ლაშა შინდაგორიძე კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო და თავისებური წვლილი მიუძღვის, რომ გუნდმა მეოთხე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი, ამიერიდან კარიერას უნგრეთის უმაღლესი ლიგის "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს. 24 წლის ნახევარმცველი ევროპაში დღეს გაფრინდება.

ლაშა შინდაგორიძემ იანვრის დასაწყისში "საბურთალოსთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა ფეხბურთელით უნგრული კლუბი დაინტერესდა. მიუხედავად ამისა, თბილისურმა კლუბმა ფეხბურთელს ტრანსფერში ხელი არ შეუშალა. პირიქით, ხელი შეუწყო მის განვითარებასა და პროგრესს.

ამპლუით ნახევარმცველი "საბურთალოში" ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გასულ სეზონში 36 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ამ ხნის განმავლობაში მან მოედანზე
2786 წუთი გაატარა და მეტოქეთა კარის აღება 9-ჯერ შეძლო.

ლაშა შინდაგორიძე "საბურთალოს" დღეს დაემშვიდობა. მან ჩვენი ვებ-გვერდისთვის შემდეგი განაცხადა:

"ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო მოლაპარაკებები და საბოლოოდ შეთანხმება მოხდა. "საბურთალოში" დარჩენა გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ გამოჩნდა უკეთესი ვარიანტი და თბილისური კლუბის ხელმძღვანელებმაც შემიწყეს ხელი. ვისარგებლებ შემთხვევით და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას, მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის.

გეცოდინებათ, რომ "ბალმაზუივაროშში" ბაჩანა არაბული თამაშობს. მქონდა მასთან საუბარი, გარკვეული ინფორმაცია მივიღე უნგრულ კლუბზე.
"საბურთალოში" კარგად ვგრძნობდი თავს, ძალიან თბილი და მეგობრული კლუბია. გატარებული პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება.

"საბურთალოში" ერთი წელი ვითამაშე. თავდაპირველად, არ ვიყავი შესაბამის სპორტულ ფორმაში, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილი და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი მენდო და მთელი სეზონის განმავლობაში სისტემატურად მიწევდა თამაში. სწორედ, ჭიაბრიშვილის დამსახურებაა რომ რწმენა დამიბრუნდა და ჩემით უცხოური კლუბი დაინტერესდა. რა თქმა უნდა, ვრჩები "საბურთალოს" გულშემატკივრად - მინდა კლუბს წარმატებები და დიდი გამარჯვებები ვუსურვო. "საბურთალო" ნამდვილად იმსახურებს ჩემპიონობას".

მომზადებულია "საბურთალოს" საიტის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული