რა შანსები აქვს საბა კვირკველიას პრემიერლიგაში?

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საბა კვირკველიას შესახებ საუბარი კვლავ აქტუალური გახდა.

ქართველი მცველის მომავალს ბრიტანული პრესა პრემიერლიგას უკავშირებს და გამოიკვეთა ფავორიტი კლუბები, რომლებშიც შეიძლება ნაკრების მცველი ვიხილოთ.

უახლოესი წარსულიდან ქართველი ფეხბურთელის წამყვან ჩემპიონატში გადასვლა, ძირითადად, კრახით სრულდებოდა. მას არ ეძლეოდა სათამაშო დრო, საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგო იყო, ხოლო ცუდ შემთხვევაში მეორე გუნდში ხვდებოდა.

რა შანსები აქვს საბა კვირკველიას იმ კლუბებში, როდესაც საუბარია: "მანჩესტერ სიტიზე", "ვესტ ბრომვიჩსა" და "ლესტერზე"?

დავიწყოთ "მანჩესტერ სიტით", სადაც ყველაზე ნაკლებად რეალურია, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს. "ქალაქელებს" სჭირდებათ მცველი,
რომელიც სათადარიგო შემადგენლობაში ეყოლებათ, რადგან ბოლო პერიოდში ცენტრალურ მცველად სტაბილურად ნიკოლას ოტამენდის გარდა, ვერავინ ვერ თამაშობს.

ამ პოზიციაზე კონკურენციაში ერთმანეთთან ამჟამად არიან: ნიკოლას ოტამენდი, გუნდის კაპიტანი ვინსენტ კომპანი, ელიაქვიმ მანგალა და ჯონ სტოუნსი. ამათგან ბოლო სამს ამ სეზონში ჯამში 10 მატჩში არ მიუღიათ მონაწილეობა.

ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, რამდენად შეძლებს საბა კვირკველია, რომლისთვისაც პრემიერლიგა ახალი გამოწვევა იქნება, იმ ფეხბურთელების ძლევას, რომლებიც წლებია ამ დონეზე თამაშობენ. აქედან გამომდინარე, "სიტი" ალბათ ისეთ ფეხბურთელს მოძებნის, რომელიც გარანტირებულად შექმნის გუნდში კონკურენციას და არ გააკეთებს არჩევანს პერსპექტიულ ფეხბურთელზე.

ხოლო, თუ საბა გადავა "მანჩესტერში", მას ძალიან მცირე დრო მიეცემა თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, რომლის გამოყენებაც არცთუ ისე იოლი იქნება, მაგრამ კვირკველიას შრომისმოყვარეობა და ნიჭი შეიძლება გვარდიოლასაც კი მოეწონოს.

ანალოგიური მოთხოვნა აქვს "ლესტერსაც". მათ სათადარიგო მცველი სჭირდებათ, რომლის იმედზეც იქნებიან საჭირო მომენტში. "მელიები" წინა სეზონთან შედარებით ბევრად უკეთესად თამაშობენ, უბრალოდ, მათ უკანა ხაზში მეტი სტაბილურობა ესაჭიროებათ. რეალურად, ამ დროის მდგომარეობით, მათ კარგი შემცვლელი ცენტრალური მცველი არა ჰყავთ.

ზაფხულში ამ პოზიციაზე "ლესტერმა" ჰარი მაგუაირი "ჰალ სიტიდან" და ალექსანდრ დრაგოვიჩი "ლივერკუზენიდან" დაიმატა. ჰარი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა, აი, დრაგოვიჩის მომავალი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მან მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუცვლელი ფიგურაა გუნდის კაპიტანი ვეს მორგანი, რომელმაც ამ სეზონში ჩატარებულ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. სათადარიგო მცველებს, რობერტ ჰუთსა და იოჰან ბენალუნს საერთოდ არ უთამაშიათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბა კვირკველიას შანსი აქვს, გუნდისთვის მთავარი სათადარიგო ფეხბურთელი გახდეს, რადგან "ლესტერს" ესაჭიროება სათადარიგო ფეხბურთელი, რომლის იმედიც ექნება.

ყველაზე მეტად კარგი ცენტრალური მცველი "ვესტ ბრომვიჩს" ესაჭიროება. გუნდი გასავარდნ ზონაშია და მათი უკანა ხაზი კრიტიკას ვერ უძლებს.

ცენტრალური მცველები ჯონი ევანსი და აჰმედ ჰეგზი, რიგ შემთხვევებში, ძალიან ცუდად თამაშობენ და ვერ ახერხებენ "ალბიონის" სტაბილურად დაცვას. მათი შემცვლელი გარეთ მაქოლი რომ ამ დონეზე სათამაშო ფეხბურთელი არ არის, რამდენჯერმე დაამტკიცა.

ხოლო ამ დროს ინგლისურ კლუბს სხვა არავინ არ ჰყავს და მათთვის მცველი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომელიც შედარებით იაფი ღირს და შანსს მისცემს, გასავარდნ ზონას თავი დააღწიონ. საბა კი რუსეთში საუკეთესოა, ხოლო რუსეთის პრემიერლიგა ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი ნამდვილად არ არის.

დასკვნის სახით რომ შევაფასოთ, ჯობია, ქართველი მცველი ზაფხულამდე "ლოკომოტივში" დარჩეს და საუკეთესო ფორმა შეინარჩუნოს. რადგან "სიტისა" და "ლესტერში" მისი მომავალი ბუნდოვანია, სათადარიგო ფეხბურთელები ხშირად კარგავენ თავიანთ საუკეთესო შესაძლებლობებს უთამაშებლობით, ხოლო "ვესტ ბრომვიჩი" კი რეალური საფრთხის წინაშე დგას, რომ პრემიერლიგიდან გავარდეს.


მკითხველის კომენტარები / 12 /
უნდა დარჩეს და მოიგოს რუსეთის პრემიერ ლიგა, ხოლო მერე შემოთავაზებები ექნება უკეთესი. ჩემი აზრით იმ გუნდში უნდა გადავიდეს სადაც ექნება სათამაშო დრო, ნაკრებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
გიო
03:42 08-01-2018
0
უდავოდ, ეს ბიჭი ძალიან კარგი მცველია.მისი შემდგომი განვითარებისათვის პრემიერლიგა საუკეთესოა,მაგრამ არა ეხლა.ვეთანხმები აზრს,რომ ზაფხულამდე კიდე უკეთეს ფორმაში იყოს და მერე წავიდეს.
sake
11:58 06-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული