დავით ვოლკოვი: აზერბაიჯანში ქართული ფეხბურთის შესახებ საკმაო ინფორმაციას ფლობენ

AutoSharing Option
დავით ვოლკოვი, რომელიც "საბურთალოს" შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ახალი სეზონიდან აზერბაიჯანული "გაბალას" ღირსებას იცავს.

რამდენიმე დღის წინ ვოლკოვმა ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფეხბურთელს აზერბაიჯანში "საბურთალოს" ვებგვერდი დაუკავშირდა.

- დავით, როგორც შეეწყვეთ "გაბალას", ახალ გარემოს?
- ადაპტაცია არ გამჭირვებია, გუნდში მეგობრულად დამხვდნენ. "გაბალაში" განსაკუთრებით გურბანოვს დავუმეგობრდი. მას ქართველ ფეხბურთელებთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

- ბაზაზე ცხოვრობთ?
- მთელი გუნდი ბაქოში ცხოვრობს, მათ შორის, მეც. აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში 90 პროცენტი ბაქოს გუნდები არიან. როდესაც საშინაო მატჩი გვაქვს,
ორი დღით ადრე გაბალაში მივდივართ და იქ ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ბაქოდან გაბალამდე სამი საათის სავალია.

- როგორ გაიხსენებთ აზერბაიჯანში პირველ გატანილ გოლს?
- დამიგვიანდა აზერბაიჯანში გოლის გატანა. ბურთი არ მქონდა გატანილი და თავისებურად განვიცდიდი, ძალიან მინდოდა გოლის გატანა. ბოლო ტურში "კეშლას" წინააღმდეგ მეტოქის კარი ავიღე. ძალიან გამიხარდა. ის მატჩი 2:1 მოვიგეთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სამეულისთვის.

- რა პოზიციაზე გიწევთ თამაში?
- თავდაპირველად, მარცხენა ფლანგიდან ვუტევდი. ახლა, რამდენიმე მატჩია მარჯვნივ გადმოვინაცვლე.

- "გაბალას" მიზანი სამეულში მოხვედრაა?
- ამ დროისთვის გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა ორი ქულით ჩამოვრჩებით "საბაილს". მიზანი სამეულში მოხვედრა და თასის მოპოვებაა. თასის გათამაშების ნახევარფინალში ვართ, სადაც "ყარაბახს" გავეჯიბრებით. 23 აპრილს ვმასპინძლობთ მეტოქეს, განმეორებითი შეხვედრა კი 1-ელ მაისს გველის.

- ქართულ ფეხბურთზე თუ გეკითხებიან აზერბაიჯანელები?
- კი, ვსაუბრობთ ხოლმე. აქ საკმაო ინფორმაციას ფლობენ ქართული ფეხბურთის შესახებ.

- "საბურთალოს" შესახებ რა იციან?
- რომ ჩამოვედი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი - ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ "საბურთალოს" შესახებ. თუმცა, შემხვდა რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც არ იყო ინფორმირებული.

ხშირად მეკითხებიან, თუ რას ვფიქრობ, ვინ გახდება საქართველოს ახალი ჩემპიონი. მეც ჩემს პოზიციას ვუფიქსირებ ხოლმე - "საბურთალო" ისევ გახდება საქართველოს ჩემპიონი, დანარჩენები მეორე და მესამე საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.

- ალბათ, შეძლებისდაგვარად უყურებთ "საბურთალოს" თამაშებს. რას იტყვით თქვენს ყოფილ კლუბზე?
- რვავე მატჩს მივადევნე თვალი. აშკარად ჩანს, რომ გაზრდილია "საბურთალო". "ჩიხურასთან" არ გამოუვიდა თამაში, დანარჩენ შეხვედრებში კარგად წარმოაჩინა თავი, "დინამოსთან" წაგებულ მატჩშიც კი. დედაქალაქურ დერბიში არ გაუმართლა "საბურთალოს". არადა, შეიძლებოდა იმ შეხვედრაში სასურველი მიზნის მიღწევა.

კლუბს შეუძლია ტიტულის შენარჩუნება. მჯერა და დიდი იმედი მაქვს, რომ "საბურთალო" კიდევ ერთხელ გახდება საქართველოს ჩემპიონი. მინდა, წარმატებები ვუსურვო როგორც ჩემპიონატში, ასევე თასსა და ევროტურნირებზე.

- საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებში რა სხვაობებს ხედავთ?
- საქართველოში ბევრად გახსნილ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, აზერბაიჯანში კი მატჩების უმეტესობა ჩაკეტილია, დაცვით ფეხბურთზეა აქცენტი გაკეთებული. შარშან, როდესაც "საბურთალოში" ვირიცხებოდი, ხშირად გუნდები სწორედ ასეთ სტილში გვეთამაშებოდნენ.

- საუბრის ბოლოს - თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- თავისუფალი დრო არც ისე ბევრი მაქვს. შემჭიდროებული გრაფიკიდან გამომდინარე, ვცდილობ, დავისვენო, რადგან მოვემზადო როგორც ოფიციალური მატჩებისთვის, ასევე ყოველდღიური ვარჯიშებისთვის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული