ლეგიონი: ვაწაძის დუბლი, სხირტლაძისა და ზარანდიას გოლები და პასები [VIDEO]
მათე ვაწაძის გოლმა, სილკებორგს მოაგებინა [VIDEO]
ვაწაძე "ლელოს" გულახდილად ელაპარაკა და არ დამალა, რომ "ვიბორგში" ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. თუ რატომ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ...
- "ვიბორგში" 8 შეხვედრაში
- ეს მწვრთნელის დამსახურებაა. პეტერ სორენსენი "ორჰუსში" მავარჯიშებდა, მიცნობდა და მენდობოდა. თავდაჯერებული ამის გამო გავხდი. გოლებმა კი ძალიან გამახარა - ეს ჩემთვის ამ ეტაპზე უფრო ბევრს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ გოლებს.
- რატომ?
- "სილკებორგში" მენდობიან და მათ იმედებს ვამართლებ. თორემ იმდენი ხნის უთამაშებელი ვიყავი...
- "ვიბორგში" თავს კომფორტულად რატომ ვერ გრძნობდით?
- თავიდან 4 თამაში ჩავატარე და ტყუილს ხომ არ ვიტყვი, თავი ვერაფრით გამოვიჩინე. გამოვიჩინე კი არა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტით ვერ ვისარგებლე და საკუთარი თავის რწმენა დაკარგული მქონდა. მენტალურად იმდენად დავითრგუნე, რომ ასეთ მდგომარეობაში კარგად თამაში გამორიცხული იყო, სორენსენს რომ არ მივეწვიე და შანსი არ მოეცა.
- "ვიბორგში" ასეთი რა პრობლემა იყო?
- ზედიზედ სამ შეხვედრაში მეკარესთან პირისპირ გავდიოდი და ვერ ვიტანდი. ერთხელ შემთხვევითობად ჩავთვალე, მეორედ ავირიე, მესამე შემთხვევამ კი ლამის საბოლოოდ გამანადგურა. ამის მერე აღარ მათამაშებდნენ... უფრო სწორად, 4-დან 1 შეხვედრა ჩავატარე.
- "ვიბორგის" მწვრთნელი კარგად გიცნობდათ?
- მიცნობდა, მაგრამ სორენსენივით არა და ნაკლებადაც მენდობოდა. ესეც მოქმედებდა.
- კიდევ კარგი, გუნდი შეიცვალეთ...
- ...თანაც დროულად შევიცვალე. სორენსენი იყო გორის "დილადან" "ორჰუსში" ჩემი გადაყვანის ინიციატორი და არ მიკვირს, რომ მენდობოდა. მაშინ ევროპის ლიგაზე "ორჰუსს" 2 თამაშში 3 გოლი გავუტანე და გავაგდეთ. სხვათა შორის, სორენსენს "სილკებორგში" ჩემი აყვანა მანამდეც სურდა.
- ეს როდის?
- სანამ "ვიბორგში" გადავიდოდი.
- უარი რატომ უთხარით?
- იმდენი ტრავმა მაქვს გადატანილი, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდი. "სილკებორგი" ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშობს, სადაც არც ვარჯიში მიყვარს და არც თამაში, რადგან სარისკოა. "ვიბორგის" სტადიონზე კი ბუნებრივი მინდორია და ამიტომ წავედი.
- ახლა "სილკებორგის" საფარი შეცვალეს?
- არ შეუცვლიათ, მაგრამ თანამედროვე ხალიჩა დააგეს და ისეთი სასიამოვნო სათამაშოა, როგორც ბალახის საფარი და მისგან ვერც გაარჩევ. ბევრგან მითამაშია, მაგრამ მსგავსი ხალიჩა არსად მინახავს... თემას ავცდით, მე კი აუცილებლად მინდა დათო სხირტლაძის ფაქტორზე ვილაპარაკო - მე რომ გატანა დავიწყე, სორენსენის გარდა, მისი დამსახურებაც არის.
- თქვენამდე დათოს ველაპარაკე და ისიც ამას ამბობს. მეგობრობის მომენტია?
- (იცინის) არა, დამიჯერეთ, ტყუილი არ მიყვარს. დათოს შეუძლია, ფეხბურთელი უკეთ გამოაჩინოს. სასიამოვნო პარტნიორია, ჭკვიანი და ისეთი პასის გაკეთება შეუძლია, სხვას აზრადაც რომ არ მოსდის. სხვათა შორის, აქ "ორჰუსის" კიდევ ორი მოთამაშეა, რომლებთანაც წლები ვთამაშობდი და ვმეგობრობდი - კასპერ სლოტი და სტეფან პიტერსენი, მეკარე პეტერ ფრის იანსენი კი "ვიბორგში" თამაშობდა. ასე რომ, აქ უცხო გარემო არაა და თავს კარგად ვგრძნობ.
- დანიელების სტილი თუ ქართველებისთვის უცხო და მიუღებელია, სორენსენთან თავს კარგად როგორ გრძნობთ? რა განასხვავებს მას სხვა მწვრთნელებისგან?
- უფრო მეტ თავისუფლებას გვაძლევს და სქემებით დიდად არ გვზღუდავს. მისი სტილი, ტაქტიკა და მიდგომები მომწონს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მწვრთნელი გენდობა და მისი სტილი მოგწონს, მას კი შენი იმედი აქვს და შენს თვისებებს აფასებს, ეს საუკეთესო ვარიანტია. სათასო მატჩის მოგება ჩვენთვის იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე დღეში სუპერლიგაში "კოპენჰაგენს" ვეთამაშებით და მოედანზე მეტი თავდაჯერებით გავალთ. თუმცა, შესაძლოა, მე არ ვითამაშო.
- რატომ?
- შემადგენლობაში როტაცია ხშირი ამბავია, მე კი ყოველ შეხვედრაში უნდა დავამტკიცო, რომ ტყუილად არ ამიყვანეს. თუმცა, ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა.
- ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. დიდი ხანია, ეროვნული გუნდის შეკრებაზეც არ ყოფილხართ. ახლა ამის იმედი დაგიბრუნდებოდათ...
- რომ არ მიწვევდნენ, ესეც ჩემი ბრალი იყო და არავის არაფერს ვაბრალებ. როდესაც გუნდში არ თამაშობ, ნაკრებში მიწვევა უფრო გასაკვირია, ვიდრე არმიწვევა და ვაისის კარგად მესმის. მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ავთამაშდები, გატანას დავიწყებ და ნაკრებში ისევ დავბრუნდები. მეტი უკეთესი სტიმული მე არ გამაჩნია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"