რატომ უნდათ უკრაინელ ჟურნალისტებს, დავით ხოჭოლავა განტევების ვაცად აქციონ?

AutoSharing Option
კვირა არ გავა, უკრაინულმა გამოცემებმა ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა არ გააკრიტიკონ და "შახტარის" ყველა წარუმატებლობა ლამის მას არ დააბრალონ.

მაგალითად, 17 თებერვალს ua-football.com-მა ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა "შახტარზე" და გუნდის დაცვას უკუნი, ხოლო ხოჭოლავასა და კრივცოვის დუეტს უბედურება უწოდა.

რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინაა და ხოჭოლავასაც მოსდის შეცდომები, მაგრამ მას განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ამყოფებენ.

"ხოჭოლავა უნარიანად არჩევს პოზიციას, ბრძოლაში ტოლს არავის უდებს, მჭიდროდ და მეორე სართულზე თამაში ეხერხება", - ასე ახასიათებს 26 წლის ქართველს კლუბის საიტი. შარშან ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა
იოზეფ საბომ აღიარა, რომ "მეშახტეთა" უკანახაზელებიდან ყველაზე მეტად დავითი მოსწონს.

ნამდვილად არ ვუყურებ დონბასური გუნდის ყველა თამაშს, მაგრამ მნიშვნელოვან შეხვედრებს თვალს ვადევნებ და არაზოგადი წარმოდგენა მაქვს ამ გუნდზე.

ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: თანდათან რეგრესირებს და ეს ყველა რგოლს დაეტყო. ეს პროცესი მას შემდეგ დაეწყო, რაც გუნდი რუსული ოკუპაციის შედეგად იძულებული შეიქნა, დონეცკი დაეტოვებინა და დევნილი გამხდარიყო.

"მეშახტეებმა" დატოვეს საუკეთესო ბაზა, სტადიონი და ჯერ ლვოვში დაბანაკდნენ, მაგრამ იქაურობა ვერ იგუეს, რასაც ალბათ, თავისი მიზეზები აქვს და ეს ამბავი სპორტული გამოცემის, მით უმეტეს უცხოურის, განსახილველი არაა.

საბოლოოდ "შახტარმა" დისლოკაციის ადგილად ხარკოვი აირჩია, სადაც ისეთი მხრდაჭერა არა აქვს, როგორც დონეცკში ჰქონდა. მაგალითად, "აინტრახტთან" ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩზე (2:2) მათ მხარდასაჭერად 41 307-ადგილიან სტადიონზე მხოლოდ 13 059 გულშემატკივარი მივიდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს გუნდზე.


თუ თავიდან "შახტარი" ერთგვარი ინერციით მიდიოდა, თანდათან უკუსვლა დაიწყო. მართალია, უკრაინაში კვლავაც საუკეთესოა და კიევის "დინამოც" ვერ უწევს ჯეროვან კონკურენციას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში ვეღარ ივარგა და ფრანკფურტულ გუნდთან პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა ევროპა ლიგასაც დაემშვიდობოს.

რგოლების მიხედვით მივყვეთ. მეკარე ანდრეი პიატოვი სუსტია, საოცარი იაღლიშები მოსდის, მაგრამ იმდენად დიდი ავტორიტეტია, რომ ხელშეუხებელია.

დაცვაზე ბოლოში გეტყვით, იქამდე კი შემტევებს შევეხები. თავდასხმაცა და ნახევარდაცვაც კარგია, თუმცა ნახევარმცველებს ხშირად "ავიწყდებათ" უკან მცველთა დასახმარებლად დროულად ჩასვლა და აი, მაშინ იწყება მეტოქის სწრაფი კონტრშეტევისას პრობლემები. შედეგად, დონეცკელები გოლებს არცთუ იშვიათად უშვებენ და რა თქმა უნდა, ყველაფერი დაცვას და მეტადრე ცენტრბეკებს ბრალდებათ. იმავე "აინტრახტთან" შეხვედრაში საყრდენმა ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ უკვე მე-11 წუთზე მოახერხა მეორე ყვითელი ბარათის მიღება და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა. წარმოიდგინეთ, ეს რომ ჩვენებურს მოსვლოდა, რა ამბავს ატეხავდნენ.

რაც შეეხება ხოჭოლავას, მართალია, ჯოხი, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში მასზე ტყდება, მაგრამ უცოდველი ისიც არაა. ეტყობა, ემოციურია, წნეხს ვერ უძლებს და შეცდომებიც ამიტომ მოსდის, თორემ თამაშს კითხულობს, სწრაფია, მონდომებულია და მეტი გამბედაობა მართებს, ბრძოლაში უფრო ხშირად ჩართვა და არაა საჭირო საკუთარ საჯარიმოსთან განივი გადაცემების გაკეთება, რომელსაც გასულ სეზონში კიევის "დინამოსთან" მოჰყვა გოლი და ამას წინათ შეკრებაზე "პარტიზანთან" ამხანაგურ მატჩშიც.

ბოლოსკენ კი, თქვენის ნებართვით, თემას ოდნავ გადავუხვევ და უკრაინული საფეხბურთო საიტების ქართველი ლეგიონერების მიმართ დამოკიდებულებას შევეხები. ძალზე მოკლედ, ორიოდ სიტყვით. ხოჭოლავაზე უკვე ვთქვი, ახლა "გენტზე" მოგახსენებთ, სადაც ორ ქართველთან (გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია) ერთად სამი უკრაინელი (იგორ პლასტუნი, რომან ბეზუსი და რომან იარემჩუკი) ასპარეზობს. ამ გუნდის ყოველი მატჩის შემდეგ football.ua და ua-football.com-მი უმალ აღნიშნავენ თანამემამულეთა წარმატებას და არასოდეს ერთი სიტყვითაც კი არ მოიხსენიებენ მათ ქართველ თანაგუნდელებს. არადა, წესით, სხვაგვარად უნდა იყოს. მაგალითად, Sportall.ge ბელგიური გუნდის თითქმის ყოველი მატჩის მიმოხილვაში ხაზს უსვამს ამა თუ იმ უკრაინელის კარგ თამაშს.

ეს ისე, ლირიკული გადახვევასავით, რადგან ქართველი ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება თანდათან იცვლება და ეს უკვე ერთგვარ ტენდენციად ყალიბდება. არადა, წესით, ასე არ უნდა იყოს. რა მაგის პასუხია და, 2015 წლის მარტში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩის დაწყებისას, რუსეთის ჰიმნის გაჟღერებისას მთელი სტადიონი "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებდა.


მკითხველის კომენტარები / 22 /
უნდა გამოიცვალოს გუნდი ხოჭოლავამ, რაც შეეხება ჩვენებს ბელგიაში, რა დღეს რა ხვალ ჩაკვეტაძე გადავა უკეთეს გუნდში ჰოდა ბელგია დარჩება უკან.
ხვიჩა
16:31 20-02-2019
1
როგორც ვატყობ ზოგიერთ უვარგისს უკრაინელები უფრო ეხატება გულზე ვიდრე ჩვენებურები.
დავით გამაგრდი ძმაო
11:00 20-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული