რობერტო მანჩინი კონსტანტინე სარსანიაზე: ის დიდი პიროვნება იყო...

AutoSharing Option
49 წლის ასაკში რუსული ფეხბურთის ტრანსფერების მამად (როგორც "სპორტ-ექსპრესმა" დაწერა) წოდებული ქართველი მენეჯერი კონსტანტინე სარსანია თრომბით გარდაიცვალა.

რუსეთში დაბადებულ ქართველს გამორჩეული საფეხბურთო კარიერა არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის წამყვან კლუბებში - მოსკოვის "დინამოსა" და "სპარტაკში" ირიცხებოდა. მაგრამ კარიერის შემდგომი საქმიანობით დიდი სახელი მოიხვეჭა და რუსეთში პირველი მენეჯერი (ტრანსფერების აგენტი) გახდა.

სარსანია იყო ვლადიკავკაზის "ალანიას", მოსკოვის "დინამოსა" და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მენეჯერი. მისი მონაწილეობით მოხერხდა რუსეთში ცნობილი ჰოლანდიელი და იტალიელი სპეციალისტების - დიკ ადვოკაატისა და რობერტო მანჩინის მიწვევა, იტალიის ნაკრების მცველის, დომენიკო კრიშიტოს, პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველის, მიგელ დანის, თურქეთის ნაკრების ფორვარდ ფათიჰ თექესა და ბელგიის ნაკრების მცველ ნიკოლას ლამბერტსის ტრანსფერები.

"ვგლოვობ ყველასთან ერთად. ჩვენი სპორტული დირექტორი სარსანია გარდაიცვალა. ის იყო დიდი პიროვნება და, უბრალოდ, კარგი ადამიანი", - წერს მანჩინი "ტვიტერის" გვერდზე.

რუსეთის ნაკრებისა და "ზენიტის" ყოფილი მეკარე ვიაჩესლავ მალოფეევი პიტერელთა წარმატებაში სწორედ სარსანიას დიდ დამსახურებას ხედავს:

"ის დიდი პროფესიონალი იყო და მის სახელს "ზენიტის" ყველაზე დიდი წარმატებები უკავშირდება".

სარსანიას საქართველოსთან შეხება თითქმის არ ჰქონდა. ეგ იყო მხოლოდ, რომ წლების წინათ რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერის ორგანიზებას ცდილობდა. მაგალითად, 15 წლის ასაკში ფრანგულ "კანში" გადაიყვანა ირაკლი სამხარაძე, რომელსაც უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელს უწოდებდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული