ვლადიმერ დვალიშვილი: სანამ ნაკრებს დავჭირდები, თუნდაც ყველამ ცუდი თქვას, მაინც ჩამოვალ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ვლადიმერ დვალიშვილს ყაზახურ "ატიურაში" კონტრაქტი დაუმთავრდა.

31 წლის დვალიშვილი ყაზახეთში თბილისის "დინამოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ყაზახური გუნდის რიგებში დვალიშვილმა სულ 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

Sportall.ge-ს დვალიშვილს დაუკავშირდა, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- ყაზახეთში სეზონი დამთავრდა და "ატირაუში" რჩები თუ მიდიხარ?
- კონტრაქტი დამიმთავდა და რა იქნება მომავალში, არ ვიცი, ჯერ არ მაქვს შემოთავაზებები. ყაზახეთში ასეთი სისტემაა, 90%-ს უწყდება წლის ბოლოს კონტრაქტი, თუ წამყვან კლუბებს არ
ჩავთვლით.

- რამდენად კმაყოფილი ხარ ჩატარებული სეზონით?

- კარგად ვერ შევაფასებ, უმეტესწილად, ნახევარდაცვაში მიწევდა თამაში და ვერ ვახდენდი სრულად საკუთარი თავის რეალიზაციას. რაც შეეხება კლუბს, ცუდად დაიწყო სეზონი, მაგრამ შემდეგ შედეგი გამოასწორა და თასის მერვედფინალშიც ვიასპარეზეთ.

- ფინანსურად რამდენად კარგი კონტრაქტი იყო, თუნდაც ქართულ კლუბებთან შედარებით?

- რა თქმა უნდა, მისაღები, ტყუილად ხომ არ წავიდოდი. დაახლოებით ოთხ-ხუთჯერ მეტია ხელფასები.

- ანუ ყაზახეთიდან რომ მიიღო შეთავაზება, კვლავ მანდ დარჩები?
- პირდაპირ გეტყვი, ყოველთვის მქონდა სურვილი, ქვეყნის გარეთ მეთამაშა და ამ შემთხვევაშიც არჩევანს ყაზახეთზე გავაკეთებდი.

- იმის მიუხედავად, რომ შედეგიანი წელი არ გქონდა, გენდობოდნენ კლუბშიც და ნაკრებშიც, რაც გულშემატკივრების ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა და შეგხვდებოდა ალბათ სოციალურ ქსელებშიც შეფასებები. როგორ ხვდები ამ ყველაფერს?

- ვიღაცას მოსწონხარ და გაფასებს, ვიღაცას არ მოსწონხარ და არც გაფასებს. მე სანამ დავჭირდები ნაკრებს და სანამ დამიძახებენ, თუნდაც ყველამ ცუდი თქვას, მე მაინც ჩამოვალ, რადგან ერთი წუთი იქნება თუ სკამზე ვიჯდები, ბოლომდე დავუდგები ნაკრებს გვერდში, რადგან ეს ჩემი ქვეყანაა. რომც არ გამომიძახონ, მე ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები და ქომაგის გვერდით ვიქნები. ჩვენი ნაკრების კარგი გამიხარდება, რა თქმა უნდა.

რომ გამომიძახებენ ნაკრებში, უარს ხომ არ ვიტყვი, არ ჩამოვალო? მთავარი მწვრთნელია და გეძახის, ესე იგი, შენს ქვეყანას სჭირდები და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ ადამიანს არ მოსწონს შენი თამაში.

- აზერბაიჯანის ნაკრებს ვხვდებით თებერვალში. როგორ შეაფასებდი მეტოქეს?
- ბოლო წლებში ბევრად ძლიერები გახდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ რამდენიმე კარგი გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე თამაშობს და შესაბამისად, ნაკრებიც ძლიერდება. ასე რომ, ადვილი გასეირნება ნამდვილად არ იქნება, რადგან მეტოქე გაძლიერებულია.

- ახალი ტურნირი, ერთა ლიგა იწყება. როგორ შეაფასებდი ჩვენს შანსებს? ასევე, რომელ მეტოქეს თვლი ყველაზე რთულად?

- თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა და რაიმეს პრეტენზია გვაქვს, ყველაზე მეტი შანსი ახლაა, აგერ, ბურთი და აგერ, მოედანი, ყველაფერი გამოჩნდება. ყველაზე რთულ მეტოქედ ბელორუსს მივიჩნევ. თუ სრული შემადგენლობით იქნება, რთული იქნება მათთან თამაში.

- როგორი დამოკიდებულებაა ქართველების მიმართ ყაზახეთში?

- ისეთივე, როგორც ყველა ლეგიონერზე. ჩვენი რაც მოსწონთ, კაცური თვისებებია.

- რომ შეადარო, ყაზახეთის სუპერლიგა ეროვნული ლიგის დონეს აღემატება?
- ორი-სამი გუნდია განსაკუთრებული, ხოლო დანარჩენ გუნდებში ინფრასტრუქტურაა ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ ფინანსურად საკმაოდ ძლიერი გუნდებია. თუმცა ფინანსებს ინფრასტრუქტურაში არ ხარჯავენ და ფეხბურთელებზე აკეთებენ აქცენტს. საქართველოშიც ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, უბრალოდ, ფინანსურად ძლიერები არა ვართ და იგივე დონის ფინანსები რომ გვქონდეს ჩემპიონატში, ბევრად უფრო წინ ვიქნებოდით.

- როგორი იყო ადაპტაცია ყაზახეთში, თუნდაც კერძების მხრივ, მაგათ ძალიან უყვართ ცხენის ხორცი...
- კი, ცხენის ხორცი დელიკატესია. მე თვითონ ხორცი არ გამისინჯავს, "კალბასი" ვჭამე და ძალიან გემრიელი იყო. მაგრამ ადაპტაცია არ გამჭირვებია, იმდენი ხანი ვარ წასული, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, პირიქით, აქ მჭირდება ადაპტაცია.

- უკვე ვეტერანი ხარ. რას ფიქრობ, კიდევ რამდენ ხანს ითამაშებ და რაზე გწყდება გული შენს კარიერაში ყველაზე მეტად?

- ახლა 31 წლის ვარ. ღმერთმა ჯანი და ჯანმრთელობა მომცეს, სადამდეც შევძლებ, ვითამაშებ, ალბათ, 3-4 წელი კიდევ მაქსიმუმ. ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ, რაც იყო და რანაირად.

- ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე შეგნიშნე მწვრთნელებთან ერთად. მომავალში მწვრთნელობას ხომ არ ფიქრობ?
- მწვრთნელობას არ ვფიქრობ ამ ეტაპზე. ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე იმიტომ დავდივარ, რომ ვგულშემატკივრობ. ახლა ვფიქრობ, რომ მწვრთნელობა არ არის ჩემი სფერო და მომავალში ვნახოთ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი კაცი ხარ ლადო. წარმატებები. რაც შეგიძლია თამაშობ გულით.
shota
09:19 15-12-2017
2
რომ არ გვჭირდებით შენ და ლობჟანიძე და გლობირებენ ეგაა პრობლემა ზუსტად ;
ვახტანგი
10:11 15-12-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული