ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს sports.ru-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდს.
- ახლა მალდივებზე ხართ შვებულებაში. მანდ როგორაა საქმეები?
- დილის 9 საათზე გავიღვიძე და მაშინვე აუზში ჩავხტი. არც დამიბანია. არარეალურად ცხელა, ოთახში ბავშვები არიან (ოქრიაშვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს, 6 და 3 წლის) და კონდიციონერს ნულზე ვერ ჩავრთავ. დღისით ბანანით გავიკატავეთ, ორჯერ გადავბრუნდით. მართალი გითხრათ, მალდივებზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ გააკეთებ. მხოლოდ თუ გაირუჯები, დანაყრდები და ჩოგბურთსა და ფეხბურთს ითამაშებ. ერთი საათის შემდეგ 7х7-ზე თამაში გვაქვს ადგილობრივ ყოფილ ფეხბურთელებთან.
- რატომ აირჩიეთ მანდ
დასვენება? - მართლა ძალიან მოსაწყენია.
- აქ პირველად ვარ - ოჯახთან ერთად კარგია. ჩვენთან ერთად ჟიგულევი და ზუევი (როსტოვი) და ობლიაკოვი (ცსკა) არიან. ასეთი სილამაზე არსად არ მინახავს. საერთოდ, შვებულების ბარსელონას დარ დიდ ქალაქებში გატარება მიყვარს. კიდევ ოთხი დღე და საქართველოში წავალ. მინდა მალე დავბრუნდე.
- ხაჭაპური მოგენატრათ?
- არა, მე ხინკალი მიყვარს. როგორც ჩავფრინდები, პირდაპირ ხინკლის საჭმელად წავალ. დედას ხინკლის გაკეთებით არ ვაწვალებ. რესტორანში ნაცნობებთან მივდივარ. არც მოსკოვში, არც მსოფლიოში სხვაგან ასეთ ხინკალს ვერ აკეთებენ. ჩვენთან რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად წაგიყვანთ. საქართველოდან ზედმეტი წონით არასოდეს არ ვბრუნდები. მხოლოდ 6% მაქვს ცხიმი (რონალდოს 7% აქვს - რედ), რამდენიც არ უნდა ვჭამო, მაინც 67 კილოგრამს ვიწონი. ჩემი ყველა ქართველ ფეხბურთელს შურს, განსაკუთრებით "ურალელ" გიორგი ჭანტურიას.
- თქვენ "კრასნოდარი" დატოვეთ და თავისუფალი აგენტი გახდით. რას იზამთ, როდესაც შვებულება დაგისრულდებათ?
- ახლა უცნაური შეგრძნება მაქვს: კარიერაში პირველად ვარ უკლუბოდ და შემოთავაზებებს ველი. დიდი იმედი მაქვს, რომ შვებულების დასასრულს ყველაფერი გაირკვევა და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ახალ გუნდთან ერთად შეკრებაზე გავემგზავრები. როდესაც საქართველოში ჩავალ, მინი-ფეხბურთის ნაკრების ბიჭებთან ერთად ვითამაშებ.
- მინი? მტკივნეული არ იქნება მაკრატელას შემდეგ დაცემა?
- არა, არა. ასეთი ფანტაზიორი არა ვარ. ხომ ხედავთ, ჩემზე უცბად როგორი ასოციაცია გექმნებათ. იმიტომ მინდა რუსეთში დარჩენა, რომ ყველას დავანახო, რომ მარტო მაკრატელათი კი არ შემიძლია გოლების გატანა, არამედ უბრალოდ ფეხბურთის თამაშიც ვიცი. ბევრი ტრავმა მქონდა და ხეირიანად ვერ წარმოვაჩინე თავი. დარწმუნებული ვარ, მეტი შემიძლია. უბრალოდ, პრაქტიკა მჭირდება.
-ვისი ინიციატივით გაწყვიტეთ "კრასნოდართან" კონტრაქტი?
- "კრასნოდარამდე" არასოდეს არ მქონია ტრავმა. არათუ მძიმე, არამედ არანაირი ტრავმა არ მქონია. ველაპარაკე გალიცკის, ჰაშიგს. არ მიმდიოდა იქ საქმეები და რაღაცის გამოცვლა იყო საჭირო. კონკურენციის არ შემშინებია. არა. მწვრთნელ მუსაევს უნდოდა "როსტოვთან" მატჩში ვეთამაშებინე, მაგრამ შეხვედრის წინ ისევ ტრავმა მივიღე. მადლობა "კრასნოდარს", რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით გამიშვა.
- "კრასნოდარში" კონონოვს მიუსწარით?
- დიახ, მცირე ხნით. ის უფრო უკრაინის ჩემპიონატიდან მიცნობს. ის იქ "კარპატის" წვრთნიდა, მე კი იმ გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის კარგად ვთამაშობდი. კონონოვს ორი წლით ადრე უნდოდა ჩემი "კრასნოდარში" აყვანა. გადასვლის შემდეგ მაშინვე ძირითადში აპირებდა ჩემს დაყენებას. სამწუხაროა, რომ უცბად წავიდა. 4-5-ჯერ მისი ხელმძღვანელობით ვივარჯიშე. ყველაფერი ძალიან მომეწონა. არ ყვირის, არ იგინება. ძალიან კომფორტული იყო, თან მისი თამაშის სტილი ჩემთვის მისაღებია.
- ე.ი. ახლა "სპრტაკში" გადახვალთ?
- ძალიან კარგი იქნებოდა! გადაეცით, რომ სიამოვნებით გადავალ.
- რას ნიშნავს თქვენს გულზე დახატული არწივი?
- რა არწივი? ეს ბუა.
- რატომ ბუ?
- მომწონს ბუ, ოღონდ გემუდარებით, განმარტება არ მომთხოვოთ.
- "კრასნოდარში" საფეხბურთო აზრების მიტანა ფეხბურთელებამდე და მწვრთელებამდე სერგეი გალიცკის ("კრასნოდარის" მფლობელი) უყვარს. გახსოვთ მასთან პირველი საუბარი?
- ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, გალიცკის ჩემი ვიდეო გაუგზავნეს. მას ჩემი აყვანა მოუნდა და საქართველოში ორი დღის ჰაშიგი გაგზავნა. სერგეი ნიკოლაევიჩს ხომ უყვარს ტექნიკური და ჭკვიანური ფეხბურთი, შეიძლება ამიტომაც ვეწყობოდი "კრასნოდარს".
- ვიცი ისტორია, რომ პოლიციალი დანჯღრეული ავტომობილიდან გამოვიდა და უთხრა: "მეგობარო, ერთი მოაწექი რა". გალიცკიმაც არ დააყოვნა და მიეხმარა.
- ეჭვი არ მეპარება, რომ მასე იქნებოდა. კაცი მილიარდერია, მაგრამ მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი შეიძლება. როცა სერიოზულად დავშავდი, დამირეკა და მითხრა - "თორნიკე, შენ ჩვენთან დარჩები. არ ინერვიულო, გაიკეთე ოპერაცია და მშვიდად იყავი". ფეხბურთზე მასთან არ მილაპარაკია. ფეხბურთელებთან მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა ისინი რამეს დააშავებენ. მიდის და კონკრეტულად უხსნის, რომ ასე არ შეიძლება. საბედნიეროდ მე არაფერი დამიშავებია.
- მეორე ტრავმის შემდეგ მოედანზე გასვლის არ შეგეშინდათ?
- არანაირი ეჭვები არ მქონია. ბიჭები მეუბნებოდნენ, ისე ხარ, თითქოს, ორი დღე არ გივარჯიშიაო. ამის გამო, არანაირი შიში არ მქონია და არც თავის დაზოგვა მიცდია. არ უნდა გეშინოდეს. განსაკუთრებით "სევილიასთან" გოლი დამეხმარა. ასეთი ტრავმის შემდეგ, ნებისმიერი გოლი თავდაჯერებულობას გმატებს.
- ასეთი ამბავი წავიკითხე: ზაფხულის შეკრებაზე მამაეევთან, შიშკინთან, სინიცინსა და კრიციუკთან ერთად ღამით სადღაც გაიქეცით და დილას სამედიცინო შემოწმებაზე უარი თქვით. შიშკინი და სინიცინი არ თამაშობენ, თქვენ კი გუნდიდან გაგიშვეს...
- სისულელეა! მეგობარო, "კრასნოდარში" ეს უბრალოდ შეუძლებელია! ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ კლუბში არ ხდება. ჯერ ერთი, შეკრებაზე ყველა ხელისგულზეა. მეორეც, ეს დიდ ჯარიმას უკავშირდება - ხელშეკრულების მიხედვით, 10 ათასი ევროთი დაგაჯარიმებენ. ფიქრობთ, რომ ასე გავრისკავდი? მესამე, პროფესიონალები ასე არ იქცევიან. ეს ამბავი მეც წავიკითხე. კომენტარებში 150-დან 130-მა დაწერა, რომ ყველაფერი ეს სისულელეა. ძალიან გამიხარდა, რომ ხალხს ამის არ სჯერა.
- "გენკში" მსგავსი ისტორია შეგემთხვათ, როცა სახლში ვერ მიხვედით...
- დიახ, ამის გამო ძალიან მრცხვენია. მოდი, ნუღარ გავიხსენებთ, კარგი? დიდი ხანია გავიზარდე და ეს ამბავი დავივიწყე. თუ შენ არ გინდა, რომ ყველაფერი სწორად გააკეთო, მაშინ არავინ დაგეხმარება. საუკეთესო რჩევაა: ვარჯიშის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გასახდელში არ უნდა შეხვიდე. უნდა დარჩე და ისე უნდა დაიღალო, რომ სხვა არაფერი მოგინდეს. ადრე ვფიქრობდი, რომ საათ-ნახევარი ვარჯიში საკმარისია და ყველაფერი ვიცოდი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. რაღაცის მისაღწევად საჭიროა ორჯერ მეტი მუშაობა. ხუთი წლით უკან რომ დავბრუნდე, ბევრ რამეს შევცვლიდი. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი დაკარგული არ არის, უფრო სწორად, ყველაფერი წინაა. და თუ ისტორიები გაინტერესებთ, გეტყვით, ბელგიაში როგორ ვიჩხუბე.
- კაპევერდელ ფეხბურთელთან?
- დიახ. გუნდში ორი კვირის ჩასული ვიყავი და თამაშის შემდეგ სასეირნოდ წავედით. როცა დავბრუნდით, ეს კაპევერდელი ფეხბურთელი, ანელე ნკგონგა, მთვრალი იყო და შეურაცხყოფა მომაყენა. ჩემი გატეხილი ინგლისურით ვუთხარი - "მომისმინე, ასე არ გინდა. ჩვენ ერთმანეთს ორი კვირაა ვიცნობთ. თუ ასეთი ხუმრობა შენთვის ნორმალურია, ჩემთვის მიუღებელია-მეთქი"! ჩვენ წავედით და მან ისევ რაღაც წამოროშა. ამიტომაც მიიღო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არავინ იცოდა. თუმცა დილით ბაზაზე მივედი და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველამ იცოდა, ყველას მოუყვა. ორივე 10-10 ათასი ევროთი დაგვაჯარიმეს.
- ...და პირდაპირ ყბაში დაარტყით?
- არა, რა ყბაში, უბრალოდ, სახეში გავულაწუნე. მერე დაწერეს რუსეთში და საქართველოში, თითქოს რასისტულად შევურაცხყვე. მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია! მე არ ვარ რასისტი და ბევრი მეგობარი მყავს აფრიკიდან, მთელი მსოფლიოდან... სასაცილო ისაა, რომ ამ ჩხუბის შემდეგ ჩვენ გვქონდა დერბი, "გენკი"-"გენტი". 2:2 იყო. 85-ე წუთზე ანელეს პასით გავიტანე და გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ გადავეხვიეთ, შევრიგდით და დავმეგობრდით. ჩვენ დღემდე გვაქვს ურთიერთობა, მუდმივ კავშირზე ვართ.
- კიდევ ერთი ისტორიაა, რომ "მერსედესით" მიდიოდით, საიდანაც ბენზინი ისხმებოდა...
- ღმერთო ჩემო, რაა?! გეფიცებით, ეს პირველად მესმის. მანქანასთან დაკავშირებული ამბავი მხოლოდ ის არის, რომ 180 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მივდიოდი, სადაც მხოლოდ 50-ით შეიძლებოდა. ეს იყო ნორმალური ტრასა, მაგრამ იყო დასახლებული ადგილი, სადაც მდებარეობდა სასამართლო. მართვის მოწმობის ჩამორთმევა სურდათ, მაგრამ ბოდიში მოვიხადე და ვთქვი, რომ შეზღუდვის ნიშანი, უბრალოდ, ვერ შევნიშნე. ისე, მართლა ვერ შევნიშნე სიბნელეში. ისინი ჩემთან სახლში მოვიდნენ, მაგრამ საბოლოოდ პირველ ჯერზე მაპატიეს.
- პოკერში ან სათამაშო აპარატებზე თუ გიმართლებთ?
- ყოფილა, რომ გამმართლებია! თანხებზე არ მკითხოთ: ქართულ კაზინოში რამდენჯერმე მსხვილი თანხა მოვიგე. 10 და 17 ციფრებზე დავდე. თუმცა წამიგია კიდეც. რეალურად, აზარტული თამაშების დიდი მოყვარული არც ვარ, თუმცა საქართველოში ამისთვის ყველა პირობაა, ლამის ყველა ეზოში კაზინოა.
- კითხვა "მაკრატელაზე": რონალდოს გოლი "იუვენტუსის" კარში თუ ბეილისა - "ლივერპულთან" ფინალში?
- ვფიქრობ, ბეილის. რონალდომ დარტყმისთვის მომზადება მოახერხა. ბეილმა უფრო რთული პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ გადაწყვეტილება წამის მეათედებში მიიღო და არარეალური გოლი გაიტანა. მე ბეილის გოლს ხუთი მცდელობიდანაც ვერ გავიმეორებდი, მაგრამ რონალდოსას ზუსტად გავიმეორებ. ვფიქრობ, რონალდოსნაირი მარტო რონალდოა. მას სერიოზული ტრავმები ჰქონდა? მე ვერ ვიხსენებ. მასთან რომ აღმოვჩნდე, უპირველესად გავიგებდი, როგორია მისი ერთი რიგითი დღე. როგორ ახერხებს იცხოვროს ასეთი გრაფიკით და ყველაფერი მოასწროს. ადამიანს აქვს იმდენი ფეხბურთი, ბავშვები, რეკლამები, გადაღებები... არ იღლება, მაგრამ ის ყოველთვის პირველი მიდის ვარჯიშზე და ყველაზე ბოლოს გადის. და მაისურასაც ვთხოვდი. რა თქმა უნდა, "რეალის", მაგრამ თუ არ ექნება, უარს არც "იუვენტუსის" მაისურაზე ვიტყოდი.
თორნიკე ოქრიაშვილი მალდივის სანაპიროზე ეფექტურად თამაშობს [VIDEO]
რუსულმა საიტმა ოქრიაშვილის "კრასნოდარიდან" წასვლის მიზეზი თავისებურად განმარტა
თორნიკე ოქრიაშვილი "კრასნოდარის" დატოვების შემდეგ მალდივის კუნძულებზე ისვენებს [VIDEO]