ვინ შეეცილება საბა კვირკველიას ჩემპიონობას? - რა ხდება რუსეთში ორი ტურით ადრე

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში სეზონის დასრულებამდე ორი მატჩია დარჩენილი და ბოლომდე ყველაფერი გარკვეული არ არის.

რუსეთში საქართველოს ეროვნული ნაკრების 8 ფეხბურთელი თამაშობს და მათგან სამი მომავალ წელს ევროტურნირებზე ითამაშებს, თუ ტრავმებმა არ შეაწუხა.

პრემიერლიგა თითქმის მოგებული აქვს მოსკოვის "ლოკომოტივს", თუმცა საბა კვირკველიას გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში დაკარგული ქულების გამო შანსი მოსკოვის "სპარტაკსაც" და ცსკა-საც გაუჩინა.

"სპარტაკთან" სხვაობა 4 ქულაა, "ლოკომოტივს" სათამაშო "ზენიტთან" და ტულის "არსენალთან" დარჩა. ორივე შეხვედრაში ფრე ან ერთი მოგება უკვე ჩემპიონობაა.

საბა კვირკველია "ლოკომოტივის" წარმატების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა რომ
არის, ეს მთელი სეზონი გვესმოდა. რუსეთის ჩემპიონატში ნაკრების მცველმა უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ამას ყველა აღნიშნავდა.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა.

კვირკველიას ჩემპიონობის შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, იასპარეზოს ჩემპიონთა ლიგაზე და დარჩეს "ლოკომოტივში" თუ ბარგი ჩაალაგოს და ევროპაში ეძიოს ასპარეზი. რაც ვიცით, ის არის, რომ მისდამი ინტერესი ინგლისის პრემიერლიგიდან არის.

▶ საბა კვირკველიას რუსეთის ჩემპიონობა გადაედო [VIDEO]

მოსკოვის "სპარტაკი", რომელსაც მცირე, თუმცა მაინც აქვს შანსი, რომ ჩემპიონი გახდეს, ბოლომდე იბრძოლებს.

ჯანო ანანიძის
გუნდს მეორე ადგილი გარანტირებული არ აქვს, რადგან ცსკა-სთან სხვაობა ერთი ქულაა, "ზენიტთან" და "კრასნოდართან" - სამი.

თუ "სპარტაკი" რუსეთში წარმატებულია, იმავეს ვერ ვიტყვით ჯანოზე, რომელმაც თითქმის მთელი სეზონი ლაზარეთში გაატარა. სეზონის დასაწყისში მიიღო რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა, მას შემდეგ კი მოსკოველი და ქართველი ქომაგიც მის დაბრუნებას ელოდება.

ჯანომ ამ სეზონში შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში დაახლოებით 200 წუთი ითამაშა, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია.

თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" ევროპა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ კლუბს ჯერ კიდევ აქვს შანსი, იბრძოლო ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციისთვისაც და საგზურისთვისაც. ეს, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება მეტოქეებზე, შემდეგ კი - კრასნოდარელებზე.

26 წლის შემტევს არც "კრასნოდარის" წარმატებაში შეუტანია წვლილი. მისი მთავარი პრობლემაც ტრავმა აღმოჩნდა და მოედანს მომავალ სეზონში დაუბრუნდება. 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში 95 წუთი და ერთადერთი გატანილი გოლით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი.

ამ დროისთვის მეექვსე ადგილზე იმყოფება ჯიმი ტაბიძის "უფა". 22 წლის მცველმა ამ სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი ასაკიდან გამომდინარე, მოვალეობებს მშვენივრად გაუმკლავდა.

მეშვიდე პოზიციაზეა ტულის "არსენალი", რომლის ღირსებას გია გრიგალავა იცავს. ქართველ მცველს არცთუ ისე ნაყოფიერი სეზონი გამოუვიდა, მაგრამ არც საწუწუნო აქვს რამე. გრიგალავამ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამათგან ძირითად შემადგენლობაში 10-ჯერ იყო.

ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს "ურალი" და ამ შემთხვევაშიც ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. თუმცა გიორგი ჭანტურიამ სხვებთან შედარებით, ფეხბურთის თამაში მოასწრო. 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

დიდი ალბათობით, პლეი-აუტში ითამაშებს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას "ანჟი", თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ კლუბმა პირდაპირი წესით დატოვოს ტურნირი. ეს "ანჟისა" და "ტოსნოს" ბოლო შეხვედრებზე იქნება დამოკიდებული.

32 წლის ლორიამ ამ სეზონში 13 შეხვედრაში დაიცვა "ანჟის" კარი. ლორიამ სულ 18 გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთხელ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

პრემიერლიგას ტოვებს გიორგი ნავალოვსკის სკა. ქართველმა ფეხბურთელმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იანვრიდან ყველა გაიგებს..
qomagi
17:12 05-05-2018
0
ვინ? რამე იმფორმაცია გაქვს?
roma
22:37 02-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული