უთამაშებლობის მიზეზი, "დუდელანჟი" და ნაკრები - ინტერვიუ ლევან ყენიასთან

AutoSharing Option
ლევან ყენია ამ ზაფხულს ლუქსემბურგული კლუბის "დუდელანჟის" ფეხბურთელი გახდა და ეს ამბავი აქტიური განხილვის საგანი გახდა. ზოგი მის მოქმედებას უარყოფითად აფასებდა, ზოგიც მის კარიერას ევროპა ლიგაზე სასიხარულოდ მიიჩნევდა.

ჩვენ ლევანს ლუქსემბურგში დავუკავშირდით და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ.

- "დუდელანჟში" გადასვლის შემდეგ განაცხადში რამდენიმე მატჩში იყავით, თუმცა შემდეგ აღარ ჩანდით. რა იყო ამის მიზეზი?
- მიკრო ტრავმა მქონდა, კუნთი გავიჭიმე და ორი კვირა გამოვტოვე. ახლა მწყობრში ვარ.

- ბევრი ფეხბურთელისგან გამიგონია, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ თავიდან იბადებიან. როგორ შეაფასებდი ახალ ლევან
ყენიას?
- მაშინ გამოდის მე უკვე სამჯერ დავიბადე. ყველა დიდი ტრავმა თავის კვალს ტოვებს, ვცდილობ არ დავნებდე და ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო, სანამ შემიძლია. ამ სპორტში ყველაფერი მალე იცვლება.

- "დუდელანჟისგან" ევროპა ლიგაზე გასვლას არავინ ელოდა, როგორ მოახერხა ასეთი პატარა ქვეყნის კლუბმა წარმატების მიღწევა?
- ეს ყველაფერი გამოწვეულია საფეხბურთო გარემოთი, ფინანსებით, კონკურენციით და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით.

- როგორი მწვრთნელია ახალგაზრდა ტოპმიულერი, შეუძლია წარმატების მიღწევა?
- ჩემი აზრით უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, ევროპა ლიგაზე მოხვედრა მარტივი ნამდვილად არ არის. კარგი მწვრთნელია, ბევრს ფიქრობს ტაქტიკაზე და ვარჯიშებიც კარგი აქვს.

- ბოლო პერიოდში ეროვნულ ლიგაში იყავი, როგორ შეადარებდი ჩვენსა და ლუქსემბურგის ჩემპიონატს?
- ჩემი აზრით ძირითადი სხვაობა მენტალიტეტშია. ჩვენი მენტალიტეტი ძალიან სუსტია, საქმისადმი მიდგომა გვაქვს ძალიან დაბალ დონეზე, ეს უნდა გამოვასწოროთ აუცილებლად. რაც შეეხება დონეს, თითქმის ერთი და იგივეა. უბრალოდ აქ უფრო მეტს დარბიან, უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ და ფიზიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენს ჩემპიონატში აუცილებელია კარგი ლეგიონერების ჩამოყვანა, რათა დონემ აიწიოს და გუნდებმა ევროპა ლიგაზე მოხვედრა შეძლონ.

- "ლოკომოტივში" ტრავმის პერიოდში ძალიან დიდი ხანი იყავი, შემდეგ როდესაც ფეხბურთს დაუბრუნდი და კლუბი დატოვე, ამ მოქმედებამ გარკვეული სახის კრიტიკა გამოიწვია გულშემატკივრებში. როგორი სახის შეთანხმება იყო თქვენსა და კლუბს შორის?
- კი ამ ყველაფერზე ცოტა გამეცინა, მაგრამ არა უშავს, ვინც არ არის საქმეში ჩახედული ის ვერ გაიგებს. მოგეხსენებათ მე ბავშვობაში, "ლოკომოტივში" გამოვდიოდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან. რომ ჩამოვედი კლუბში შეთანხმება ასეთი იყო, რომ რეაბილიტაციაში დამეხმარებოდა გუნდი, შემდეგ ერთად დავჯდებოდით და გადავწყვეტდით როგორ გაგრძელდებოდა ჩემი კარიერა.

"დუდელანჟიდან" შემოთავაზება მანამდეც მქონდა, მაგრამ რეაბილიტაციის გავლა სახლში მინდოდა, წყნარად სიმშვიდეში ოჯახთან ერთად. ძალიან გამიჭირდა საქართველოში დაბრუნება, დიდი პაუზა ავიღე ძალიან, ნელა გავიარე რეაბილიტაცია სისწრაფისა და წნეხის გარეშე, ბოლოს კი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა.

შემდეგ ერთად დავჯექით და მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ მეცადა ძალები ევროპაში. ევროპა ლიგაზე თამაშის შანსი გამომეყენებინა. "ლოკომოტივს", მის პრეზიდენტს, პერსონალს, ვინც ფეხზე დადგომაში დამეხმარა, დიდი მადლობა გადავუხადე, ეს კლუბი ჩემი პირველი გუნდია, საიდანაც დავიწყე ასპარეზობა და წავედი გერმანიაში. მინდა რომ ჩემი კარიერა ამ კლუბში დავასრულო. ჯერ 28 წლის ვარ, კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში, მთავარია ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი.

- უეფამ ახალი ტურნირი დაიწყო "ერთა ლიგა". როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების ასპარეზობას და რას ფიქრობ რა შანსები გვაქვს?

- სამწუხაროდ თამაშებს ვერ ვუყურე, ვარჯიშები მქონდა, მაგრამ მომენტები ვნახე. ძალიან კარგი შანსი გვაქვს რომ ტურნირი მოვიგოთ. ნაკრებს მაქსიმალური კონცენტრაცია ჭირდება ყველა თამაშზე.

- ვიხილავთ ლევან ყენიას ისევ ნაკრების მაისურით?
- ჩემ დაბრუნებას რაც შეეხება, ვნახოთ ამას დრო გვიჩვენებს.

altლევან ყენია: არა მგონია, გატუზოს ვახსოვდე, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ დიდი და პატარა ქვეყნებით და წაიღეთ ტვინი? მთავარი ფულია და არა გეოგრაფია. ბელორუსია ევროაპში უდიდესი რესპუბლიკაა, უკრაინა ყვეალზე დიდი ევროპაში და წარმატება 0. ევროპა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არაფერ შუაშია. ბელგია პატარა, ჰოლანდია კახეთზე ცოტა დიდი და აზანზარებს მსოფლიოს. აიაქსის ისტორია მაინც არ წაგიკითხიათ. ფეხბურთი არის ფული და მერე ნიჭი. ესეა!
12
ლეგიონერების გარეშე წინ წასვლა შეუძლებელია. ვეთანხმები ყენიას. ისინი კონკურენციასაც ასწევენ და ახალსაც შემოიტანენ ჩვენ დამყაყებულ ჩემპიონატში. ჩ
ჰაჰა
15:11 29-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული