც... მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ ავსტრიამ ცოტა გვაჯობა, თუმცა შეიძლებოდა ამ შეხვედრაშიც 3 ქულის აღება.

- ვიცით, არ გიყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც: როგორ აფასებს გიორგი მერებაშვილი მის გარჯას საქართველოს ნაკრებში?
- მართლა არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი... ვფიქრობ, ეს უფრო მეტად თქვენი, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების საქმეა, ვინც ფეხბურთს და ჩემს თამაშს თვალს სისტემატურად ადევნებს. ჩემი აზრით, არცთუ ურიგოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ მაინც არ ვარ კმაყოფილი. ეს ალბათ უფრო ავსტრიასთან თამაშზე შემიძლია ვთქვა. ირლანდიასთან სულ 5 წუთი ვითამაშე და ასეთ დროს ცოტა რთულია, ბოლომდე ჩაერთო თამაშში. ალბათ, უფრო მეტად შედეგიანი უნდა ვყოფილიყავი...

თუ მომეცემა შანსი მომავალ შეხვედრებში, ვეცდები, საქმე გაცილებით უკეთ გავაკეთო.

- ახლა ბევრი ლაპარაკობს ვლადიმირ ვაისის მომავალზე. როგორ ფიქრობთ, რა მისცა მან კარგი საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან რთულია მწვრთნელზე ლაპარაკი და არც არის ეს ჩემი საქმე. ერთს ვიტყვი მხოლოდ: მწვრთნელთა ხშირი ცვლა კარგი არ არის საქართველოს ნაკრებისთვის! არც კლუბში და არც ნაკრებში არ ვემხრობი ასევე ფეხბურთელების ხშირ ცვლას. უნდა იყოს მყარი ბირთვი, რომელიც მინიმუმ ერთი-ორი წლის განმავლობაში შეთამაშდება, ჩამოყალიბდება ტაქტიკური სქემა...

ვფიქრობ, ვაისის შეცვლა ამ ეტაპზე არ იქნება გამართლებული. ასე მგონია, მომდევნო შესარჩევ ციკლებში ის ნაკრებთან ერთად წარმატებებს მიაღწევს. არ მინდა, ხალხმა ისე ჩათვალოს, თითქოს, ნაკრებში რომ მიძახებს, მხარს ამიტომ ვუჭერ. მართლა ასე ვფიქრობ და კიდევ ერთხელ ვიტყვით - მწვრთნელების ხშირი ცვლა საქართველოს ნაკრებს შედეგს ვერ მოუტანს.

- ალბათ, თვალს ადევნებდით ქართული კლუბების ასპარეზობას ევროთასებზე. თქვენ წლების განმავლობაში ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყავით და ამ ჩემპიონატის ბედი თქვენთვის სულერთი ვერაფრით იქნება. რა გვჭირს?
- რა თქმა უნდა, ყველა მატჩი ვნახე. სამწუხაროა, შედეგი რომ არ გვაქვს და ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ყველა რომ ჩამოვთვალოთ, ძალიან შორს წავალთ. როცა კლუბებს საკუთარი მოედნები არ აქვთ, გინდა - სათამაშო და გინდა - სავარჯიშო, იქ შედეგზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი.

ერთს ვიტყვი მხოლოდ და თქვენც შეგიძლიათ, ინტერნეტში ნახოთ - პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში, ხაზს ვუსვამ - პირველში და არა უმაღლესში, 10 გუნდი იბრძოდა უმაღლესი ლიგის საგზურისთვის. შეგიძლიათ, ნახოთ ამ გუნდების ფანები, სტადიონები, საერთო ატმოსფერო და მერე ჩვენი უმაღლესი ლიგის მდგომარეობას შევადაროთ.

ძალიან ბევრი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში... და ისინი ვერ მოგვარდება ხელის ერთი მოსმით. უნდა მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს. სახლს სახურავიდან ვერ ააშენებ, საძირკვლიდან უნდა დაიწყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოში, დინამოში ბევრად მეტი დრო დაკარგე... ბევრად მაღალ დონეზე უნდა გეთამაშა.
Lasha
08:46 18-09-2017
0
წარმატებები გიორგი ფეხბურთში და ცხოვრებაში
კახა ქირია
01:36 18-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული