გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" MLS-ის მეორე ტურში შინ "მინესოტა იუნაიტედთან" 0:3 დამარცხდა.
ქართველმა ლეგიონერებმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ყაზაიშვილი კი 64-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მთელმა გუნდმაც და ცალკე აღებულმა თითოეულმა ფეხბურთელმაც ძალიან ცუდად ვითამაშეთ. პირველი გოლი ხელით თამაშის შედეგად დანიშნულ პენალტს მოჰყვა, მეორე - ჩვენს მიერ მოპოვებული კუთხურის შემდეგ მოწინააღმდეგის კონტრშეტევას, არადა 10 წამით ადრე ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო. უფრო გააზრებულად თამაში და კონტრშეტევების შეჩერება გვმართებს, ხანდახან ტაქტიკური
ჯარიმების ხარჯზეც. მესამე გოლი კი საკუთარ კარში გავიტანეთ.
ეს ზედიზედ მეორე მარცხია, თუმცა სეზონი ახლა დაიწყო. ყველაფერი ხდება, ფეხბურთელები პოზიტიურად ვართ განწყობილები. სეზონი გრძელია, ცუდად ვითამაშეთ, თუმცა ტრაგედია არ მომხდარა, ასეთი რამ ხშირად ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი სეზონი გვექნება და პლეი-ოფშიც გავალთ", - განაცხადა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ MLS-ის პირველ ტურში "სან ხოსე" ასევე შინ "მონრეალთან" 1:2 დამარცხდა.
მომზადებულია SJEarthquakes.com-ის მიხედვით