ლეგიონის უქმეები: კაშიას გოლი არ ჩაუთვალეს, სხირტლაძე და გიორგაძე გამოირჩნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილი ან ისვენებს, ან შეკრებაზეა; ზოგი ძალიან ნაყოფიერად ირჯება და ზოგსაც ზედმეტმა დასვენებამ აწყინა.

ყველაზე ნაყოფიერი კვირა ანდრო გიორგაძეს ჰქონდა. პოლტავის "ვორსკლას" ქართველმა მცველმა ჯერ "ნაპრედაკს" გაუტანა, შემდეგ კი, მეორე ტაიმში ჩართულმა თბილისის "დინამოს" რბევაშიც მიიღო მონაწილეობა (4:1). "ნაპრედაკთან" გოლის გატანა სანდრო კობახიძემაც შეძლო, თუმცა მას თბილისის "დინამოსთან" გოლი არ გაუტანია.


დანიაში ქართული დერბი, სადაც დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის "სილკებორგი" საბა ლობჟანიძის "რანდერსს" დაუპირისპირდა, ფრედ, 2:2 დასრულდა. ამ შეხვედრას
სტუმრები 2:0-ს იგებდნენ. 81-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ პენალტით ანგარიში შეამცირა, ხოლო 86-ეზე ახალწვეულმა ვლადიმირ როდიჩმა ასევე თერთმეტმეტრიანით მეორე გოლი გაიტანა.


ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გიორგი ჩაკვეტაძემ, სადაც ბელგიის "იუპერ ლიგის" აუტსაიდერ "ეუპენს" ესტუმრა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 მორჩა. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო და მატჩის 78-ე წუთზე კუბოს ნაცვლად ჩაერთო. "გენტი" 25 ტურის შემდეგ მე-4 პოზიციაზეა და ლიდერთან 18 ქულა აშორებს.

გამოსარჩევია საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც შეკრებაზე სამი მატჩი ჩაატარა და ჯერ კიდევ მშრალად ინახავს "ანჟის" კარს. ბოლო შეხვედრაში "ტობოლთან" ნახევარი ტაიმი ითამაშა და ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ ის "ანჟის" ძირითად მეკარეობას არავის დაუთმობს.

"ტობოლში" პირველივე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში ნიკა კვეკვესკირი, ხოლო ჯაბა კანკავა მეორე ტაიმში გამოჩნდა და არსენ ხუბულოვთან მატჩის მიწურულს ჩხუბი მოუვიდა.


დუბაიში მიმდინარე Dubai Cup-ის მეორე შეხვედრაში "შახტარმა" 3:2 დაამარცხა პრაღის "სლავია". ამჯერად მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და 71-ე წუთზე იაროსლავ რაკიცკის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 3:2 იყო.

ესპანურ შეკრებაზე მოსკოვის "ლოკომოტივმა" ამხანაგურ მატჩში ხორვატიის "ოსიეკი" დაამარცხა - 1:0. ეს შეხვედრა სრულად ჩაატარა "რკინიგზელთა" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ.

თურქულ შეკრებაზე ტულის "არსენალი" ამხანაგურ მატჩში 0:1 დამარცხდა ბულგარეთის "ლუდოგორეცთან". ამ შეხვედრაში "არსენალის" სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი გია გრიგალავა, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს.

თურქულ შეკრებაზე ლვოვის "კარპატი" 1:2 დამარცხდა პოლონეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე მყოფ ბილოსტოკის "იაგელონიასთან". პირველი ტაიმი პოლონელებმა 1:0 მოიგეს, მეორე ტაიმში კი შეცვლაზე მცველი ნიკა სანდოხაძე და ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა შევიდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას უკრაინული გუნდი დაეუფლა და ჩაჩუამ ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი სანდოხაძემ თავურით მეორედ დაამწუხრა პოლონელები, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ერედივიზიეში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო გურამ კაშიას "ვიტესმა", რომელიც 34 ქულით მე-6 ადგილზეა. არნემელებმა შინ "გრონინგენი" ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. ქართველმა კაპიტანმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ კაშიას დარტყმული სტუმართა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ "ვიტესმა" კუთხური მოაწოდა, ქართველი მცველი ვიზავის დაუსხლტა და თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, ისევ კაშიამ დაამატა, თუმცა ბურთი მცველმა ჟუნინიო ბაკუნამ აშკარად კარის ხაზის შიგნიდან გამოიტანა. ასე მოპარეს კაშიას გოლი, რომელიც მისთვის სეზონში მესამე უნდა ყოფილიყო...


ლა ლიგა 2-ის გათამაშებაში ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" ერთ-ერთ ლიდერ "კადისს" შინ დაუზავდა - 0:0. ქართველმა მატჩის დასაწყისში მიიღო გაფრთხილება. მან შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა. არაგონელები სტუმრად "ალკორკონს" დაუზავდნენ - 1:1.

გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკო" შინ "უესკასთან" დამარცხდა - 0:1 და 16 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. აბურჯანიამ თავიდანვე მიიღო ყვითელი ბარათი. იგი 83-ე წუთზე გამოცვალეს.

იტალიის სერია C-ში ირაკლი შეყილაძის (53-ე წუთზე გამოცვალეს) "ლუკეზე" შინ "არეცოს" დაუზავდა - 1:1.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გიორგი მაკარიძეს "ბენფიკასთან" სასტარტოში ელოდნენ, მაგრამ "რიუ ავეს" განაცხადში ის არ გამოჩენილა. ლისაბონელებმა სტუმრები 5:1 გაანადგურეს.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში ავთო ებრალიძის "ვიზეუ" დიდ კრიზისშია. გუნდი არც ისე დიდი ხნის წინათ პირველ ადგილზე იყო და ელიტაში გადმოსვლის უპირველესი კანდიდატი გახლდათ, ახლა კი მე-7 ადგილზეა. "ვიზეუ" შინ 1:3 დამარცხდა "აროუკასთან". ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას (87-ე წუთზე გამოჩნდა) "რაპიდი" ვენის დერბიში "აუსტრიას" 1:1 ეთამაშა.

რუმინეთის ლიგა 1-ში "პოლი ტიმიშოარაში" მარცხიანი დებიუტი გამოუვიდა აკაკი ხუბუტიას. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა "პოლი" სტუმრად "სეპსისთან" დამარცხდა - 0:1.

ალბანურ სუპერლიგაში ირაკლი ძარიას "კუკესი" "ფრამურტარის" 1:1 დაუზავდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული