მეორე თურქულ შეკრებაზე "შახტარი" ამხანაგურ მატჩში ბელგრადის "პარტიზანთან" 0:2 დამარცხდა და როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ისევ სუსტად ითამაშა დონეცკური გუნდის დაცვამ.
ამ შეხვედრაში ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
მიმოხილვაში ua-football.com-ი ხაზს უსვამს იმას, რომ მართალია, სპარინგები პირველ რიგში გუნდის შესათამაშებლად იმართება და შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ შემაშფოთებელია დაცვის შეცდომები და ხოჭოლავას არადამაჯერებლობა.
"მეტოქემ პირველ ტაიმში ორნახევარი შეტევიდან ორი გოლი გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან "პარიზანმა" სწრაფი იერიში განახორციელა, ბურთი ცენტრში ჩააწოდა და ნიკოლიჩმა
გოლი გაიტანა. სად იყვნენ "შახტარის" მცველები? უცნობია. შემდეგ კი უზუსტო გადაცემა გააკეთა ხოჭოლავამ, საკუთარ მოედანზე ბურთი მეტოქეს აჩუქა და შჩეკილმა 20 მეტრიდან დალაშქრა ჩვენი კარი", - წერს საიტი.
შეგახსენებთ, პირველ შეკრებაზე "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ განაცხადა, რომ დაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ.