ქართველი ფეხბურთელი იტალიაში: ახლა "მილანიდან" "ტორინოში" 1-წლიანი იჯარით ვარ

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, ბაჩანა არაბული, დავით ხოჭოლავა, გიორგი თევზაძე, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ლადო ჩიხრაძე - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილები არიან და ახლა ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობენ.

ამჯერად, მათ გზას გუკა ხვედელიძე შეუერთდა - 16 წლის ფეხბურთელი "საბურთალოს" 2002 წელს დაბადებულთა გუნდში თამაშობდა. თუმცა ხვედელიძე ცოტა ხნის წინ იტალიური "ტორინოს" 17-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა.

"საბურთალოს" ოფიციალურ საიტზე გუკა ხვედელიძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- გუკა, როგორ შეეწყვეთ იტალიას,
ტურინს?

- თავდაპირველად, ცოტა სირთულეები იყო, თუმცა ახლა უკვე დავძლიე ეს ყველაფერი. ადაპტაციისთვის დიდი დრო რომ არ დამჭირდა, ადგილობრივების დამსახურებაა, რომლებმაც ყველანაირად ხელი შემიწყვეს.

- ბაზაზე ცხოვრობთ?
- დიახ, "ტორინოს" მთავარი გუნდის ბაზაზე ვცხოვრობ, რამდენიმე ლეგიონერთან ერთად, რომლებიც 17-წლამდელთა გუნდში თამაშობენ. ბაზაზე ყველანაირი პირობაა, როგორც დასასვენებელი, ასევე გასართობი. ყველაფერი გაწერილი მაქვს. ჩემთვის ძალიან სწრაფად გადის დრო.

- "ტორინოს" მთავარ გუნდთან ხშირი შეხება გაქვთ?
- იტალიის სერია A-ს ფეხბურთელებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვნახულობ. ვინც ბაზაზე ვცხოვრობთ, ხშირად ვესწრებით ვარჯიშებს. უფროსები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს. მიხარია, რომ კარგ გარემოში მოვხვდი. ყველაფერს ვაკეთებ, რომ წარმატებული ფეხბურთელი გავხდე.

- "ტორინოსთან" გააფორმეთ კონტრაქტი?
- კონტრაქტი "მილანთან" მაქვს. იტალიაში "მილანში" ჩამოვედი, მაგრამ მათ საბუთების მოგვარება ვერ შეძლეს. შემდეგ "ტორინომ" ითავა თავის თავზე საბუთების მოწესრიგება და ახლა "მილანიდან" "ტორინოში" 1-წლიანი იჯარით ვარ.

- "საბურთალოში" შემტევ ნახევარმცველად თამაშობდით. "ტორინოშიც" ამ პოზიციაზე ირჯებით?
- დიახ, იტალიურ გუნდშიც შემტევ ნახევარმცველად ვთამაშობ. რამდენიმე მატჩის ჩატარება უკვე მოვასწარი. ვითამაშე - "ფიორენტინას", "იუვენტუსის", სამპდორიას", "სპეციასა" და "პარმას" 17-წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ.

- 17-წლამდელთა გუნდებშიც იგივე სათამაშო სტილია, რაც სერია A-ში?
- ფაქტობრივად, იგივეა. ძალიან უხეშები არიან, ვარჯიშებზე თუ თამაშებზე ბოლომდე იბრძვიან, გამძლეობასა და დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ. განსაკუთრებული ყურადღება აქაც დაცვით ხაზზე აქვთ გადატანილი. მთავარია, გოლი არ გაუშვა, შეტევაზე მერე უნდა იფიქრო.

- თქვენს ასაკში საქართველოში ფიზიკურად ერთ-ერთი გამორჩეული იყავით. იტალიაში როგორაა?
- გუნდთან ერთად კარგი შეკრება გავიარე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს თანატოლებს რამეში ჩამოვუვარდები. კარგად ვგრძნობ თავს, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე. რა თქმა უნდა, მინუსები მაქვს, რომლებზეც ბევრს ვმუშაობ და იმედია, ნელ-ნელა დავხვეწავ.

იტალო გალბიატი, რომელიც ძალიან ცნობილი სპეციალისტია, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში, ყოველდღიურად დიდ ყურადღებას მაქცევს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს "ტორინოს" 17-წლამდელთა გუნდში ვარ და რა თქმა უნდა, "საბურთალოსი", სადაც გამზარდეს და რამდენიმე დაუვიწყარი წელი გავატარე.

- არ მოგენატრათ "საბურთალო" და თქვენი ქართველი მეგობრები?
- როდესაც "დინამოდან" "საბურთალოში გადმოვედი, ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე. როგორც ფეხბურთელი, ვატყობდი, რომ გავიზარდე. "საბურთალოში" ყველაფერი კარგად მახსენდება - "ბენდელას" სტადიონზე, სადაც ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით, მისვლა მიხაროდა. ვიცოდი, რომ მეგობრებს ვნახავდი, ვისაუბრებდით სხვადასხვა თემაზე, რის შემდეგაც კარგი საწვრთნელი პროცესი დაგვეწყებოდა.

"საბურთალოს" 2002-წლიანების გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ იტალიაში წამოსვლამდე რამდენიმე მატჩის ჩატარება 19-წლამდელთა გუნდში მომიწია. ამ ფაქტორმა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შემმატა. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს მწვრთნელებს სხვადასხვა დროს - ვოვა მუსერიძეს, გიორგი ჭელიძესა და ვალერი გაგუას, მადლობას გადავუხდი.

- "საბურთალოს" ამბებს გებულობთ ხოლმე?
- დიახ, ვებგვერდისა და "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით ყველაფერი ვიცი, რა ხდება და როგორ ასპარეზობენ "საბურთალოს" აკადემიის, ჭაბუკთა თუ დუბლების გუნდები. რაც შეეხება პირველ გუნდს, რომელიც ლიდერობს ეროვნულ ლიგას - მჯერა, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ყველა საბურთალოელს და მის გულშემატკივარს დიდ სიხარულს მიანიჭებს.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან კარგი და სასიხარულოა, რა ვიზით არის იტალიში და კონტრქატი როგორ გააფორმა არასრულწლოვანმა ეს არის საინტერესო იქნებ მოყვეს რათა სხვა ფეხბურთელებსაც გაეხსნათ გზა, ვინაიდან როგორც ცნობილია უეფას წესებით არასწულწლოვანი ვინც ევროკავშირის მოქალაქე არ არის ამ უფლებას ვერ მიიღებს , ამ ბავშს ალბათ აქვს ევროკავშირის მოქალაქეობა,ღმერთმა დალოცოს
shalva
16:04 16-10-2018
0
წარმატებები გუკა მოიმდომე და ყველაფერი კარგად იქნება ნიჭი ქართველებს არავისზე ნაკლები გვაქვს მაგრამ მონდომება და შრომისმოყვარეობა გვაკლია თუ მოინდომებ მთელ საქართველოს გაახარებ თუ არ მოინდომებ თავისთვის არაფერი მოვა
ტოტტი
16:03 16-10-2018
0

სიახლეები პოპულარული